close
კვლევები

რა დრო სჭირდება ადამიანს მავნე ჩვევის „გადასაგდებად“?

 

ადამიანებს უამრავი ჩვევა გვაქვს, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ზოგიერთი მათგანი სასარგებლოა, მაგალითად, როგორიცაა სპორტდარბაზში სავარჯიშოდ სიარული, ზოგი კი, მათ შორის მოწევა, საზიანო.

როგორც წესი, ვცდილობთ, სასარგებლო ჩვევა გამოვიმუშაოთ, მავნეზე კი – უარი ვთქვათ. არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ჩვევის გამომუშავებისთვის, ან მისი „გადაგდებისთვის“ 21 დღე არის საჭირო.

თავდაპირველად ეს რიცხვი 1960 წელს გამოცემულ მაქსველ მალცის პოპულარულ წიგნში, სახელწოდებით „ფსიქო-კიბერნეტიკა”, გაჟღერდა.  მალცის პლასტიკური ქირურგის იყო, რომელმაც შეამჩნია, რომ მის პაციენტებს ახალ სახეებთან შეგუებისთვის 21 დღე სჭირდებოდათ.

თუმცა, 2009 წელს მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმადაც, ამა თუ იმ ჩვევის ჩამოყალიბებისთვის  ეს დრო ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის.

კვლევის ფარგლებში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა 96 ადამიანის ახალი ჩვევები 12 კვირის განმავლობაში შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ახალი ჩვევის გათავისებას, საშუალოდ, 66 დღე სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური დრო 18 – დან 254 დღემდე იცვლებოდა.

აქ მთავარი გზავნილი არის ის, რომ თუ გსურთ ახალი ჩვევის გამომუშავება, ამისთვის სამი კვირა საკმარისი შესაძლოა არ აღმოჩნდეს და მინიმუმ 2 თვე დაგჭირდეთ, რამაც არ უნდა შეგაშინოთ და მოტივაცია არ უნდა დაგაკარგვინოთ.

რაც შეეხება არასასურველი ჩვევის გადაგდგებას, აღმოჩნდა, რომ ეს ორი – ჩვევის ჩამოყალიბება და დარღვევა – საკმაოდ მჭიდრო კავშირშია. როგორც ფსიქოლოგი ტიმოთი პიჩილი განმარტავს, ეს ერთი და იგივე მონეტის ორი მხარეა: “ჩვევის მოშლა ნამდვილად ნიშნავს ახალი ჩვევის, ახალი დომინირებადი რეაქციის დამკვიდრებას. ძველი ჩვევა ან რეაგირების წესი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ნაკლებად დომინანტია (ნაკლებად ძლიერია) ”.

”გაცილებით ადვილია ახალი საქმის დაწყება, ვიდრე ჩვეული საქმის კეთების შეწყვეტა ჩანაცვლებითი ქცევის გარეშე. ეს არის ერთი მიზეზი, რის გამოც მოწევის შეწყვეტის დამხმარე საშუალებები, როგორიცაა ნიკოტინის საღეჭი რეზინი ან ინჰალატორები უფრო ეფექტურია, ვიდრე ნიკოტინის პლასტირი,“- აცხადებს ნეირომეცნიერი ელიოტ ბერკმანი.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ჩვევის გადაგდების ტიპიური ვადა არ არსებობს და მას პიროვნული თვისებები, მოტივაცია, გარემოებები და თავად ამ ჩვევის ხასიათის კომბინაცია განსაზღვრავს.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0