close
არქიტექტურა/დიზაინიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

Spectrum-ი – გუნდი, რომლის მიზანია, გაალამაზოს ,,ბეტონის უდაბნოები”  გრიფიტის საშუალებით

 Spectrum-ი – ასე ჰქვია გუნდს, რომელმაც კონკურსის, Social Impact Award-ის, ფარგლებში წარმოადგინა პროექტი, რათა ახალგაზრდა ხელოვანებს მიეცეთ განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა, ხოლო ქალაქი – ,,გაფერადდეს”.

გუნდში ოთხი წევრია: ლიზა ქართველიშვილი, ბუბა დავლიანიძე, კრისტი ნაჭყებია და თორნიკე პეტრიაშვილი. პროფესიის მიუხედავად, ოთხივეს დიდი ინტერესი და სიყვარული აკავშირებს ხელოვნებასთან, შესაბამისად, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მათი პროექტის წარმატებისა და განვითარების.

,,თბილისსა თუ სხვა ქალაქებში ვხვდებით ბეტონის უდაბნოებივით გარეუბნებს, რომელთაც არანაირი ესთეტიკური ღირებულება არ აქვთ. სახელმწიფოს კი არ გააჩნია რესურსები ამ პრობლების მოსაგვარებლად. გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის ცუდი ვიზუალი მოქმედებს ყველა ადამიანზე, ამასთანავე, ქმნის ბიზნესისთვის არამიმზიდველ გარემოს. ამის გამო კონცენტრირება გვხვდება ძირითადად ქალაქის ცენტრზე, გარეუბნები კი არ ვითარდება. ჩვენ ვცდილობთ, ეს პრობლემები დავუკავშიროთ და ერთმანეთის საშუალებით გამოვასწოროთ. კერძოდ, ვიპოვოთ მხატვრები, რომელთაც მოვამარაგებთ საღებავი რესურსებით, ვიშუამდგომლოთ მერიასთან მათი ნამუშევრების ლეგალიზაციასთან მიმართებით, ყველანაირად მივცეთ საშუალება საკუთარი თავის რეალიზებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ. მეორე მხრივ კი, ვიშუამდგომლოთ საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასთან, რათა გავითვალისწინოთ მათი აზრი იმისთვის, რომ ოპტიმალურად დავარეგულიროთ ორივე მხარის მოთხოვნები საერთო კეთილდღეობის მისაღწევად” – აღნიშნავს გუნდის წევრი – თორნიკე პეტრიაშვილი.

გუნდმა ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით მიაღწია დასახულ მიზანს და მოხვდა შვიდ ფინალისტს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში არაერთი პრობლემა წარმოიშვა, მათ მოახერხეს მოლაპარაკება სხვადასხვა უწყებასთან კონკურსის ორგანიზატორების – ქეთევან ებანოიძისა და ელენე ჟვანიას – დახმარებით.

,,ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი სტარტაპროექტებით. ზამთრის არდადეგებისას ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი Impact Hub-ის workshop-ების სერიას სოციალურ ბიზნესებზე, რამაც დამაინტერესა, რადგან მანამდე დეტალურ ინფორმაციას ვფლობდი მათზე. ვინაიდან უნივერსიტეტისგან ვისვენებდი და დროც მქონდა, გადავწყვიტე, გამომეყენებინა ეს შანსი და სრულიად უფასოდ გამევლო ვორქშოფის სამდღიანი სერია, რამაც ნამდვილად გაამართლა. ბიზნესიდეა სწორედ აქ დამებადა Brainstorming-ის დროს. გამიმართლა, რომ ამავე Workshop-ზე სრულებით შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი მეგობარი -თორნიკე პეტრიაშვილი – რომელსაც მაშინვე გავანდე იდეა და გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა მის დახვეწასა და ამუშავებაზე. Workshop-ზე მიღებული რჩევებით და ცოდნით შექმენით ბიზნესმოდელი, მაგრამ მივხვდით, რომ 2 ადამიანის სურვილი და მონდომება ვერ ეყოფოდა პროექტს, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, დაგვემატებინა 2 ახალი წევრი – ცოტნე დავლიანიძე და ქრისტი ნაჭყებია”- აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი – ლიზა ქართველიშვილი.

გუნდი ახლო მომავალში რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელსაც სოციალური სახე ექნება. გუნდის წევრების მიზანია, რაც შეიძლება მეტ გრაფიტისტს დაუკავშირდნენ, მოიპოვონ დაფინანსება და საზოგადოების ინტერესი.

გუნდის მხარდასაჭერად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid