close
ტექნოლოგიები

თეთრ სახლში ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები დაიბარეს და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკებისგან საზოგადოების დაცვისკენ მოუწოდეს

ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები თეთრ სახლში დაიბარეს და განუცხადეს, რომ მათ უნდა დაიცვან საზოგადოება იმ საფრთხისგან, რასაც ხელოვნური ინტელექტი (AI) ქმნის.
კერძოდ, კომპანია Google-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, სუნდარ პიჩაის, Microsoft-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს სატია ნადელასა და ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ს ხელმძღვანელს, სემ ალტმანს  უთხრეს, რომ მათი მორალური მოვალეობაა, საზოგადოება დაიცვან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ახალმა ტექნოლოგიამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობას და სამოქალაქო უფლებებს, თუმცა მას ასევე აქვს ცხოვრების გაუმჯობესების პოტენციალი აქვს. მისი თქმით, კერძო სექტორს ეთიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა უზრუნველყოს მათი პროდუქციის უსაფრთხოება.
თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ეროვნული სამეცნიერო ფონდი ხელოვნური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტების შესაქმნელად 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ბოლო პერიოდში გახშირდა მოწოდებები განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის დრამატული ზრდის უკეთესად დარეგულირების საჭიროებასთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკოსების, ისე ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერების მხრიდან.
რამდენიმე დღის წინ, ხელოვნური ინტელექტის “ნათლიად” წოდებულმა ჯეფრი ჰინტონმა Google-ი დატოვა და განაცხადა, რომ ნანობს მის მიერ შესრულებული სამუშაოს გამო. მან BBC-ს უთხრა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან დაკავშირებული საფრთხე საკმაოდ შემაშფოთებელია.
მანამდე, მარტში, მას შემდეგ, რაც სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა OpenAI-მა ChatGPT-ის ახალი ვერსია წარადგინა, სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის 1000-ზე მეტმა წარმომადგენელმა და მკვლევარმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც მოითხოვდა ექვსთვიანი მორატორიუმის დაწესებას ახალი სისტემების შემუშავებაზე, რადგან, ხელმომწერთა განცხადებით, AI ტექნოლოგიები „რისკებს უქმნის საზოგადოებას და კაცობრიობას“.
რამდენიმე დღის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასოციაციის
19-მა ამჟამინდელმა და ყოფილმა ლიდერმა, 40 წლის აკადემიურმა საზოგადოებამ, გაავრცელა საკუთარი წერილი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის რისკებზე იყო საუბარი. ხელმომწერთა ჯგუფში შედიოდა ერიკ ჰორვიცი, Microsoft-ის მთავარი მეცნიერი, რომელმაც OpenAI-ის ტექნოლოგია პროდუქციის ფართო სპექტრში, მათ შორის მის Bing საძიებო სისტემაში, გამოიყენა.

წყარო : BBC

გაზიარება:
fb-share-icon0