close
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

როგორ დავიწყოთ ბიზნესი უნივერსიტეტში? – ილიაუნის სტუდენტები უნიკალურ ქართულ ხის საათებს დაამზადებენ

მარიამ შერეშაშვილი და ალექსანდრე ლაშაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მე-3 კურსის სტუდენტები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, უნივერსიტეტის სასწავლო კურსის ფარგლებში თეორიულად წარმოქმნილი ინოვაციური იდეები პრაქტიკულად განეხორციელებინათ და შეექმნათ უნიკალური დიზაინისა თუ ფუნქციების მქონე, ქართული წარმოების ხის საათები, იდეის განხორციელების პრაქტიკულ მიზნებზე ახალგაზრდა ინოვატორები თავად გვესაუბრებიან.

-უპირველეს ყოვლისა, მოგივყევით როდის გადაწყვიტეთ, რომ შეგემუშავებინათ საათების უნიკალური, ქართული დიზაინი?

ალექსანდრე: უშუალოდ იდეა ორი წლის წინ დაგვებადა, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის საფუძვლების საგნის ფარგლებში, ვინაიდან მაშინ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა ამდენად კონკურენტული ხის საათების ანალოგი. ბიზნესის დაწყება მხოლოდ იდეის შემუშავებით არ მთავრდება, მნიშვნელოვანია თუ რამდენად შეგიძლია მისი მართვა რისკიან პირობებში, შესაბამისად, ჩვენი იდეა მოვარგეთ მრავალ სფეროს და მარკეტინგის საფუძვლების კურსის ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ პროდუქტი უნდა იყოს მომხმარებლის საჭროებებიდან გამომდინარე შექმნილი, ამიტომ საათს დავუმატეთ რამდენიმე განმასხვავებელი ფუნქციაც. სწორედ ეს არის ის ნიშა, რაც ჩვენს საათებს მატებს მეტ ინდივიდუალიზმს.

მარიამი: როგორც ალექსანდრემ აღნიშნა, ბიზნესის საფუძვლები გახლდათ ის კურსი, სადაც ლექტორი ორიენტირებული იყო ინოვაციური იდეის შექმნაზე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ, კვლავ ილიაუნის ორგანიზატორობით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშიც გავიარეთ მცირე ექსკურსი საწარმოო დანადგარების მუშაობის შესახებ  და გავარეთ კონსულტაცია ფაბლაბშიც, რათა მიგვეღო კონსულტაცია იმ პროცესისა და დეტალების შესახებ, რომელიც პროდუქტის სასიცოცხლო ციკლს აქვს გასავლელი.

-ულამაზესი ხის დიზაინის გარდა, რა კონკრეტული მახასიათებლები ექნება თქვენს საათს?

ალექსანდრე:  ჩვენს საათებში ჩაშენებული იქნება ტრანზაქციის, პულსის საზომი და მეხსიერების ბარათის ფუნქცია. იქედან გამომდინარე, რომ ხშირად დისკომფორტს გვიქმნის საკრედიტო თუ სადებეტო ბარათების მოძიება ჩანთაში, საათი გაგიმარტივებთ ამ პროცესს და შეგეძლებათ ერთგვარად  „მაჯით ატაროთ საფულე“. პულსის საზომის შემთხვევაში, საათის მომხმარებელია სპორტით დაინტერესებული ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აწუხებს გულისცემის დისბალანსი. მეხსიერების ბარათის ფუნქცია კი მომხმარებლის იმ პრობლემიდანა გამომდინარეობს, რომ თავიდან ავიცილოთ მეხსიერების ბარათის დაკარგვა ან სხვა მსგავსი არასასიამოვნო შემთხვევები.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სტილს, ჩვენ გამოვიყენებთ გრავირების დანადგარის ფუნქციას, რომელიც მომხმარებლის სურვილისამებრ საათს შესძენს ინიციალების იმ კომბინაციას, რაც მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება. ხის საათების რამდენიმე უცხოური ანალოგი არსებობს, თუმცა მიმდინარე ფუნქციებით დატვირთული საათის ანალოგი ბაზრის კვლევისას არ შეგვხვედრია. გამონაკლისია პულსის საზომის შემთხვევაში ეიფლის და სხვა ბრენდის საათები.

რა სამომავლო გეგმები გაქთ სტარტაპის იდეასთან დაკავშირებით, როგორ აპირებთ საჭირო ფინანსების მოძიებას?

მარიამი: ჯერჯერობით, არცერთი ბიზნესპროექტში არ მიგვიღია მონაწილეობა, ახლა კი, მივიჩნევთ, რომ იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც ცოდნის რეალიზება პრაქტიკაში მეტად ხელსაყრელია. ვვარაუდობთ, რომ ,,სტარტაპ საქართველო” ამ მიზნისთვის შესაბამისი ვარიანტია, ველით იმასაც, რომ ბანკები გამოიჩენენ შესაბამის ინტერესს, ვინაიდან ტრანზაქციის შესრულებასთან ახლო მდგომი სერვისი, ვფიქრობთ, მათთვის მეტად საინტერესოა იქნება. პროექტზე უწყვეტად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს გვექნება ხელშემწყობი პირობები, რომ საკუთარი იდეა ქართულ ბაზარს მოვარგოთ და რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგარზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid