close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA — იუპიტერის დიდი წითელი ლაქა იცვლება

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი იუპიტერის დიდ წითელ ლაქას უკვე 10 წელზე მეტია აკვირდება. მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებულ ციურ სხეულზე წარმოქმნილი ეს უზარმაზარი შტორმი ჩვენს პლანეტას ზომით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ მას ადამიანები 150 წლის განმავლობაში იკვლევენ, ამ საკითხის გარშემო მაინც მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

ახლა კი, აშშ-ის კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა მის შესახებ ახალი ინფორმაცია მოიპოვეს. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ისინი აცხადებენ, რომ დიდი წითელი ლაქის გარეთა წრეში საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ქარი 2009-დან 2020 წლამდე პერიოდში 8 პროცენტით დაჩქარდა.

NASA-ს ცნობით, შტორმის საზღვართან ახლოს ქარი საათში 643 კილომეტრზე მეტი სიჩქარით გადაადგილდება, ხოლო ლაქის შიდა რეგიონში განლაგებულ წრეში ის პირიქით, უფრო და უფრო ნელა მოძრაობს.

დედამიწაზე ამგვარ მოვლენებს ხელოვნური თანამგზავრებისა და თვითმფრინავების მეშვეობით ვადევნებთ თვალს, თუმცა იუპიტერის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მის მახლობლად ასეთი დანიშნულების აპარატი არაა გაგზავნილი, ამიტომ დიდ წითელ ლაქაში მქროლავი ქარის მახასიათებლების მუდმივი გაზოვმა შეუძლებელია. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ერთადერთი ხელსაწყოა, რომლის დროითი დაფარვა და სივრცითი გარჩევადობა შტორმში მოქმედი ქარის დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა.

ამ ყველაფრის წყალობით, თითოეულ წელიწადში 2.5 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარის სხვაობის გამოვლენაა შესაძლებელი. ეს კი საკმაოდ მცირე ცვლილებაა, რომლის შესამჩნევადაც მრავალწლიანი მონაცემებია საჭირო. ამ უკანასკნელით სწორედ ჰაბლი გვამარაგებს.

და მაინც, იუპიტერის დიდი წითელი ლაქის შესახებ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით. ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა იწვევს ქარის მოძრაობის აჩქარებას, რადგან უცნობია, რა იმალება მის ქვემოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response