close
საქართველოტრანსპორტი

როდიდან ამოქმედდება მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი”?

 მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის” სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგურის მშენებლობა 1985 წელს დაიწყო, უნდა გახსნილიყო 1995 წელს, თუმცა, 90-იან წლებში არსებული რთული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო, 1993 წელს მასშტაბური პროექტი შეჩერდა. სადგურ ,,სახელმწიფო უნივერსიტეტის” მშენებლობა 2015 წელს განახლდა. სადგური ერთთაღოვანია. პროექტს ,,აზიის განვითარების ფონდი” აფინანსებს. ღირებულება 83 000 670 ლარს შეადგენს შეადგენს.

მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტს” ოთხი ამოსასვლელი ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე. მეტროსადგურს აქვს ერთადერთი საევაკუაციო გვირაბი საქართველოში, რომლის სიგრძეც 280 მეტრია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ,,დოქტრინასთან” საუბრისას განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია და მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი” ექსპლუატაციაში შემოდგომიდან შევა, თუმცა ზუსტ თარიღს ამ ეტაპზე არ ასახელებენ. ,,უნივერსიტეტის” გახსნა გაამარტივებს მოძრაობას, რადგან ,,ვაჟა-ფშაველას” ორივე გვირაბი სრულიად დაიტვირთება, ერთლიანდაგიანი მოძრაობა გაუქმდება და, შესაბამისად, მგზავრები მარტივად შეძლებენ გადაადგილებას გადაჯდომის გარეშე, რაც, თავისთავად, დაზოგავს დროს.

როგორც ცნობილია, მეტრო ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამ საკითხის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ,,დოქტრინასთან” განაცხადეს, რომ, საწყის ეტაპზე, 10 სადგური ადაპტირდება, დანარჩენი კი ეტაპობრივად დაემატება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მეტროპოლიტენი ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით  მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ. ხაზების საერთო საშუალო საექსპლუატაციო სიგრძეა 26.4 კმ. ცალკე აღებული ლიანდაგების მიხედვით, გვირაბების საერთო სიგრძეა – 53.7 კმ, ღია უბნების – 3.6 კმ, ხოლო დეპოების და ჩიხების – 5.2 კმ-ია.

ათეულობით წლის კონსერვაციის შემდეგ, მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი” 2017 წლის შემოდგომიდან შევა ექსპლუატაციაში.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld