close
ატეგორიის გარეშე

ცხრა წლის ქართველი „მოცარტის” ამბავი და დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი კონცერტი

245567454

ცხრა წლის  პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს თავის პირველ კონცერტს, რომელსაც დედის ირინა სულხანიშვილის  ხსოვნას მიუძღვნის.

ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს! დღეს დავესწარი მის რეპეტიციას და სრულიად აღფრთოვანებული ვარ“ – ასე დაწერა ნიკოლოზ რაჭველმა პატარა გენიოსზე, რომლის ამ პოსტმაც და ვიდეომაც, სადაც პატარა ცოტნე უკრავს, სოციალურ ქსელებში პატარა ინტელექტუალურ-კულტურული შოკი მოახდინა.

ცოტნეს გამზრდელი ბებია, ქალბატონ ნინო მამრაძე.

ქალბატონო ნინო, როგორც გავიგე, ცოტნე ისე აღზარდეთ, რომ ბუნებრივი ნიჭი ჩარჩოში არ ჩასვით…

– დიახ, ის მხოლოდ ჩემთან იზრდებოდა, ასეთი იყო თავიდან, მაგრამ მისი შესაძლებლობები ჩარჩოში მართლაც არ ჩამისვამს. არ შეიძლებოდა, რომ მისი ფანტაზიებისთვის რაღაც ზიანი მიგვეყენებინა. მე მუსიკოსი ვარ და მუსიკაში მისი განვითარების პრინციპი კარგად მესმოდა. მივხვდი, რომ მისთვის მუსიკალური სკოლა არ შეიძლებოდა და ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის. ჩვენი ოჯახი არის აბდუშელიშვილების შტო, რომელმაც მუსიკალურ სამყაროს მისცა ელისო ვირსალაძე, დინი ვირსალაძე, მაკა ვირსალაძე… მამის ბაბუა, ელიზბარ ზედგინიძე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ჩემი ქალიშვილი, მისი გარდაცვლილი დედა ირინა სულხანიშვილი დიდი ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია. ცოტნეს ბაბუა, ნიკო სულხანიშვილის შვილიშვილი არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო.

როგორც ვხედავ, ასეთმა გენეტიკამ ცოტნეს „სხვა გზა არც დაუტოვა“…

– ჩემი და ბიოლოგია და ჯერ კიდევ როდის მითხრა, რომ ადამიანის გენები სხვადასხვანაირად ლაგდება, მაგრამ ცოტნეს შემთხვევაში ასეთი შეკვრა მოხდაო. ამ ამბავს მხოლოდ ახლა მივეცით საჯაროობა, აქამდე ასე ხმამაღლა არასოდეს გვითქვამს. მესმოდა, რომ მის ნიჭს უნდოდა ისეთი ფაქიზი მოპყრობა, რომ არ დამსხვრეულიყო და ბუნებრივადაც განვითარებულიყო. ამასთან, სწავლაც აუცილებელი იყო. ცოტნე სწავლობს სპეციალურ სკოლაში, ეს არის რობერტ შუმანის ცენტრი, რომელიც თავიდან გერმანულ-ინგლისურენოვანი სკოლა იყო. დღეს ქართულენოვანია, სადაც ბავშვები ორივე ენას სწავლობენ. მისი ხელმძღვანელი ორი არაჩვეულებრივი ქალბატონია – დიდი ვანო სარაჯიშვილის შთამომავალი თამარ სარაჯიშვილი და მარინა ანდრონიკაშვილი. ისინი ყოველმხრივ გვეხმარებიან იმაში, რომ ცოტნეს განვითარება სწორი გზით წარიმართოს. მას ფანტაზიის განვითარებისთვის დრო და ასპარეზი სჭირდება და მათ ამაში ძალიან შეგვიწყვეს ხელი.

თვითონ როგორი ბავშვია, აქტიური თუ მშვიდი?

– ცოტნე ძალიან ცელქი ბავშვია და თავის პატარა დაიკოსთან ერთად უყვარს ხოლმე პატარა გიჟობები. აქვს კარგი იუმორი და ხალისიანია. უყვარს შექსპირის მიხედვით დადგმული დრამები. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთი წლის იყო. მაშინ მივხვდით, რომ ბავშვი მუსიკისადმია მიდრეკილი. ერთი წლის ასაკში მან ოპერის მოსმენა დაიწყო. ორი წლის იყო, როცა მეუბნებოდა, რომ ახლა აქ, ამ ადგილზე მუსიკაში ვიოლინოები შევლენო. მასთან მუშაობა ნორმალურ ასაკში დავიწყეთ, არანაირი ვუნდერკინდი არ მინდოდა მისგან გამოსულიყო.

არ გინდოდათ, მაგრამ მაინც ფაქტია, მიიღეთ…

– მე აკადემიური სფეროდან ვარ, მოსკოვის კონსერვატორია მაქვს ფრიადზე დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური განათლება მაქვს, ამავე დროს აბსოლუტურად ღია ვარ ნოვაციებისთვის, რაც გამოვლინდა კიდეც ჩემი ნიჭიერთა ათწლედის დირექტორად ყოფნის პერიოდში. როგორც მის ბუნებას უნდოდა, მეც იმას გავყევი. ცოტნეს და მის დაიკოს მე სულ გვერდზე ვყავარ, ისინი დაბადებიდან ჩემთან იზრდებიან. ჩემი ქალიშვილის დაღუპვის მერე უკვე ხუთი წელიწადია გასული. ირინა 36 წლის იყო…

უკაცრავად… რით დაიღუპა ცოტნეს დედა?

– უცებ დაიღუპა… სამსახურის მერე მისი მეუღლის სახლში შეიარა, იქიდან დამირეკეს, რომ ცუდად გახდა და გონს ვერ მოვიდაო. როგორც გვითხრეს, ეს იყო ფილტვების და გულის უეცარი გასკდომა. სიმართლე გითხრათ, სამედიცინო დასკვნა არ წამიკითხავს, ის ჩემ სიძეს აქვს. ამ ამბამდე ერთი დღით ადრე ცოტნეს დას, რომელსაც ჩემი სახელი დაარქვა, დაბადების დღე გადაუხადა. იქიდან დამირეკა და მითხრა, არაჩვეულებრივი დაბადების დღე იყოო, ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი…

ცოტნეს ახსოვს დედა?

– ძალიან კარგად ახსოვს ყველაფერი, რადგან ირინა რომ გარდაიცვალა, ცოტნე ხუთი წლის და შვიდი თვის იყო. ძალიან უხაროდა ცოტნეს ნიჭი, სულ ამბობდა, იქნებ მართლა დაუკრასო. არასოდეს იძინებდა ისე, რომ სამი კლასიკური ნაწარმოები მაინც არ მოესმინა. მან კაიროში ამერიკული უნივერსიტეტი დაამთავრა და ბრწყინვალედ ფლობდა გერმანულ ენას, ეს ჩვენ ოჯახში ტრადიცია იყო. მხოლოდ მე არ გავამართლე. ჩემმა ძმამ პეტრე მამრაძემ რვა ენა იცის.

ხვალ ცოტნეს პირველი კონცერტია…

– დიახ, ეს კონცერტი ტარდება ილიაუნში, სადაც ცოტნეს დედა მუშაობდა. ის ილიაუნის საგარეო საქმეთა სამსახურის უფროსი იყო. ირინას დამსახურებით ევროპის ბევრ უნივერსიტეტთან დაიდო მემორანდუმი. სიმბოლურია, რომ პირველი კონცერტი ცოტნეს დედის ხსოვნას მიეძღვნება და სწორედ ილიაუნში ჩატარდება. დარწმუნებული ვარ, რომ მის მოსასმენად ბევრი ადამიანი მოვა…

წყარო :  sputnik-georgia.com

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2