close

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შატილში 1 წლის წინ ჩამოშლილი მე-6 კოშკის რეაბილიტაცია დაასრულა. 

ჩამოშლილი კედლის აღდგენაზე კონტრაქტორი ფირმის სეციალისტები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მუშაობდნენ.

კოშკის დაზიანებული ფასადი კვლავ ავთენტური ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგა, რასაც წინ უძღოდა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული აღდგენითი სამუშაოების წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი. 2017-2018 წელს სააგენტოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში, დაზიანებული კოშკი მთლიანად გაიწმინდა ნაშალი ქვისა და ჩახერგილობისაგან. რესტავრატორების მიერ დაიშალა კოშკის დაზიანებული კედელი, ჩამოყრილი ქვები კი გადაირჩა და დასაწყობდა.

ნადენი წყლისგან დაზიანებული საძირკვლის გრუნტი დამუშავდა, სადაც მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველი მოწყო. ჩამოშლილი კედლები თანაბარწილად აღდგა ახალი და ძველი სიპი ფლეთილი ქვების გამოყენებით. ახლად მოეწყო ხის სართულშუა გადახურვა. აღდგა კოშკის ხის კიბე, ბაქანი და მოაჯირები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნის თანახმად, შატილში 1 წლის წინ კოშკის ჩამოშლის მიზეზი მეზობლად მდებარე კოშკის სახურავის სადინარი მილი გახდა, რომლიდან ნადენი ნალექი მის საძირკველზე იყო მიმართული.ჩამოშლილი კოშკის აღდგენის მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოფ. შატილის მცხოვრებლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და მათი მოვლა-პატრონობის საქმეში სათანადო ინიციატივის გამოჩენას სთხოვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid