close
იზნესისოფლიოაქართველო

კვალითელი მეღვინე იმერულ ღვინოს უკვე აშშ-ის 13 შტატში ყიდის

5c51598f65957

არჩილ გუნიავა ოჯახურ მარანში დამზადებულ ნატურალურ ღვინოს წელს ამერიკის 13 შტატში გაიტანს.

როგორც მეღვინემ Bm.ge-ის განუცხადა, მისი ღვინოები ამერიკაში წლებია იყიდება და მოთხოვნა იქ დღითიდღე იზრდება. წელს საექსპორტო ბაზარი კიდევ გაფართოვდა, ამიტომ გადაწყვიტა, ახალი ვენახი გაეშენებინა და 3 ათას კვადრატულ მეტრზე იმერული ჯიშები – დონდღლაბი და ციცქა დარგა.

არჩილ გუნიავა ღვინოს ზესტაფონში, სოფელ კვალითში მამა-პაპის დანატოვარ მარანში, ქვევრებში ამზადებს.

მარანში 20 სხვადასხვა ზომის ქვევრია, სადაც წლიწადში საშუალოდ 4-5 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

როგორც მეღვინე განმარტავს, ახალი ვენახი მას ამ მოცულობის 7-8 ათას ბოთლამდე გაზრდის საშუალებას მისცემს, რაც მისი მაქსიმუმი იქნება.

„ეს იქნება ყველაზე დიდი რაოდენობა, რის წარმოებასაც შევძლებ, რადგან ჩემს ვენახებში მძიმე ტექნიკა ვერ მიდის, არც შეიძლება მისი გამოყენება, ყველაფერს ხელით ვაკეთებ, რადგან პროდუქცია ბიოა. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მის სრულ დაკმაყოფილებას ვერ მოვახერხებ. იმერეთში დიდი ვენახები არავის აქვს, მეც სულ 1,5 ჰექტარ ტერიტორიას ვფლობ, სადაც იმერული ჯიშის ყურძენი – ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანურის საფერე და ძელშავი მოდის; ასვე მაქვს ისეთი იშვიათი ჯიშები, როგორიცაა დონდღლაბი და მგალობლიშვილი. ეს ჯიშები ფაქტიურად გადაშენების პირასაა და მხოლოდ ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთშიღაა შემორჩენილი. წელს 3 ათას კვადრატულზე ორ ჯიშს ჩავყრი, ნაწილზე ციცქა უკვე გავაშენე, ნაწილზე კი, დონდღლაბს დავრგავ. ეს ვენახი ნიშანს მესამე წელს მომცემს“, – აცხადებს არჩილ გუნიავა.

პირველი ღვინო გუნიავამ ბოთლში 2010 წელს ჩამოასხა და იმავე წელს იტალიაში გაყიდა, ეს იყო თეთრი მშრალი ღვინო ,,ცოლიკოური“. ამჟამად, მეღვინე ხუთი დასახელების პროდუქტს ამზადებს, ესენია: ,,ციცქა“, ,,ცოლიკოური“, ,,კრახუნა“, ,,ოცხანურის საფერე“ და ,,მგალობლიშვილი“.

გუნიავას ღვინოს პარტნიორი ამერიკაში, სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბარებში ყიდის, სადაც მხოლოდ ნატურალური ღვინოებია წარმოდგენილი. ერთი ბოთლის გასაყიდი ფასი დახლზე 25-დან 30 დოლარამდეა.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი