close
განათლებასაქართველოქიმია

90 წლის მეცნიერი და ქიმიის პედაგოგი 65 წლის სტაჟით

მე-11 კლასში ვიყავი, ვენერა ბებოსთან რომ მიმიყვანეს, ქიმიასთან დიდად ვერ ვმეგობრობდი და – იქნებ რამე ,,გეშველოსო”. მეგონა, ტიპური ქიმიკოსი დამხვდებოდა, მხოლოდ რეაქციები და ნივთიერებები რომ აინტერესებს – შევცდი. ვენერა მასწავლებელმა ქიმია შემაყვარა – ისე, რომ რეაქციების ამოხსნა ჩემი ჰობიც კი გახდა, მაგრამ ჩვენ, ქიმიის გარდა, ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, მედიცინაზე, მაძლევდა საუკეთესო რჩევებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, 4 საათი ისე გადიოდა, ვერც ვხვდებოდით. ვენერა ბებო მაშინ 84 წლის იყო, ახლა კი – მალე 91-ის გახდება.

რომ ვუთხარი, თქვენთან ინტერვიუ უნდა ჩავწერო-მეთქი, ,,აღშფოთდა”- მე რა ჩასაწერი ვარო. არადა, ნამდვილად სჭირდებათ ახალგაზრდებს ისეთი მოტივატორი, რომელიც 90 წლის ასაკშიც კი მზადაა, საკუთარი ცოდნა უანგაროდ გასცეს, მუდმივად ისწავლოს რაღაც ახალი და განვითარდეს.

-მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენ შესახებ.

-ვარ ვენერა ლაზარაშვილი-ნათიძე, 1927 წელს დავიბადე ბორჯომში. ბაღში, სკოლაში – ხშირად მაქებდნენ, 4 წლიდან  გამოვდიოდი სცენაზე. არასდროს არ მიყვარდა თავის გამოჩენა, მაგრამ ხშირად ხდებოდა, რომ მამჩნევდნენ, სკოლაში კლასკომის თავმჯდომარე, უნივერსიტეტში ჯგუფხელიც ვიყავი. სკოლაში ფრიადებზე ვსწავლობდი. მახსოვს, მასწავლებელმა ერთი სუსტი მოწაფეც კი მომაბარა, რომ მემეცადინებინა.

ეს იშვიათად ხდებოდა, მაგრამ უნივერსიტეტში პროტექციის გარეშე შევძელი, რომ დაუსწრებელიდან დასწრებულ სწავლებაზე გადავეყვანე. სასწავლებელში წლების განმავლობაში იყო ჩემი სურათი ფრიადოსნების დაფაზე გამოკრული.  პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მქონდა. ტყუილი არასდროს არ შემეძლო და ვცდილობდი, ჩემი ყველა საქმე პატიოსნად შემესრულებინა.

-ქიმიისადმი ინტერესი როდის გაგიჩნდათ?

-თავდაპირველად, ვაბარებდი სამედიცინოზე, ომი იყო… პირველ წელს ვერ წამოვედი ბორჯომიდან, რადგან მამა ომში დაიჭრა.  1945-ში მოვემზადე და წამოვედი თბილისში. ქართულში 4-იანი მივიღე. მაშინ შენით კი არ უნდა მოგეფიქრებინა ტექსტი, არსებული ტექსტები უნდა დაგეზეპირებინა.მე დაზეპირება არასდროს არ მიყვარდა.  ჩემ წინ ვინც იჯდა, იმას თემა ვუკარნახე – 5-იანი აიღო და ფაკულტეტზეც მოხვდა. მათემატიკასა და რუსულში კი მქონდა 5-ები, მაგრამ ამ ოთხიანის გამო, ვერ მოვხვდი. შემდეგ 1-თვიანი მოსამზადებელი კურსები გავიარე, რათა სამედიცინოზე ჩამებარებინა პედიატრიის გახრით. მომდევნო ცდაზე ყველა საგანი ჩავაბარე, ქიმია მართლა კარგად დავწერე, იმდენად კარგად, რომ კომისიის თავმჯდომარეც შემოიყვანეს. მიუხედავად ამისა, 4 ქულა დამიწერეს. თავმჯდომარეს ვთხოვე, შემამოწმეთ-მეთქი, მითხრა – გეყოფაო. არ მეყო. იმავე ქულების მქონეები კი მოხვდნენ, როგორც შემდეგ განმიმარტეს – ისინი გვჭირდებოდა და იმიტომ მოხვდნენო.  შემდეგ, ბედია ალბათ ყველაფერი – ინდუსტრიალური ინსტუტიტის (ე.წ. გეპეი) სილიკატურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. იქაც ბევრი წვალება მომიწია, რთული იყო პროტექციის გარეშე. ასე მოვხვდი ამ სფეროში.

-როგორ გაგრძელდა თქვენი საქმიანობა უნივერსიტეტის შემდეგ?

-უნივერსიტეტის შემდეგ კათედრაზე დავიწყე მუშაობა. სტუდენტებთან ვმუშაობდი ლაბორატორიაში – ცდებს ვატარებდი. ერთი წლის შემდეგ, ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემომთავაზა მისაღები გამოცდებისთვის მემეცადინებინა ერთ-ერთი მოსწავლე. თავიდან უარზე ვიყავი, მითხრა – შეძლებო. მოვამზადე, ალღო ავუღე.  

