close
კვლევები

კვლევა – ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, შესაძლოა, ვირუსის მატარებლები და გამავრცელებლები იყვნენ

ადამიანებს, რომლებსაც კოვიდ 19-ი გადატანილი აქვთ, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი, დიდი ალბათობით, სულ მცირე 5 თვის განმავლობაში აქვთ, თუმცა არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მათ ვირუსის ტარება და გავრცელება მაინც შეუძლიათ, – ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში – SIREN-შია აღნიშნული.

კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, იმ ადამიანების რეინფიცირების შანსი, რომლებსაც კოვიდ 19-ის ანტისხეულები აქვთ, იშვიათია. კერძოდ, კვლევაში ჩართული 6 614 კოვიდგადატანილი პირიდან ხელმეორედ მხოლოდ 44 დაინფიცირდა, თუმცა ფაქტია, რომ 100 %-ით დაცული არავინაა და შესაბამისად, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დაინფიცირების რისკი არსებობს.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ იმ ადამიანების ყელსა და ცხვირში, რომლებსაც ე.წ. ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ, ანუ რომლებმაც ინფექცია უკვე გადაიტანეს, შესაძლოა კვლავ მოხვდეს ვირუსი და ადამიანებმა უნებლიედ გაავრცელონ ის.

ედინბურგის უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და ინფექციური დაავადებების პროფესორმა  ელინორ რაილიმ კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ამყარებს გზავნილს : ნებისმიერი ადამიანი სხვების დაინფიცირების პოტენციური წყაროა და ამიტომ, შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

წყარო :  reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0