close
კვლევები

კვლევა: დღეში თუნდაც 11 წუთის განმავლობაში ვარჯიშს ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს🏃

დღეში თუნდაც 11-წუთიანი აერობიკული აქტივობა კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი ახალ მასშტაბური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხის ცნობით, კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ გამოიყენეს 196 კვლევის მონაცემები, რომლებშიც ჯამში 30 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. მეცნიერები მათ საშუალოდ 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ექსპერიმენტის მონაწილეთა ნაწილი ფიზიკურ აქტივობას რეკომენდებულ დროს, კვირაში 150 წუთს, ანუ დღეში 22 წუთს უთმობდა. კვლევის არააქტიურ მონაწილეებთან შედარებით, ამ ადამიანებში ზოგადი გარდაცვალების რისკი 31%-ით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალების რისკი 29%-ით, კიბოთი გარდაცვალების რისკი კი 15%-ით დაბალი იყო. ამასთან, 27%-ით მცირე აღმოჩნდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი, კიბოს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანები ვარჯიშს რეკომენდებული დროის ნახევარს, ანუ დღეში 11 წუთს უთმობდნენ, ნაადრევი გარდაცვალების რისკი 23%-ით მცირე იყო. გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი ამ შემთხვევაში 17%-ით, კიბოსი კი 7%-ით მცირე იყო, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც საერთოდ არ ვარჯიშობდა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ აერობიკულ აქტივობებში მოიაზრება სიარული, ცეკვა, სირბილი, ცურვა და ველოსიპედით გადაადგილება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0