close
მედიცინასაქართველო

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია – არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზი

  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მთელ საქართველოშია გავრცელებული.  იოდდეფიციტურ გარემოში პათოლოგიის სიხშირე გაცილებით მაღალია. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის განსაკუთრებულად აქტუალურია ეს პრობლემა. როგორც წესი, იოდის ნაკლებობის კომპენსაციის მიზნით, ფარისებრი ჯირკვლის ზომები იმატებს, ეს არის ორგანიზმის სარეგულაციო მექანიზმი, თუმცა შესაძლებელია, რომ ჯირკვალი არა მხოლოდ ზომაში გაიზარდოს, არამედ გაჩნდეს მრავალკვანძოვანი სტრუქტურა, რომელთა გადაგვარების დიდი საფრთხე არსებობს. მკვლევრები პათოლოგიის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. რა უწყობს ხელს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გახშირებას? მიზეზი უამრავია: რადიაციული დაბინძურება, ეკოლოგიური ფაქტორი, სტრესული ფონი, რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობები და ა.შ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში რამდენიმე წელია მიმდინარეობს „ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის მოლეკულური-ბიოლოგიური და მორფო ეპიდემიოლოგიური კვლევა მალიგნიზაციის პოტენციალის გათვალისწინებით (სიმსივნის ავთვისებიანად გარდაქმნა)“. „დოქტრინას“ ესაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლიანა გოგიაშვილი. მან აღნიშნა: საქართველოს რეგიონებში ცვლილებები შეინიშნება ფარისებრი ჯირკვლის კლინიკომორფოლოგიური და მოლეკულურბიოლოგიური პროფილის მხრივ, კონკრეტულად, დიფუზური/ტოქსიკური ჩიყვის სიხშირის კლების ფონზე, იმატა ჰიპოთირეოზის გამოვლენამ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში.

რა არის ჰიპოთირეოზი? ჰიპოთირეოზის დროს ორგანიზმი თიროიდული ჰორმონების ნაკლებობას  განიცდის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია. რაც შეეხება ჰიპოთირეოზის კლინიკურ გამოვლინებას, მისთვის დამახასიათებელია: თავის ტკივილი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, საერთო სისუსტე, ემოციური ლაბილობა, ჩივილები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება – ქალებში – ორსულობის შეწყვეტა, დისფუნქციური სისხლდენები, ამენორეა, მამაკაცებში – სქესობრივი დისფუნქცია. იმატა ჰიპოთირეოზის ისეთმა გამოვლენამ, როგორიცაა, ჰაშიმოტოს ავტოიმუნური თირეოიდიტი, იგი გაცილებით უფრო ხშირია  ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები უზრუნველყოფს ნაყოფის განვითარებას, ძვლოვანი ქსოვილის მომწიფებას, აგრეთვე, გავლენას ახდენს ცილის სინთეზსა და უჯრედის ზრდაზე. ორსულთა ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს მკვდრად შობადობა ან იქცეს ნაყოფის განვითარების შეფერხების, სახელდობრ, მენტალური რეტარდაციის მიზეზი. ამდენად, აუცილებელია, რომ ორსულმა მიიღოს ჯანსაღი საკვები, მათ შორის იოდის საჭირო რაოდენობა, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ჩამოყალიბებამდე ნაყოფი მთლიანად დამოკიდებულია დედის ჰორმონებზე. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა ხშირად თავს იჩენს ორსულებში, მით უმეტეს თუ ქალს ანამნეზში აღენიშნება ამ დაავადების ოჯახური ისტორია ან გენეტიკური განწყობა.

პროფესორ ლიანა გოგიაშვილის თქმით: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ მოიმატა ახალგაზრდებში, გვხვდება ავტოიმუნური თირეოდიტი (ფარისებრი ჯირკვლის ანთება), ჰიპერთირეოზი (კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნით), ჰიპოთირეოზი (დაავადება, რომლის დროს ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია), აგრეთვე, სიმსივნურმა პროცესებმა, მათ შორის მიკროკარცინომებმა (ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც ზომით 1სმზე ნაკლებია). საქართველოში მოსახლების 57%- აღენიშნება სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი (სუბკლინიკური უსიმპტომოდ, კლინიკური სურათის გარეშე მიმდინარეს ნიშნავს), ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ობიექტური ინსტრუმენტული გამოკვლევა, რათა დადგინდეს დიაგნოზი. სიზუსტისთვის  საჭიროა შემოწმდეს თირეოტროპული და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე. აქვე აღვნიშნავთ, რომ თირეომასტიმულაციებელი ჰორმონი გამომუშავდება ჰიპოფიზში და  აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

როგორ ავირიდოთ თავიდან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია? – პირდაპირი კავშირი რომელიმე კონკრეტულ ფაქტორთან არ ვლინდება, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას, მოწესრიგებულ ძილს, ჯანსაღ დაბალანსებულ კვებას (როცა ოპტიმალური თანაფარდობითაა წარმოდგენილი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები), აგრეთვე, ნერვული სისტემის მდგომარეობას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია არის სწორედ ფსიქო-ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება – ავტოტრენინგი.

 

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0