close
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურასაქართველო

ქართველ ექსპერტთა ჯგუფი ოშკის სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნო

თურქეთის რესპუბლიკის ერზრუმის პროვინციაში (ისტორიულ ტაო–კლარჯეთში), ოშკის ტაძრის გუმბათის გამაგრებით სამუშაოების მიმდინარეობის პროცესზე დასაკვირვებლად ქართველ სპეციალისტთა ჯგუფის პირველი ვიზიტი დასრულდა.

არქიტექტორ–რესტავრატორის, არქეოლოგის, ხელოვნებათმცოდნისა დაკონსტრუქტორისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი მე-10 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ტაძარზე სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ  ეტაპს გაეცნო.

ოშკის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებელი ეტაპი, რომელსაც ქართველი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით  თურქეთის მხარე სრულად უზრუნველყოფს,  ტაძრის კონსტრუქციული ნაწილის სრულფასოვან შესწავლას და სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას გულისხმობს. წინა სარეაბილიტაციო  ეტაპი ტაძრის გუმბათის ყელის კონსტრუქციულ გამაგრებასაც მოიცავს, რასაც თურქი არქიტექტორ-რესტავრატორები ქართველი კოლეგების მიერ გადაცემული პროექტის მიხედვით მომზადებული ძალოვანი ხარაჩოს მეშვეობით განახორციელებენ. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ეს  ქართველ ექსპერტთა პირველი ვიზიტი იყო, შემდგომ ეტაპზეც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან და პროცესს დააკვირდებიან.

თურქი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ტაძრის მთლიანი ქსოვილის ზემგრძნობიარე დეტექტორებით აღჭურვას, რომელთაგან მიღებულ ციფრულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება  ოშკის ყველა კონსტრუქციული ბზარის რეგრესული დინამიკა, დადგინდება  მათი წარმოქმნის რეალური მიზეზები და პროგრესირების ხარისხი. ტაძრის  ქსოვილის ყველა მნიშვნელოვან სეგმენტზე ელექტრონული აპარატურის განთავსება სწორედ  ძალოვანი ხარაჩოს მეშვეობით განხორციელდება. მოპოვებულ მონაცემებს კი სტამბულში, სპეციალურად ოშკის ტაძრის სარეაბილიტაციოდ შეკრებილი სწავლულ ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის, რომელთა მეთოდოლოგიური რეკომენდაციების საფუძველზეც მომზადდება ოშკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო გეგმა და საპროექტო დოკუმენტაციაც.  სტამბულში მომუშავე ჯგუფის შეამდგენლობაში საქართველოდან წარგზავნილი არქიტექტორ-რესტავრატორიც ჩაერთვება.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ოშკის ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარდება გეოლოგიური კვლევებიც. სარეაბილიტაციო პროცესის მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაგეგმილი არქეოლოგიური კვლევის პროცესიც ქართველი არქეოლოგების აქტიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება. ამჟამად  არქეოლოგების მონიტორინგის ქვეშ ოშკზე  უკვე მიმდინარეობს XX საუკუნის დასაწყისში დაფიქსირებული იატაკის გაწმენდითი სამუშაოები,  რომელიც  ექვთიმე თაყაიშვილისეულ  ნაშრომებშია  დაფიქსირებული.

თურქეთში წარგზავნილი სამეცნიერო ჯგუფის წევრების დასკვნის მიხედვით, ოშკის ტაძარზე მიმდინარე მასშტაბური პროცესი კვალიფიციურად ვითარდება.

თურქული მხარის მიწვევით ერზრუმის პროვინციაში მყოფ სპეციალისტების ჯგუფს თან ახლდა  თურქეთში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე და საელჩოს მრჩეველი დიანა მალაზონია, რომელთა აქტიური თანამონაწილეობითაც განხორცილდა ქართველი სპეციალისტების ოშკის სარეაბილიტაციო პროცესში დროული ჩართვაც.

ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოები საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017 წლის 23 მაისს ხელმოწერილი იმ დოკუმენტის საფუძველზე ხორციელდება, რომელიც 2 ქვეყანას შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს.

ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული.იგი ორნამენტების სიუხვით და ქვაზე კვეთილი გამოსახულებებით გამოირჩევა.ოშკისამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ტაძრის გვერდით დღემდე შემორჩენილია ასევე სასულიერო აკადემიის ნანგრევები და სამლოცველო.

 

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid