close
ემიგრანტი

კესო მთავრიშვილი – საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ემიგრანტი, რომელიც ნიუ იორკში ტაქსის მძღოლად მუშაობს

საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზები ყოველი ადამიანის შემთხვევაში განსხვავებულია. განსხვავდება ის გზებიც, რომლებსაც ისინი მიზნის მისაღწევად გადიან და, შესაბამისად, შედეგებიც ინდივიდურია. კესო მთავრიშვილს აქვს საკუთარი ისტორია და მიზეზები, რომლებმაც ის დღევანდელ რეალობამდე მიიყვანა. როგორც ის „დოქტრინასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ძალიან ბედნიერია, რომ მიეცა საშუალება, ეცხოვრა ისეთ დიდებულ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.

„ამჟამად, ნიუ იორკში ვარ ტაქსის მძღოლი, ეს გადავწყვიტე იმიტომ, რომ აღნიშნული სამსახური შესაძლებლობას მაძლევს, დასვენების დღეები ავიღო მაშინ, როცა მინდა და ნებისმიერ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად წავიდე იქ, სადაც მინდა. ამ მოქნილი გრაფიკის გამო, გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ტაქსის მძღოლი და ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ვმოგზაურობ, ჯერჯერობით, მხოლოდ შტატების გარშემო. ჩემი ოცნებაა, მოვიარო მთელი მსოფლიო“, – ამბობს კესო და იმ გზაზე საუბრობს, რომელიც მან იქამდე გაიარა, სანამ ტაქსის მძღოლი გახდებოდა.

„აქამდე მოსვლა მარტივი არ ყოფილა. მანამდე იყო ძალიან ბევრი ისეთი სამსახური, რომლებზეც არ ვამბობდი უარს. ერთერთი მათგანი იყო ოჯახში მუშაობა – ბებიასთან ვიმუშავე 2 წელიწად-ნახევარს და სწორედ მაშინ, როდესაც დავტოვე ეს სამსახური და სხვა თვალით შევხედე რეალურ ცხოვრებას, დავფიქრდი, რა უნდა გამეკეთებინა და მივხვდი, რომ ჩარჩოებში ყოფნას ვეღარ ავიტანდი და გავხდი ტაქსის მძღოლი“.

რესპონდენტი გვიყვება, რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რამაც მან საქართველოს დატოვებისკენ უბიძგა.

„საქართველოში მე უკვე ვიყავი მაგისტრატურის სტუდენტი ხუთწლიანი გრაფიკით ჟურნალისტიკის განხრით. სამწუხაროდ,, მოხდა ისე, რომ აქ ცხოვრების განმავლობაში ჩემი კარიერული მიზნები ვერ განვახორციელე. ელემენტარულად, საკუთარი შემოსავალი არ მქონდა. როცა უკვე მაგისტრატურაზე ჩავირიცხე, სამსახური კი ისევ არ იყო და კიდევ სტაჟირებებზე უნდა მევლო, გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი ყველანაირ ზღვარს სცდებოდა. ერთ ღამეში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა დამეტოვებინა. რადგან ვიყავი სტუდენტი, ძალიან მარტივად ავიღე ამერიკის ვიზა“.

საუბრის ბოლოს, კესო მთავრიშვილი რჩევებს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და საჭიროება, საკუთარი მიზნები საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განახორციელონ.

„თუკი არსებობს რაიმე შესაძლებლობა, იქნებ, სამუშაო ვიზით ჩამოვიდნენ. ვიცი, რომ ეს არის იშვიათი შემთხვევა. ამიტომ, თუკი ეს შეუძლებელია, იმ ქვეყნის ენა მაინც უნდა ისწავლონ, რომელშიც მიდიან. შტატებში აუცილებელია, რომ ინგლისური იცოდეთ, რათა ძალიან არ გაგიჭირდეთ სამსაურის პოვნა. ასევე, ოცნებებში არ უნდა გადავეშვათ, რადგან ყველაფერი არც ისე მარტივად არის, როგორც ეს ჩანს, თუმცა, ამერიკის მიწაზე ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ოცნებები ახდეს. მე მესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა საიდანღაც მოვდივართ, ყველას ჩვენი წილი ადგილი გვაქვს დამკვიდრებული, მაგრამ ამერიკა არის ქვეყანა, სადაც ყველას თანაბარ პირობებში გვიწევს ცხოვრება. თავდაპირველად არ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ სამსახურები დავიწუნოთ. თუ ადამიანი ფსიქოლოგიურად მზად არ არის, მე მას ვურჩევ, რომ ჯერ მოემზადოს დაბრკოლებების გადასალახად. ამერიკა არის ზუსტად ის ქვეყანა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, ოცნებები აიხდინონ და ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში საზღვრები არ არსებობს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, მეცხოვრა ამ დიდებულ ქვეყანაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები საქართველოში“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response