close
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა ახალი პლანეტარული სისტემის დაბადების გადაღება პირველად შეძლეს

ასტრონომებმა ახალი პლანეტარული სისტემის დაბადების გადაღება პირველად შეძლეს.

სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საერთაშორისო ასტრონომთა ჯგუფმა შეძლო ზუსტად დაედგინა ის მომენტი, როდესაც ვარსკვლავის ირგვლივ პლანეტების ფორმირება დაიწყო. ამისთვის მათ ჩილეში მდებარე ALMA-ის ტელესკოპისა და კოსმოსური ტელესკოპი James Webb გამოიყენეს.

ასტრონომების განცხადებით, მათ დააფიქსირეს ცხელ მინერალთა ნაწილაკები, რომლებიც მყარ მდგომარეობაში გადასვლას ახლახან იწყებდნენ. მათი თქმით, ეს პლანეტის ფორმირებისთვის საჭირო მასალის პირველი ნაწილაკებია. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა ვარსკვლავის ირგვლივ არსებული გაზის დისკო პლანეტური სისტემის ფორმირების პროცესის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

„პირველად, ჩვენ გამოვავლინეთ ყველაზე ადრეული მომენტი, როდესაც პლანეტის ფორმირება ვარსკვლავის ირგვლივ იწყება” – განაცხადა მელისა მაკლურმა, ლიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა, ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის (ESO) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასტრონომების ჰიპოთეზის მიხედვით, პლანეტები და მცირე ციური სხეულები, როგორიცაა ჩვენი მზის სისტემის ობიექტები, სავარაუდოდ ვარსკვლავის ირგვლივ არსებული ცხელი გაზებიდან გამკვრივებული ქვის მასალებისა და ვარსკვლავთშორისი სივრცის მყარ ნივთიერებათა შერწყმით წარმოიქმნა. თუმცა, მზის სისტემის ფორმირების ზუსტი პროცესი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

მკვლევრების განცხადებით, მათ იპოვეს მტკიცებულება იმისა, რომ ეს ცხელი მინერალები ახალგაზრდა ვარსკვლავის, ანუ პროტოვარსკვლავის, HOPS-315-ის ირგვლივ არსებულ დისკოში კონდენსაციას უკვე იწყებენ.

პროტოვარსკვლავი დედამიწიდან დაახლოებით 1,300 სინათლის წლით არის დაშორებული და ის ისე არის განლაგებული, რომ მისი შიდა გაზოვანი დისკოს პირდაპირი დაკვირვება შესაძლებელია. ერთი სინათლის წელიწადი დაახლოებით 9 ტრილიონ კილომეტრს უდრის.

მკვლევრების თქმით, ამ პროცესის დანახვა რთულია, რადგან პროტოვარსკვლავებისგან გამომავალი აირის ჭავლები ხშირად ფარავენ დისკოს ხედვას.

ასტრონომებმა შეძლეს გაერკვიათ, რომ მყარი ნაწილაკების კონდენსაცია იწყება გაცივებული გაზებიდან – ეს პლანეტის ფორმირების ე.წ. “ნულოვანი დროა”.

პროცესის დაკვირვებისას მათ ინფრაწითელი და მილიმეტრული ტალღები გამოიყენეს, როგორც დედამიწაზე განთავსებული, ისე კოსმოსური ტელესკოპებიდან. ისტორიაში ყველაზე ძლიერმა კოსმოსურმა ტელესკოპმა, Webb-ის ტელესკოპმა პროტოვარსკვლავის გარშემო არსებული მასალის ქიმიური შემადგენლობის ანალიზი შეძლო, რის შედეგადაც მკვლევრებმა კრისტალური სილიკატები აღმოაჩინეს. მათ თქმით, ეს პლანეტის ადრეული ფორმირების “ხელშესახები ნიშანია”.

ESO-ს მონაცემებით, ეს ქიმიური ნიშნები ვარსკვლავის ირგვლივ არსებული დისკოს მცირე რეგიონიდან მომდინარეობს, რომელიც ჩვენი მზის ირგვლივ ასტეროიდების სარტყლის ორბიტას შეესაბამება.

ეს აღმოჩენა არის პირველი შემთხვევა, როდესაც პლანეტარული სისტემა ასე ადრეულ ეტაპზე იქნა იდენტიფიცირებული.

მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა გვიხსნის ფანჯარას ჩვენი მზის სისტემის წარსულში, რადგან ახლად ფორმირებული სისტემა, დიდი ალბათობით, იმ პირობებს იმეორებს, რომლებიც ჩვენი პლანეტარული სისტემის დასაწყისში არსებობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0