close
საქართველო

„Slow Pulse Group-ი“ ქართველი ხელოვანების მრავალპროფილური პროექტი

 

საქართველოში არც ისე ცოტა ხელოვანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულ და ხარისხიან პროდუქტს ქმნის, თუმცა არსებობენ ისეთებიც რომელთა სამუშაოც არ შემოიფარგლება მხოლოდ რაიმე კონკრეტული მიმართულებით და მრავალ სფეროში ახერხებენ საკუთარი ხედვის წარმატებით წარმოჩენას – სწორედ ასეთი გახლავთ ,,Slow Pulse Group-ი“, ორი ახალგაზრდის – მარიამ იაკობაშვილისა და გიორგი ყარალაშვილის პროექტი, რომლის შესახებაც მარიამს გავესაუბრეთ.

,,Slow Pulse-ი“ უკვე მეშვიდე წელია რაც არსებობს, გუნდის წევრები პროფესიით კინომხატვრები არიან. თავდაპირველად ახალგაზრდები  ძირითადად  ფილმებსა და სარეკლამო კლიპებზე მუშაობდნენ,  ქმნიდნენ დეკორაციებს, ესკიზებს, ბუტაფორიებს, ილუსტრაციებსა და ა.შ., შემდეგ კი გადაწყვიტეს ამ ყველაფრისთვის უფრო ორგანიზებული სახე მიეცათ და სწორედ ასე გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეაც. ნელ-ნელა საქმიანობის სფეროც უფრო მრავალფეროვანი გახდა და ამჟამად „Slow Pulse-ი“ ინტერიერის დიზაინზე, კედლის მხატვრობაზე (სტენსილი, გრაფიტი), ასევე სხვადასხვა ღონისძიების ვიზუალურ გაფორმებაზეც ზრუნავს.

„Slow Pulse-ის“ სახელით მეგობრებს უკვე არაერთი პროექტი აქვთ შექმნილი, მათ შორისაა რეჟისორ გიორგი გოგიჩაიშვილის და დავით აბრამიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“. ასევე, გიგა ბაინდურაშვილის ფილმი „გაბანა“ რომელსაც მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს. მეგობრებმა იმუშავეს რეზო ესაძის ფილმზე „თვე როგორც ერთი დღე“ რომელიც წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის გამარჯვებული გახდა და მასზე მუშაობა ახალგაზრდებისთვის პროფესიული თვალსაზრისით ერთ-ერთი უდიდესი გამოცდილება გახდა. დიზაინის მიმართულებით კი, აღსანიშნავია მათ მიერ, ორი წლის წინ შექმნილი თბილისი ცენტრალის „Food court-ი“.

გასული წლის ნოემბერში მარიამმა და გიორგიმ გააკეთეს გამოფენა „City stories“, რაზეც მარიამი თავად გვესაუბრა – „ეს გახლავთ  ნამუშევრები ქალაქზე, სივრცეზე, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც ისეთი სისწრაფით იცვლება ჩვენ თვალწინ, რომ დამახსოვრებასაც ვერ ვასწრებთ, მისი მომავალი კი უკვე მისტიური და ამოუხსნელია, ეს გამოფენა დასაწყისია დიდი პროექტის, რომელზე მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ცოტა ხანში სიახლეებიც გვექნება“.

ამჟამად მეგობრების ახალი წამოწყება “Slow Pulse Shop-ია“, რომელშიც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები პრინტების სახით გადაიტანეს ნივთებსა და ტანსაცმელზე, ახალი ბიზნესი, როგორც მარიამმა აღნიშნა, საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზებაშიც დაეხმარებათ – ,,გვინდოდა ეს ყველაფერი რაღაც დონეზე სინთეზი ყოფილიყო იმ ინტერესების და გამოცდილების რაც წლების განმავლობაში გაგვიჩნდა და დაგვიგროვდა,“ – აღნიშნავს ის.

ამ ეტაპზე ,,Slow Pulse Shop-ი“ აერთიანებს  ჩანთებს, ქურთუკებს, ორგმინის გეომეტრიულ სამკაულებს, მაისურებს, სტიკერებსა და კოსტერებს, მეგობრებმა აღნიშნული პროდუქცია ბერლინის „Raw Flomarkt-ზეც“ გაიტანეს, სადაც მათ საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურეს.

ჯერჯერობით პროექტი საპილოტე რეჟიმშია და ახალგაზრდები  ინტერნეტგაყიდვებითა  და ფესტივალებით შემოიფარგლებიან, ამავდროულად ცდილობენ დახვეწონ იდეები, მასალა და ტექნოლოგია, რათა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე შემოგვთავაზონ.
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ კომპანიის მისამართებს:

https://www.behance.net/slowpulsegroup

https://www.facebook.com/SlowPulseGroup/

https://www.instagram.com/slowpulse/?hl=en

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld