close
იზნესიამოგონება - ინოვაციააქართველო

,,არტაქტივი” – ქართული სტარტაპი მსოფლიო ხელოვნების ინოვაციურ ბირჟას ქმნის

ბლოკჩეინი

 საქართველოში სულ მალე ინოვაციური ბლოკჩეინპლატფორმა – ,,ArtActive-ი” დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც ციფრულ ხელოვნებასა და ბლოკჩეინტექნოლოგიებს აერთიანებს და მომგებიან, ინოვაციურ ბაზას ქმნის ციფრული ხელოვნებით დაინტერესებულთათვის. სტარტაპის ავტორები, კიდევ ერთი ქართული კრიპტოვალუტის- „ArtCarat-ის“ შემქმნელებიც არიან, რომლის ღირებულებასა და ზოგადად პლატფორმის მნიშნელობაზე სტარტაპის მარკეტინგის დირექტორი – ვანო სტეფანიშვილი გვიამბობს.

-ვანო, აღგვიწერეთ, კონკრეტულად რა პრინციპით მუშაობს თქვენ მიერ შემუშავებულ ბლოკჩეინპლატფორმა?

-ჩვენს პლატფორმას აქვს ხელოვნების ნიმუშების „დაკრიპტვის“ ფუნქცია, სადაც მხატვარი შეძლებს ნამუშევრის რეგისტრირებას ბლოკჩეინში და მის გატანას გასაყიდად.  შეიქმნება ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობის ობიექტები, გამოფენა-გაყიდვები, მარკეტები და აუქციონები, ყოველი ობიექტი კომფორტული ვაჭრობისათვის საჭირო უამრავ ფუნქციას შეიცავს, რაც ხელოვნების მოყვარულთა ნებისმიერ სეგმენტს კომფორტული ფინანსური კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, „ArtActive-ი“ ტექნიკურად დემოკრატიული პროექტია, ვინაიდან საფუძვლებში ბლოკჩეინის სპეციფიკა აქვს, შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს მიეცემა შესაძლებლობა თავისი სავაჭრო ობიექტი შექმნას, სადაც პროექტის ავტორებიც კი მოკლებულები ვიქნებით ნებისმიერ პრივილეგიას.

-რაც შეეხება კრიპტოვალუტა „ArtCarat-ს“,  როგორი იქნება მისი ღირებულება?

-„ArtCarat-ი“ არის არტბაზარზე  მოქმედი შიდაკრიპტოვალუტა, რომელსაც უნივერსალური ფუნქცია აქვს, ის ხელოვნების ნიმუშების დაკრიპტვაშიც გამოიყენება და მათ საბაზრო სტატუსს ასახავს. სხვა ვალუტებთან მიმართებაში მისი ღირებულების განსაზღვრა ჯერჯერობით არც ისე მარტივია, ვინაიდან შეუძლებელია სხვა კრიპტოვალუტების ზუსტი ხასიათის განსაზღვრა წინასწარ, თუმცა გამოთვლების საფუძველზე დავადგინეთ, რომ „ArtCarat-ის“ ღირებულების ზრდის პოტენციალი საკმაოდ დიდია და მას პირველ წელს საშუალოდ 3$-ის,  3 წელიწადში კი 100$-ის მიღწევის პოტენციალი თავისუფლად აქვს.

-რატომ გაგიჩნდათ სურვილი სწორედ ციფრული ხელოვნების კუთხით შეგექმნათ საკუთარი პროდუქტი?

-დღეს მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი ციფრული ხელოვანია, რომელიც ძირითადად კომერციული მიმართულებით ირჩენს თავს, მათი დიდი ნაწილი  არაკომერციულ ხელოვნებასაც ქმნის, თუ ფუნჯით დახატული ხელოვნების ნიმუშები ასობით ათას და მილიონობით დოლარს შეიძლება უტოლდებოდეს, რატომ არ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიებით დახატული ხელოვნება იყიდებოდეს? ციფრულ ფაილს ერთი თავისებურება აქვს – კოპირებადია, სწორედ ამიტომ არ არსებობდა აქამდე ციფრული ვალუტები ან სხვა ისეთი ციფრული ფასეულობები, როგორიც ფინანსური აქტივია. ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ ყველაფერი შეცვალა, „არაკოპირებადობის“ (კრიპტოგრაფიის)  საფუძველზე შეიქმნა ციფრული ფინანსური აქტივების არსებობის შესაძლებლობა და სწორედ ამ პროგრესმა მოგვცა „Digital Art“ ბაზრის ჩამოყალიბების საშუალება, სადაც არსებული ნამუშევრები, კოპირებისგან დაცვის საფუძველზე გადაიქცევა საინვესტიციო, საკოლექციო ფასეულობად. შედეგად, იქმნება ხელოვნების ბაზრის ციფრული მოდელი, მისი არსებობა თანამედროვე რეალობაში ისეთივე აუცილებელია, როგორიც ტრადიციული ხელოვნების ბაზრის არსებობა, რომლის წლიური ბრუნვა 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღებატება.

-როდის ამუშავდება პლატფორმა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-უკვე შემუშავებულია მარკეტინგული სტრატეგიები და გლობალური მენეჯმენტის სტრუქტურული მოდელი, ამ ეტაპზე კი, პროექტის რეალიზებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მოძიებაზე ვმუშაობთ, შემუშავებული გვაქვს საინვესტიციო პრაისიც მსხვილი, საშუალო და მცირე ინვესტორებისთვის, თუმცა ასევე მზად ვართ განვიხილოთ სხვა საპარტნიორო წინადადებებიც.

 სრული დატვირთვით ფუნქციონირების ვადებიც ინვესტიციების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამ ეტაპზე, ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პარალელურად კი, ვემზადებით პროექტის წარსადგენად, უპირველეს ყოვლისა, მეზობელ, შემდეგ კი მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი