close
მედიცინა

გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო

გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო და პირველი მოქალაქე, რომელიც კომპანიების, Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის მარგარეტ ქინანი გახდა.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი.

ფაქტს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი გამოეხმაურნენ.

ბორის ჯონსონმა მეცნიერებს, მედიკოსებს და მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანა პანდემიას ერთიანი ძალით დაძლევს.

„დღეს გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. მადლობას ვუხდი ჩვენს ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს, ყველა მეცნიერს, რომლებმაც ბევრი იმუშავეს ვაქცინის შესაქმნელად, ყველა მოხალისეს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც სხვების დასაცავად ყველა საჭირო წესს იცავს“, – განაცხადა ჯონსონმა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკმა კი მასობრივი იმუნიზაციის პროგრამის დაწყება „გვირაბის ბოლოს სინათლის“ გამოჩენას შეადარა.

გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს. კომპანიების ინფორმაციით, მათი ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია.

წყარო : BBC , The Guardian

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response