close
საქართველო

საქართველოში სიმინდის ზეთის წარმოება იწყება

„საპარტნიორო ფონდის“ და კომპანია „ქარვა კოლხურის“ ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება.

ქართული სიმინდის ზეთი „ქარვა“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონი დოლარია.

ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა აშენდა. საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ტექნიკით აღიჭურვა.

ქარხნის წარმოების ხაზისა და ტექნიკით აღჭურვის პროცესი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთისგუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

საწარმო დღეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებას შეძლებს და სრული წარმადობის შემთხვევაში, თვეში 100 ტონა სიმინდის ზეთს გამოუშვებს. ზეთის წარმოება ადგილობრივი ნედლეულით მოხდება.

საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. ISO სერტიფიკატის აღების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გავა.

კომპანიას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი ექნება: სიმინდის ზეთი, კოპტონი და სიმინდის გულგამოცლილი მარცვალი.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაარსდა მეორე კომპნია – ,,კოლხური“, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით მოამარაგებს.

კომპანია ,,კოლხური“მაქსიმალური ეფექტურობისთვის მინიმალური დანაკარგებით იმუშავებს და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი რამდენიმე დასახელების ცხოველური საკვები პროდუქტის წარმოებას გეგმავს. საწარმოებში ჯამში 120-ზე მეტი ადგილობრვი დასაქმდება.

გაზიარება:
fb-share-icon0