close
დედამიწაეკოლოგია

გაერო: დედამიწის ოზონის შრის აღდგენის გეგმა წარმატებით მუშაობს

დედამიწის ოზონის შრის სრულ აღდგენას 4 ათწლეული დასჭირდება. ასეთ დასკვნამდე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი მივიდა, რომელთა ანგარიშსაც BBC აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, აღნიშნულია, რომ მიმოქცევიდან ოზონის შრის დამაზიანებელი ქიმიკატების თითქმის 99%-ის ეტაპობრივმა გაყვანამ ოზონის შრის შენარჩუნების საშუალება მოგვცა. შედეგად, ადამიანზე მავნე ულტრაიისფერი სხივებს ზემოქმედება შემცირდა.

მოქმედი პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, ოზონის შრე 1980 წლის მაჩვენებელს ანტარქტიკის თავზე 2066 წლისთვის, არქტიკის თავზე 2045 წლამდე, მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებში კი 2040 წლამდე დაუბრუნდება.

„ის რომ ოზონის შრე აღდგენის გზაზეა ნამდვილად ფანტასტიკური ამბავია“ – განაცხადა გაეროს გარემოს პროგრამის აღმასრულებელმა მდივანმა მეგ სეკიმ.

ოზონის შრე დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია, რომელიც ბუნებრივ ეკრანს წარმოადგენს და პლანეტას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან იცავს. პირველი ხვრელი შრეში მეცნიერებმა 1985 წელს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 1000 კილომეტრს აღემატებოდა. ხვრელის წარმოქმნის ძირითად მიზეზად სპეციალისტებმა ფრეონის შემცველი ნივთიერებების მასობრივი გამოყენება მიიჩნიეს. ამიტომ 1987 წელს 46 სახელმწიფომ „მონრეალის პროტოკოლს“ მოაწერა ხელი, რომელიც მავნე ქიმიკატების გამოყენების აღმოფხვრას ითვალისწინებდა.

გაზიარება:
fb-share-icon0