close
ბრაილის შრიფტი გამოგონება ქართველების

საქართველოში ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურის არარსებობა. არაადაპტირებულ გარემოში, საზოგადოებისგან იზოლირებულნი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ თავიანთი თავის რეალიზებას.

 სწორედ შშმ პირების დასახმარებლად სტუდენტების ექვსკაციანმა გუნდმა შექმნა Braille Reader-ი, მოწყობილობა, რომელიც უსინათლოებისთვის სწავლის პროცესს მეტად მარტივსა და კომფორტულს გახდის.

 მიხეილ თექთუმანიძე, ვახტანგ კოსტავა, იოანე მარგიანი და საბა ფოჩხუა თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის სტუდენტები არიან, გურამ კაციაშვილი – აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო-ინჟინერიის სტუდენტი, ხოლო სანდრო მირიანაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამირების სტუდენტია. გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს, უსინათლოებისთვის შეექმნათ სასკოლო მერხები, რომელიც ყველა სკოლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„რამდენიმე წლის წინ უსინათლოებისთვის შექმნილმა სმარტსაათმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოთხი ასო არაა საკმარისი ინფორმაციის მისაღებად. ზუსტად ეს საათი იყო ჩვენი შთაგონების წყარო. იგი ინოვაციური თავისი მინიატურულობის გამო იყო, თუმცა ფასმა 600$-ს გადააჭარბა, შესაბამისად, მისი შეძენა ყველას არ შეეძლო. ჩვენ სრულიად საპირისპირო სტრატეგია ავირჩიეთ: სასკოლო მერხი, რომელსაც შეუძლია დიდი და შედარებით მძიმე მოწყობილობის ჩატევა. კიდევ ერთ მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ მერხს ექნება ტექსტის რამდენიმე ხაზი, მანამდე ბრაილის ელექტრონულ ეკრანებს ტექსტის მხოლოდ ერთი ხაზი ჰქონდა, წარმოიდგინეთ, ფიზიკის ან მათემატიკის სწავლა წიგნიდან, რომლის თითო გვერდზე ამოცანის ერთი ხაზი წერია. ჩვენი მერხები სრულიად შეცვლის სწავლის პროცესს უსინათლოთა სკოლებში, თუკი მანამდე  ყველაფერი ვერბალურად ისწავლებოდა, ახლა თითოეულ მოსწავლეს წინ ჩვენი მერხი ექნება, რომელიც დაფის ფუნქციასაც შეითავსებს. მერხებში ჩაშენებულია უსინათლოებისთვის განკუთვნილი კლავიატურა. მოსწავლეების აკრეფილი ტექსტი მასწავლებელს კომპიუტერზე მოუვა,“ – აღნიშნავს პროექტის მენეჯერი – მიშო თექთუმანიძე.

ელექტრონული წიგნების წამკითხველი ნებისმიერ ტექსტს ეკრანზე გამოსახავს, მასწავლებლის აკრეფილი ტექსტი უსინათლოთა მერხებზე გამოჩნდება. აღნიშნულ მოწყობილობაზე საუბრისას აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ მის სიიაფეს, სიმარტივესა და კომფორტულობას.

„ბაზარზე არსებული ბრაილის ყველა ეკრანი იყენებს სპეციალურ კრისტალებს, რომლებიც დენის გატარების შედეგად ოდნავ იღუნება, ფორმას იცვლის. ეს კრისტალები საკმაოდ ძვირადღირებულია, ჩვენი მერხი მათი გამოყენებით რომ აგვეწყო, მისი ფასი 55000$-ს მიაღწევდა. ჩვენი გამოსავალი არის ელექტრომაგნიტი, იგი ძალიან იაფია, თუმცა მძიმე და დიდ ადგილს იკავებს, მაგრამ პროდუქტის სპეციფიკის გამო ეს არ წარმოადგენს პრობლემას. როგორც უკვე აღვნიშნე, Braille reader-ის უპირატესობა მდგომარეობს მის ხელმისაწვდომობასა და სწავლისთვის ადაპტირებულობაში,“ – აღნიშნავს მიშო თექთუმანიძე.

გუნდი მერხის ვერსიის დასრულების შემდეგ გეგმავს პორტატული მოწყობილობის შექმნას, რომელიც მობილურს დაუკავშირდება და ხმოვანი ასისტენტის საშუალებით შეძლებს მოწყობილობიდან უსინათლოთათვის საიტერესო წიგნების არჩევასა და წაკითხვას, აგრეთვე, მესიჯების მიღებასა და ა.შ.

გუნდი ამჟამად მონაწილეობას იღებს ერთ-ერთ კონკურსში, მხარდასაჭერის სურვილის შემთხვევაში, გადადით მოცემულ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/?fref=gc&dti=1876587065906876

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid