close
კვლევებიმედიცინა

მეცნიერი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გენეტიკურად მოდიფიცირებულ ადამიანს ვერ შექმნის

„ნათელი გვირაბის ბოლოს“- ასე აფასებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამტკიცებისა და ვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მეცნიერები, ექსპერტები. თუმცა კონსპირაციის თეორიებით დაბნეული საზოგადოების ნაწილი ვაქცინებს ეჭვით და შიშით უყურებს და აცრის გაკეთებას არ აპირებს.

სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ვაქცინას ადამიანის დნმ-ის შეცვლა და მისი „გენეტიკურად მოდიფიცირება“ შეუძლია. ამ კუთხით კი განსაკუთრებით „პოპულარული“ YouTube-ზე ატვირთული ექიმ ენდრიუ კაუფმანის ვიდეო იყო, რომელიც ამჟამად წაშლილია.

ვიდეოში კაუფმანი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ადამიანებში გენებს ცვლიან, რაც, პირველ რიგში, “ელექტროპორაციის” სახელწოდებით ცნობილი პროცედურის საშუალებით ხორციელდება, რომლის დროსაც ელექტროდენი ჩვენს უჯრედებში მცირე ხვრელებს წარმოქმნის, რაც დნმ-ს საშუალებას აძლევს, ჩვენს უჯრედებში შეაღწიოს. კაუფმანი ირწმუნება, რომ ვაქცინა, ისევე როგორც ბიოტექნოლოგიის შედეგები სოფლის მეურნეობაში, ადამიანებს “გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებად“ აქცევს.

დნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა – განსხვავებით “ჩვეულებრივი” ვაქცინებისგან, რომლებშიც მთელი პათოგენი ან ფრაგმენტი გამოიყენება, შეიცავს ვირუსის გენეტიკური კოდის  (დნმ-ის ან რნმ-ის) მცირე ნაწილის ინექციას პაციენტში იმუნური რეაქციის სტიმულირებისთვის მისი დაინფიცირების გარეშე.

ეს პროცედურა არ ქმნის გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს, რომელსაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) განმარტავს, როგორც ”ორგანიზმს, რომლის გენეტიკურ მასალაშიც ერთი ან მეტი გენი (ე.წ. ტრანსგენები) სხვა ორგანიზმიდან შეიყვანეს რეკომბინანტური დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენებით.”

კორნელის უნივერსიტეტის ალიანსის სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენელი მარკ ლინასი აცხადებს, რომ ადამიანის დნმ-ის გენეტიკურად შეცვალა არცერთ ვაქცინას შეუძლია.

”ეს მხოლოდ მითია, რომელიც ხშირად ვაქცინაციის მოწინააღმდეგე აქტივისტების მიერ განზრახ, დაბნეულობისა და უნდობლობის შექმნის მიზნით ვრცელდება. გენეტიკური მოდიფიკაცია გულისხმობს უცხო დნმ-ის მიზანმიმართულად შეყვანას ადამიანის უჯრედის ბირთვში და ვაქცინები ამას უბრალოდ არ აკეთებენ. ისინი წვრთიან იმუნურ სისტემას, იმისთვის, რომ ამოიცნოს პათოგენი, როდესაც ის სხეულის დაინფიცირებას ცდილობს – ეს ძირითადად ვირუსული ანტიგენების ან დასუსტებული ცოცხალი ვირუსების ინექციით ხდება, რომლებიც იმუნურ რეაქციას ანტისხეულების წარმოქმნით ასტიმულირებენ, ”- განმარტავს მეცნიერი.

მისი თქმით, დნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები არ ინტეგრირდებიან უჯრედის ბირთვში, ასე რომ, ეს არ არის გენეტიკური მოდიფიკაცია.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0