close
იზნესიაქართველო

ქართველი გოგონას სტარტაპი „Fully-ფული“ და მეწარმის გზა იდეიდან ბიზნესამდე

48798C8C-AB07-4B46-AA9C-3F33F8A286F5

„Fully-ფული“ ახალგაზრდა მეწარმის – ანა გელაშვილის წარმატებული სტარტაპია, რომელიც საზოგადოებას მრავალფეროვან ხელნაკეთ საფულეებსა და საბარათე სათავსოებს სთავაზობს, სტარტაპმა უკვე დაიმსახურა მომხმარებლის მოწონება და ანა ახალი იდეებით აპირებს მის განვითარებას, საკუთარი ბიზნესის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ის თავად გვიამბობს.

ანა, უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევი ვინ ხარ და რას საქმიანობ?
-ამჟამად ვსწავლობ ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, მეოთხე კურსზე. ჩემს საქმიანობას რაც შეეხება, ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჩემი საკუთარი ბიზნესი, რომლის კეთებაც ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, შესაბამისად, მქონდა სხვადასხვა ტიპის გატაცებებიც, როგორიცაა, მაგალითად, კალიგრაფია, შემდეგ თიხისგან სამკაულების დამზადება, ახლა კი, შეიძლება ითქვას, რომ Fully-ის ხანა დგას ჩემს ცხოვრებაში.
როდის გაგიჩნდა „Fully-ფულის“ შექმნის იდეა?
-„Fully-ფულის“ შექმნის იდეა Fablab Iliauni-ს ტრენინგკურსის გავლის პროცესში გამიჩნდა. სწორედ აქ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა შემეკერა საფულე ტყავისგან და ასეც მოხდა. შემდეგ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ ამ სტარტაპის სახელი „Fully-ფული“ უნდა ყოფილიყო და ძალიან მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ კარგი და მარტივად დასამახსოვრებელი სახელი მაქვს შერჩეული.
ამ ეტაპზე, რა და რა სახის ნაწარმს სთავაზობ მყიდველს და როგორია მათი ფასი?
-დღეს უკვე მრავალფეროვანი დიზაინის საფულეებს და ბარათების სათავსოებს ვთავაზობ მომხმარებლებს, რომელიც ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული და ხელნაკეთია. ასევე, მომხმარებელს შეუძლია მოგვწეროს როგორი მახასიათებლების საფულეს ეძებს და მაქსიმალურად შევეცდებით მისი მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი საფულე შევქმნათ.
ხოლო ფასებს რაც შეეხება, ღირებულება, რა თქმა უნდა, განსხვავდება მოდელების მიხედვით. ამჟამად მინიმალური თანხა 15 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 80 ლარი. ვცდილობ, რაც შეიძლება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასი მოვარგო პროდუქტს, რადგან მათი აზრი უმნიშვნელოვანესია „Fully-ს“ წარმატებისთვის.


როგორც დამწყები მეწარმე, რას ეტყოდი ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იდეები მაგრამ ვერ პოულობენ გზას რომ პრაქტიკულად განახორციელონ ისინი?
-თუ იდეა გაქვს, აუცილებლად არსებობს მისი განხორციელების გზაც, მთავარია კარგად ეძებო. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამა, რომელი ნებისმიერ ადამიანს აძლევს პრაქტიკულ შესაძლებლობას საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის. მე მივიჩნევ, რომ შრომით, მუდმივი ძიებითა და შეცდომებზე სწავლით აუცილებლად ყველაფერი გამოვა.
-დაბოლოს, გვიამბე სამომავლო გეგმების შესახებ.
– საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს, უპირველს ყოვლისა, მინდა რომ „Fully-ფულის“ პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ვაპირებ რამდენიმე სახის პროდუქციის დამატებას, მაგალითად, ყულაბების, ასევე ჩანთებისა და სხვადასხვა ტიპის ქეისის. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის და მალე სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებ ჩვენს ერთგულ მყიდველს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2