close

მზე დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მომავალში ის ჩვენი პლანეტის სიკვდილში მთავარ როლს შეასრულებს. იქამდე კიდევ რამდენიმე მილიარდი წელია დარჩენილი, რაც ძალიან დიდი დროა, მაგრამ ეს, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდება.

სიცოცხლე აქ მანამ განადგურდება, სანამ მზე ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულს შთანთქავს. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ სახეობების უმეტესობა დაახლოებით 1.3 მილიარდ წელში გადაშენდება, რადგან დედამიწაზე მათთვის ხელსაყრელი პირობები აღარ იქნება. რაც შეეხება კაცობრიობას, თუ კლიმატის ცვლილებას ვერ შევაჩერებთ ან ბირთვულ ომს გავაჩაღებთ, დიდი დრო არც ჩვენ გვიწერია.

დავუბრუნდეთ მზეს. ეს ვარსკვლავი ევოლუციას განაგრძობს და დაახლოებით 4.5 მილიარდ წელში წითელ გიგანტად გადაიქცევა. შედეგად, ის გადიდდება და მის სიახლოვეში მოძრავ პლანეტებს შთანთქავს, მათ შორის დედამიწასაც.

წითელ გიგანტად გადაქცევა ნიშნავს, რომ იქ ბირთვული რეაქციებისთვის საჭირო წყალბადის მარაგი ამოიწურება, რითაც ვარსკვლავის სიკვდილის პროცესი დაიწყება. მძლავრი გრავიტაციის გამო მისი ბირთვი შეიკუმშება, რაც ტემპერატურას გაზრდის, პლაზმის გარეთა შრე კი გაფართოვდება.

ჩვენი პლანეტა ამ დროისთვის ისეთი მაინც აღარ იქნება, როგორიც ახლაა. მზის წითელ გიგანტად გადაქცევამდე დიდი ხნით ადრე ის გაუსაძლის მცხუნვარებას მიიღებს, რის გამოც, დიდი ალბათობით, ოკეანეები 2 მილიარდ წელში აორთქლდება, შემდეგ კი ატმოსფერო განადგურდება. ვარსკვლავის ე.წ. მოქცევითი ძალები პლანეტას, სავარაუდოდ, ნაწილებად დაშლის.

“დაახლოებით 1.3 მილიარდ წელში ადამიანები დედამიწაზე, ბუნებაში, ფიზიკურად ვეღარ გადარჩებიან”, — ამბობენ მეცნიერები.

მსგავს პირობებს შესაძლოა, მხოლოდ ისეთმა ორგანიზმებმა გაუძლონ, რომლებიც ამჟამად ოკეანეების ფსკერზე, ჰიდროთერმულ არხებში ბინადრობენ და მსგავს გარემოს შეჩვეულები არიან. მათგან განსხვავებით, ჩვენი სხეული სიცხეს ასე მარტივად ვერ უმკლავდება და ეგუება.

ტემპერატურის დასარეგულირებლად ოფლის გამოსაყოფად ამა თუ იმ ფაქტორის კომბინაციაა საჭირო, მათ შორის ქარის სიჩქარის, ტენიანობის, ღრუბლიანობის და ა.შ. ამ ერთობლიობას Wet-bulb temperature (WBT) ეწოდება და მისი მომაკვდინებელი ზღვარი 30 გრადუსი ცელსიუსია.

კლიმატური მოდელების მიხედვით, საუკუნის მიწურულს ამ ზღვარს ტემპერატურა შუა აღმოსავლეთის რეგიონში ხშირად გადალახავს. კერძოდ, მოსალოდნელია 35°C, რაც ოფლმდენი ცხოველებისთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. გამოდის, რომ შედარებით ახლო მომავალში, სანამ მზე თავისას იზამს, ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელში იქნება, ამიტომ კლიმატის ცვლილება როგორმე უნდა შევაჩეროთ.

წყარო : on.ge 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response