close
ულტურა

ლუკა ნოზაძე – გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი და პროდიუსერი

1

 ლუკა ნოზაძე 22 წლის მომღერალი და მომავალი მუსიკალური პროდიუსერია, რომელიც სიმღერასაც თავად წერს. ამასთანავე, მრავალ ინსტრუმენტზეც უკრავს, თუმცა, როგორც თვითონ აღნიშნავს, მის სათქმელს ყველაზე უკეთ სიმღერა გამოხატავს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელმაც მოგვითხრო საკუთარი გამოცდილების შესახებ.

ლუკა ნოზაძე (სასცენო სახელით – ŁUKA NØZZA) დიდი ხანი არ არის,  რაც გამოჩნდა ქართულ მუსიკალურ სივრცეში, თუმცა, საკმაოდ განსხვავებული სტილითა და თბილი ხმის ტემბრით უკვე შეძლო თავი შეეყვარებინა მსმენელისთვის.

ის საბერძნეთში დაიბადა და საქართველოში გაიზარდა, ამჟამად კი, გერმანიაში ცხოვრობს და ფრაიბურგის ჯაზის აკადემიის სტუდენტია. როგორც ამბობს, მუსიკისადმი სიყვარული  ოჯახმა შთაუნერგა – ,,ყველაზე დიდი ზეგავლენა, რა თქმა უნდა, მუსიკალურმა ოჯახმა მოახდინა, სადაც ოჯახის უფროსიდან დაწყებული, ახალი თაობით დამთავრებული, ყველა ვმღერით, ვუკრავთ და ვხატავთ. ჩემს სტუდენტურ ცხოვრებას კი, უპირველეს ყოვლისა, დედას და ბებიას თანადგომას უნდა ვუმადლოდე“.

ლუკამ პირველად 2014 წელს სცადა საკუთარი მუსიკა სხვებისთვისაც გაეზიარებინა, მან მოყვარულის დონეზე, დიქტოფონის მეშვეობით ჩაწერა და არანჟირება გაუკეთა სიმღერას, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებზე. ამრიგად, როგორც თავად უწოდებს – უხარისხოდ ჩაწერილი -,,Sunset Romance-ი” იყო მისი პირველი ბიძგი მუსიკალურ სამყაროში. ამას თან დაერთო, ამ საქმის პროფესიონალების დახმარებაც, ,,რომ არა მათი თანადგომა, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის მარტო შესწავლა. საუბარი მაქვს ისეთ მუსიკოსებზე, როგორებიც არიან – დავით ფორჩხიძე, გელა გნოლიძე, ზაზა ხუბუკელაშვილი პაატა ფაცურია, მაგრამ ყველაზე დიდი დასაწყისის ბიძგი მაინც ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, გიორგი თორაძემ, მომცა. თუმცა, სიმართლე გითხრათ მუსიკის დაწერის სურვილი რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, 9 წლის ასაკიდან მქონდა“.

ჯაზის აკადემიაში მოხვედრაც, რა თქმა უნდა, ბევრ დაბრკოლებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მონდომებულმა ახალგაზრდა შეძლო ოცნება აეხდინა და უკვე წელიწად-ნახევარია გერმანიაში ცხოვრობს.  ახალი ცხოვრებისეული ეტაპი მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, მეტი შთაგონების მომცემი აღმოჩნდა და მისცა სტიმული, რომ უფრო თამამად და თავდაჯერებულობით მიჰყოლოდა ერთხელ დასახულ მიზანს.

ლუკა სიმღერებს საკუთარ სტუდიაში წერს, საკუთარი არანჟირებით, ინსტრუმენტებით, აპარატურით, კრეატივითა და დაუღალავი მუშაობით, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. სტუდიის ასაწყობად თანხას სამი წლის განმავლობაში აგროვდებდა და  ამასთან, მშობლების ხელშეწყობით შეძლო სურვილი აეხდინა და  არც შედეგს დაუყოვნებია, მის გვერდს უკვე 27 000 მსმენელი ჰყავს, რაც მუსიკოსს არ აძლევს მოდუნების საშუალებას.

ამჟამად ლუკა  რამდენიმე პროექტზეც მუშაობს, ერთ-ერთი მათგანია, კოლაბორაცია გერმანელ პროდიუსერ, Hugh Harsher-თან, რომელთან ერთად წერაც მისთის საკმაოდ კომფორტულია. ძალიან მალე გამოვა მათი პირველი სინგლი სახელწოდებით – “Broken Heart-ი”, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება iTunes-ზე, Spotify-ზე და რა თქმა უნდა Youtube-ზე, როგორც თვითონ უწოდებს, მის ,,ერთგულ მსმენელთა პატარა ოჯახისთვის“. უახლოეს მომავალში გამოვა ლუკას ერთ-ერთი ფავორიტი სიმღერის – ,,Let them Go-ს“ ვიდეოკლიპიც, რომელსაც სამი დღის განმავლობაში თავაუღებლად იღებდა მეგობართან, რეჟისორ – რამაზ ჩხიკვაძესთან – ერთად.

ლუკა ერთ-ერთი იმათგანია, ვისთვისაც მუსიკა ცხოვრების  განუყოფელ ნაწილად ქცეულა, ,,მუსიკა ისეთი რაღაცაა, მუშაობისას შენს თავს ეკითხები,  “ახლა ვერთობი? თუ ვმუშაობ?”, ჩემი აზრით, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კი აღმოაჩენ, რომ ვერ ერთობი, ან ვერ მუშაობ, სჯობს ეს დრო სხვა განტვირთვის საშუალებებს დაუთმო“, ასეთი კი მისთვის ფოტოგრაფიაა, აქტიურად არის დაკავებული ფიტნესითაც და ძალიან ხშირად ბუნებასაც მიმართავს განტვირთვისთვის.

ბოლო დროს ლუკამ უფრო აქტიურად დაიწყო საკუთარი პროდუქციის რეკლამირება სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ,,მახარებს ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს ჩემს მუსიკას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ძალიან ბევრი ადამიანი იტაცებს და აზიარებს მას, რაც იმის ნიშანია, რომ ჯერჯერობით სწორი მიმართულებით მივდივარ და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ასეც გაგრძელდება“ -აღნიშნა მან დასასრულს.

დაინტერესებულ მკითხველს კი, ვთავაზობთ ლუკა ნოზაძის სიმღერას ,,MøonStars-ს“:

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid