close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები – 2021 წელი ჩვეულებრივზე ხანმოკლე იქნება, ვინაიდან დედამიწის მოძრაობა აჩქარებულია

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბოლო დროს დედამიწა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მოძრაობს და ამან, შეიძლება “უარყოფითი ნახტომი წამის” საჭიროება გამოიწვიოს.

დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის მისი მდნარი ბირთვის მოძრაობა, ოკეანეები და ატმოსფერო.

ასტროფიზიკოსისა და მეცნიერების კომუნიკატორის გრეჰემ ჯონსისა და პლატფორმა Time and Date-ის წარმომადგენლის, კონსტანტინე ბიკოსის პროგნოზით, 2021 წლის საშუალო დღე სავარაუდოდ 0,05 მმ-ით (მილიწამი) ნაკლები იქნება 86,400 წამზე, რაც ჩვეულებრივ 24-საათიან პერიოდს შეადგენს.

„2021 წელი, სავარაუდოდ, ყველაზე მოკლე იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. საშუალო დღის ხანგრძლივობა 86 400 წამზე ნაკლები ბოლოს 1937 წელს იყო,“- აცხადებენ ჯონსი და ბიკოსი.

1972 წელს მიღწეული იქნა შეთანხმება უნივერსალური კოორდინირებული დროის (UTC) დამკვიდრებასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად გამოიყენება, როგორც მსოფლიო დროის ოფიციალური საზომი. UTC დრო იგივე საერთაშორისო ატომური დროა, მაგრამ როდესაც გრინვიჩის დროსთან განსხვავება 1 წამს არწევს, UTC სკალას ემატება 1 წამი, რომელსაც ეწოდება „ნახტომი წამი“ (leap second) . 1972 წლიდან 27 ნახტომი წამის დამატება გახდა საჭირო, თუმცა დედამიწის მოძრაობა აჩქარდა და 2016 წლიდან „ნახტომი წამის“ დამატება აღარ მომხდარა.

„თუ დედამიწის ბრუნვა კიდევ აჩქარდება, სრულიად შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს უარყოფითი ნახტომი წამი, მაგრამ ამის გადაჭრით თქმა ჯერ ძალიან ადრეა“, — ამბობს ფიზიკის ეროვნული ლაბორატორიის ფიზიკოსი პიტერ ვიბერლი.

ეს იმას ნიშნავს, რომ წამის დამატების ნაცვლად, შეიძლება საჭირო გახდეს მისი გამოკლება.

„ნახტომი წამს“ ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა ასტრონომია, ნავიგაცია, კოსმოსური ფრენა და კომპიუტერული ქსელები, ის, შეიძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0