close
საქართველო

„ჩუ“ – ქართველი და-ძმის პროექტი ჟესტური ენის პოპულარიზებისთვის

Big Idea Challenge-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია.  კონკურსში  წარმოდგენილი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთი სწორედ სოციალური გავლენა გახლდათ, რომელში გამარჯვებაც სალომე და გურამწიქვაძეებს ხვდა წილად,  გუნდმა  პროექტი სახელწოდებით „CHU” წარმოადგინა, რომლის საკმაოდ ღირებული და მრავალფეროვანი დატვირთვის შესახებ უფრო დეტალურად  სალომე გვიამბობს.

სალომე, უპირველეს ყოვლისა, გაგვაცანით თქვენი გუნდის ორივე წევრი.

-მე ვარ სალომე წიქვაძე, გუნდის მეორე წევრია ჩემი ძმა გურამ წიქვაძე, თუმცა მინდა გაგაცნოთ გუნდის მთავარი წევრი ჩუმენი, ჩვენი სამაგიდო თამაშის გმირი, რომელიც სმენის არმქონე დაიბადა, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლებას სულაც არ წარმოადგენდა, რადგან თავის გარშემო არსებულ საზოგადოებასთანჟესტურ ენაზე შეეძლო კომუნიკაცია. როდესაც გაიზარდა ის მიხვდა, რომ ეს საზოგადოება არც ისე დიდი იყო და გაუჩნდა ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი, რაც მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამაგიდო თამაში „ჩუს“ გმირი გამხდარიყო, თამაშის რომელიც ამსხვრევს კომუნიკაციის ბარიერს და მისი მოთამაშეები მარტივი და სახალისო გზით ეცნობიან ჟესტურ ენას.

-რაში მდგომარეობს „ჩუს“ იდეა და როგორ ფიქრობთ, რა არის ის განსაკუთრებული რამ, რის გამოც კონკურსის რჩეულთა შორის აღმოჩნდით?

-ჩუ არის სოციალური საწარმო, რომელიც მიზნად ისახავს ჟესტური ენის პოპულარიზაციას და ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას სამაგიდო თამაშების მეშვეობით.სამაგიდო თამაში „ჩუ“ საშუალებას გვაძლევს მარტივი და სახალისო გზით გავეცნოთ ჟესტურ ენას. გარდა ამისა, თამაშს სხვა დადებითი გავლენაც აქვს –  ავარჯიშებს მეხსიერებას. ბავშვებისთვის ასევე სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ავითარებს ნატიფ მოტორიკას, რაც თავისთავად ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას. ვფიქრობ, სწორედ ამ მრავალმხრივად დადებითი გავლენის გამო აღმოვჩნდით კონკურსი BigIdeaChallenge-ის რჩეულთა შორის და გავხდით სოციალური გავლენის კატეგორიის გამარჯვებული.

-როდის და  რატომ გაჩნდა „ჩუს“ შექმნის  სურვილი?

-„ჩუს“ შექმნის იდეა სამი წლის წინ გაჩნდა, რადგან სურვილი გვქონდა ჟესტური ენის პოპულარიზაციის. სამაგიდო თამაში ამის საუკეთესო შესაძლებლობად მივიჩნიეთ, რაც ნამდვილად საინტერესო, სახალისო და პოზიტიური გავლენის მომტანი აღმოჩნდა.

ხომ არ არის უკვე დაინტერესება კონკრეტული პირების ან ორგანიზაციების მხრიდან?

-ჩვენი საქმიანობა რვა თვის წინ დავიწყეთ და ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი დაინტერესება გაჩნდა კონკრეტული პირების და ორგანიზაციების მხრიდან.  გამოგვიჩნდა ბევრი მხარდამჭერი, რომელთა შორის პირველი იყო Tsibakha Game Club. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტარტაპით დაინტერესდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმიც და თამაში „ჩუ“ გახდა მათი საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილი. ჩემთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი,  რომ რამდენიმე თვის წინ „ჩუ“ გახდა სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრი.

-როგორც ვიცი, კონკურსისგამარჯვებულები მიიღებენ მენტორებისა და მარკეტერების დახმარების პაკეტებს თავიანთი იდეების განსავითარებლად,  საინტერესოა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-სამომავლოდ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. პირველ რიგში, გვსურს საქართველოს ყველა რეგიონში მოვაწყოთ გაცნობითი ღონისძიებები და ახალგაზრდებს ვათამაშოთ ჩვენი სამაგიდო თამაში, შემდგომ კი გავცდეთ საქართთველოს საზღვრებს და შევქმნათ თამაშის საერთაშორისო ვერსია. ასევე ვგეგმავთ ახალი თამაშების შექმნას, შემუშავებული გვქვს ხუთი ახალი თამაშის კონცეფცია, რომელთა განსახორციელებლადაც ვცდილობთ საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებას.

გაზიარება:
fb-share-icon0