close
საქართველო

სამი ქართველი ახალგაზრდის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა Big Idea Challenge-ის გამარჯვებული გახდა

ბრიტანეთის საბჭომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შემოქმედებითი ნაპერწკლის კონკურსის – „Big Idea Challenge” ნაციონალური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი სამ კატეგორიას აერთიანებდა – ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი იდეები. დასკვნით ღონისძიებაზე 3 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიის საპრიზო ადგილი სამი ახალგაზრდის – ლევან ტყემალაძის, გიორგი შეშაბერიძისა და დავით პაიჭაძის მიერ შექმნილმა პროექტმა დაიკავა, რომლის მიზანიც ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნაა. იდეის შესახებ „მემინდას“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ტყემალაძე გვიამბობს.

-ლევან, დეტალურად აღგვიწერეთ პროექტი, რა არის ის, რამაც პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულის ტიტული მოგიტანათ?
-ჩვენ ყველანი მომხმარებლები ვართ, რა თქმა უნდა კარგია, როცა გვაქვს ისეთი ონლაინ სავაჭრო სივრცეები, როგორებიცაა „ამაზონი“, „იბეი“ ან „ალიბაბა“, მაგრამ გარკვეულ ნივთებს ინტერნეტით მარტივად ვერ შეუკვეთავ. სწორად ასეთი რამეებისთვის არის „მემინდა“, ესენია ნივთები და სერვისები, რომელთა მისაღებადაც საჭიროა რთული საძიებო სამუშაოების ჩატარება, სათითაოდ ყველა მომწოდებელთან კომუნიკაცია, შემდგომ სხვა შემოთავაზებებთან შედარება და ბოლოს უკვე, არჩევანის გაკეთება.
ჩვენ ვთვლით, რომ უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც უბრალოდ დააფიქსირებ მოთხოვნას და მიიღებ ყველა შესაძლო შემოთავაზებას მასთან დაკავშირებით, რომლებიდანაც შენ უბრალოდ აირჩევ საუკეთესოს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია ცდილობს მოერგოს თანამედროვე სამყაროს, კლიენტებთან ინტერაქციის ძირითადი პრინციპი რჩება უცვლელი. მომხმარებლები იძულებულნი არიან მოიძიონ სასურველი რამ, კომპანიები კი, არიან უზომოდ დიდი ფულს ხარჯავენ კვლევებსა და რეკლამებზე. ჩვენ ინტერაქციის ეს პრინციპი აბსურდულად მიგვაჩნია და ვთვლით, რომ მოთხოვნაზე ორიენტირებული სავაჭრო სივრცის დრო დადგა. ეს არის ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ბაზარმა უნდა განიცადოს.
ჩვენს პლატფორმას აქვს საშუალება დაასაქმოს ნებისმიერი მსურველი, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს. იმისათვის რომ „მემინდა“ იყოს ჭეშმარიტად სასარგებლო ნებისმიერი მოთხოვნისთვის, ჩვენ შევქმენით „ჯინების“ ვაკანსია. ჯინების მოვალეობაა, საკომისიოს სანაცვლოდ მოიძიოს შემსრულებლები მომხმარებლების ყველაზე უნიკალური მოთხოვნებისთვის.
-როგორ ფიქრობთ, რამდენად იქონიებს თქვენი პროდუქტი გავლენას ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე?
-თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვერ ვისაუბრებთ მდგრადობასა და ეფექტურობაზე, როდესაც ყოველწლიურად უამრავი რესურსი იხარჯება არამიზნობრივად. ჩვენი დახმარებით ყველაზე მცირე მეწარმეებსა და ინდივიდებსაც ექნებათ საშუალება დაიმკვიდრონ ადგილი ბაზარზე, მიიღონ ინფორმაცია მათი სერვისების მოთხოვნაზე და ექნებათ საშუალება შესთავაზონ ისინი მომხმარებლებს ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
სტატისტიკურად, 2 მილიარდი ადამიანი იყენებს ინტერნეტს სავაჭრო მიზნებისთვის, ჩვენი პლატფორმა არა მარტო ცვლის მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის ინტერაქციის პრინციპს არსებული ინდუსტრიებისთვის, არამედ ქმნის შეუზღუდავი რაოდენობის ახალ კატეგორიებს, რადგან აქ შესაძლებელია მოითხოვო რაც შენ გინდა და დაე, ბაზარი მოერგოს შენს სურვილებს!
-საინტერესოა, როდის გადაწყვიტეთ სწორედ ამ მიმართულებით გადაგედგათ ერთობლივი, ქმედითუნარიანი ნაბიჯები?
-ჩემი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, საჭირო პროდუქტების მოძიებისას ხშირად ვაწყდებოდი დაბრკოლებებს და სწორედ ასე შეიქმნა პლატფორმის იდეაც. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ იდეის განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის თითოეულ წევრს, მე როგორც არა-დეველოპერს, ძალიან გამიმართლა, რომ გავიცანი და დავმეგობრდი ამ შესანიშნავ და საკუთარი საქმის მცოდნე ნიჭიერ ახალგაზრდებთან.
-დაბოლოს, გამარჯვებულები თავიანთი იდეების განსავითარებლად მიიღებენ მენტორებისა და მარკეტერების დახმარების პაკეტებს. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-კომერციული პოტენციალის გამო დარწმუნებულები ვართ რომ ჩვენი პროექტი გამოიკვეთება უმრავლესობა სტარტაპებისგან „ფურცელზე“, და ერთადერთი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამოვიწვიოთ ინტერესი მომავალი ინვესტორების მხრიდან არის ის რომ გავამართლოთ მოლოდინი და გავამყაროთ ფურცელზე მოცემული ციფრები. ეს ზუსტად ისაა, რასაც მოხმარდება ყველა ის დახმარება თუ გრანტი რასაც ამ ან და სხვა პროექტში მოვიპოვებთ.

გაზიარება:
fb-share-icon0