close
მსოფლიო

მსოფლიოს 12 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 100-მდე შემთხვევაა გამოვლენილი – ჯანმო

შემთხვევების ზრდას პროგნოზირებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 12 წევრ ქვეყანაში ინფექციური დაავადება „მაიმუნის ყვავილის“ 92 ლაბორატორიულად დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევაა გამოვლენილი, ამ დროისთვის სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
კერძოდ, „მაიმუნის ყვავილით“ დაინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია : საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, შვედეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ბელგიაში, აშშ-ში, ავსტრალიაში გაერთიანებულ სამეფოში და კანადაში. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყნები „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისთვის ენდემური ქვეყნები არ არიან.
ჯანმო-ში აცხადებენ, რომ არა-ენდემურ ქვეყნებში შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.
„მაიმუნის ყვავილი“ არის ვირუსული ზოონოზი (ვირუსი, რომელიც ადამიანზე გადადის ცხოველებიდან) სიმპტომებით, რომლებიც ძალიან ჰგავს  ჩუტყვავილას, თუმცა კლინიკურად ნაკლებად მძიმეა. ის გამოწვეულია „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსით.  ვირუსი პირველადად დანიის ლაბორატორიაში 1958 წელს აღმოაჩინეს. ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა კი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970 წელს გამოვლინდა, როცა „მაიმუნის ყვავილით“ ბავშვი დაინფიცირდა.
ვირუსი გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს დაზიანებებთან, რესპირატორულ წვეთებთან და დაბინძურებულ მასალებთან, შეხების გზით. „მაიმუნის ყვავილის“ ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 6-დან 13 დღემდეა, მაგრამ შეიძლება იყოს 5-დან 21 დღემდეც იყოს.
„მაიმუნის ყვავილი“  შეიძლება მძიმედ განვითარდეს ბავშვებში, ორსულებში ან ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის გამო დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში.
დაინფიცირებულ პირს აღენიშნება ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი სიმპტომი : თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ლიმფადენოპათია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება), წელის ტკივილი და ასთენია (სისუსტე).
„მაიმუნის ყვავილის“  ენდემური ქვეყნებია: ბენინი, კამერუნი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გაბონი, განა (იდენტიფიცირებული მხოლოდ ცხოველებში), კოტ-დ’ივუარი, ლიბერია, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა, სიერა ლეონე და სამხრეთ სუდანი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0