45 სამეცნიერო შრომა მაქვს. რაც შეეხება აღმოჩენებს – მივიღე რკინის ნაერთი, რომელიც მაგნიტით მიიზიდება. ნაშრომმა დიდი მოწონება დაიმსახურა – უცხოეთიდანაც კი მოვიდა წერილი, მთელი ნაშრომი გადმოგვიგზავნეთო.  კათედრიდან 7 წელიწადში წამოვედი, მივხვდი, რომ იქ მომავალი არ მელოდა. პროტექციის გარეშე წინ წასვლა რთული იყო. შემდეგ – მეცნიერებათა აკადემიის ანალიზური ქიმიის ლაბორატორიაში გადმოვედი.

-თითქმის 65  წელი ასწავლიდით – სულ რამდენი მოსწავლე გყავდათ?

– რვეულები მქონდა, სადაც ვიწერდი ყველა მოსწავლის საკონტაქტოს. რამდენიმე ასეული მოწაფე მეყოლება მომზადებული, ძალიან ბევრი, ზუსტად ვერც ვიტყვი რაოდენობას. ვამზადებდი მოსწავლეებსაც და სტუდენტებსაც. ძალიან ბევრი მათგანი დღემდე მახსოვს (რვეულებსა და სიას მაჩვენებს).

-რას ნიშნავს ქიმია თქვენთვის?

-ქიმია ისეთი მეცნიერებაა, რომლის ცოდნაც აუცილებელია. ჩვენ გარშემო რაცაა, ყველაფერი ქიმია. სიყვარულიც კი ქიმიაა – მიმზიდველობა! რატომ უერთდება ერთი ელემენტი მეორეს? იმიტომ რომ ერთი გასცემს ელექტრონს და მეორე იძენს. თუ მის მიერ გაცემული ელექტრონის შეძენა არ შეუძლია, არანაირი რეაქცია არ მოხდება. რა საინტერესოა, არა?! – ელემენტები,  რომლებიც მხოლოდ გასცემენ, მაგალითად, მეტალები, ერთმანეთს არ უერთდებიან.

-რას გვეტყვით დღევანდელ სწავლების მეთოდებზე?

-ქიმია სკოლებში არ ისწავლება. ჩემს დროს პატარა წიგნები იყო, მაგრამ ძალიან ღირებული და ისეთი, ცოდნის შეძენას რომ შეძლებდი.  ახლა უზარმაზარი წიგნებია – ძალიან პრიმიტიული და სისულელეებით გაჯერებული. ეს იმის ბრალია, რომ სკოლა გონებასუსტი ადამიანების სასწავლო ადგილად გადაიქცა.   საგანმანათლებლო სისტემა ძალიან სუსტია.

მე შევიმუშავე აბიტურიენტთათვის ქიმიის სწავლების უნიკალური მეთოდი – თავდაპირველად, მათ ატომის ელექტრონულ აღნაგობას ვუხსნი (რეზერფორდის მეთოდი), შემდეგ – ნაერთთა კლასებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქიმიაში ,,წერა-კითხვას” ვასწავლი. მხოლოდ ამის მერე ვიწყებ პროგრამით მუშაობს. მიდა ვთქვა. რომ, ამ მეთოდის წყალობით, აბიტურიენტები 10 დღეში მიმეცადინებია (ბუნებრივია, ამაში არ შედის ამოცანების ნაწილი).

-მომავალ თაობას რას ურჩევთ?

-ბევრი იკითხონ და ისწავლონ. ჩემი პირვლი წიგნი იყო  რომანი ,,როგორ იწრთობოდა ფოლადი”. როცა მამაჩემმა მოიტანა სახლში, მალავდა, ეს პატარებისთვის არ არისო და მე ჩუმად წავიკითხე. წიგნი გონებას ავითარებს.

-როგორც ვიცი, არასდროს არ ჩერდებით, მუდმივად სწავლობთ, რაღაც ახალს ქმნით…

-უკვე 2 წელია სხვადასხვა ჟურნალიდან ვიწერ რჩევებს – მედიცინაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე და ა.შ. – უკვე 600-გვერდიანი წიგნაკი შევკარი. ძალიან ბევრი დეტალია ისეთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის პროდუქტები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება და ა.შ. ვცდილობ, ვიკითხო – წიგნები, გაზეთები, ჟურნალები. ..

-დაახლოებით, ორი წელია, რაც აქტიურად აღარ მასწავლებლობთ – თუ გაქვთ კვლავ საქმიანობის გაგრძელების სურვილი?

-როგორ არ მინდა?! ძალიან მენატრება სწავლება. მესიზმრება ხოლმე, როგორ ვამეცადინებ. ბოლო ორი წელია, ნაკლებად ვახერხებ მოსწავლეების აყვანას, თუმცა –  სანამ შემიძლია, მინდა და მზად ვარ, ჩემი ცოდნა გავცე.

პ.ს. ესეც ვენერა ბებოს საკონტაქტო: 2 325 222

 

 

მასალა მოამზად:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid