close
კატეგორიის გარეშე

მეცნიერები თვითაალების შესახებ

დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტი ადამიანის თვითაალების შემთხვევაა დაფიქსირებული. უმეტესწილად ცეცხლი შთანთქავს მთლიანად ორგანიზმს, მაგრამ ახლო-მახლო ყოველივე უვნებელი რჩება, რაც იმაზე მეტყველებს რომ  პროცესი მიმდინარეობს თვითონ ორგანიზმის შიგნით და არ საჭიროებებს  განსაკუთრებულ გარე ფაქტორებს.

თვითაალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1663 წელს, როდესაც ანატომიის დანიელმა სპეციალისტმა თომას ბართოლინმა აღწერა  ძილში დამწვარი პარიზელი ქალის შემთხვევა, როცა მისი ჩალის ლეიბიც კი უვნებელი გადარჩა, ამის შემდეგ 1673 წელს ფრანგმა ჯონას დუპონმა გამოაქვეყნა თვითაალების შემთხვევების კრებული (‘’De Incendiis Corporis Humani Spontaneis.“). შესაბამისად ინტერესი ამ დღემდე საიდუმლოებით მოცული მოვლენისადმი ჯერ კიდევ საუკუნეების წინათაც არსებობდა.

იმისთვის რომ თვითაალების პროცესი დაიწყოს პირველ რიგში საჭიროა სიცხის შედარებით მაღალი ტემპერატურა (რაც მრავალი მკვევარის აზრით ასევე ემოციურ მდგომარეობასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული), დამჟანგავი აირი და საწვავის წყარო. ადამიანის ორგანიზმი დიდი რაოდენობის წყლისგან შედგება, რაც მის ადვილად წვას გამორიცხავს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს რომ სწორედ ორგანიზმში არსებული ცხიმი თამაშობს დიდ როლს აალებაში. მაღალი ტემპერატურის პირობებში როგორც კი ცხიმი გადნება ორგანიზმი შიგნიდან იწვის და ირგვლივ არსებულ ნივთებსა, თუ ადამიანებს უვნებელს ტოვებს.

პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა ლარი არნოლდსმა სცადა ფითილის ეფექტი შეექმნა ლორის ხორცისა და ქსოვილების გამოყენებით, მაგრამ მისი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, 1998 წელს BBC-ის ერთ-ერთ გადაცემაშიც განხორციელდა მსგავსი ცდა, მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს სქელ ქსოვილში გახვეულ ღორის სხეულზე, რომელიც ხუთი საათის განმავლობაში იწვოდა თვითონ ქსოვილის დაუზიანებლად.

განსხვავებული თეორია გააჩნია ბრიტანელ ბიოლოგსა და ავტორს ბრაიან ფორდს, მისი აზრით ცეცხლის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს კეტოზისის მდგომარეობა (კეტოზისი-კარბოლის ჯგუფის CO–ს შემცველი ორგანული ნივთიერება ორგანიზმში კეტონურ სხეულთა მატება შაქრიანი დიაბეტის დროს). ადამიანის ორგანიზმი როგორც წესი გამოყოფს მცირე რაოდენობის აალებად ნივთიერებას – აცეტონს, როდესაც პიროვნებას აღენიშნება კეტოზისი შესაძლოა მისი ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ზედმეტი რაოდენობის აცეტონი საკმარისი აღმოჩნდეს თვითაალებისთვის.

თვითაალების მსხვერპლთა  ნაწილს, რომელიც შემთხვევის დროს მჯდომარე პოზიციაში იყო ქვედა კიდურები არ დაზიანებია, ფორდის აზრით ეს ფაქტი გამომდინარეობს კვამლის მიმართულებიდან და ამასთანავე ქვედა კიდურებში აცეტონისა და ცხიმის გაცილებით დაბალი კონცენტრაციით.

თვითაალების პროცესი ძალიან სპონტანურია და სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ საბედნიეროდ  ყოველთვის მსხვერპლით როდი სრულდება,  ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებს უბრალოდ დამწვრობები, ან ორგანიზმიდან გამომავალი კვამლი აღენიშნებათ, რომლის წყაროც გაუგებარი რჩება. რეალურად აღნიშნულ შემთხვევებშიც თვითაალებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ საბედნიეროდ არც თუ ისე სავალალო შედეგით.

ამრიგად, დღესდღეობითაც არ მოიძებნება თვითაალების ფენომენის  ზუსტი ახსნა და მეცნიერებს მრავალი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გააჩნიათ მის შესახებ, თუმცა ყოველ შემთხვევაში გამოირიცხა ისეთი დილეტანტური შეხედულებები, როგორებიცა მაგალითად ამ პროცესის სიგარეტის მოწევასა და სმის დროს ორგანიზმში დაგროვილ სპირტთან დაკავშირებაა.  ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერული მოსაზრებების მიუხედავად თვითაალება ხშირად მაინც პარანორმალურ მოვლენად მიიჩნევა, რაც ბუნებრივია თვითონ ფაქტის დაუჯერებლობითაა გამოწვეული.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0