close
საქართველო

Business Insider თბილისის ლუგარის ლაბორატორიაზე წერს

Business Insider თბილისის ლუგარის ლაბორატორიაზე წერს. სტატიაში, რომელსაც გამოცემის ვებგვერდზე ვხვდებით ნათქვამია, რომ ლაბორატორია, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების მიერ 350 მილიონი დოლარით იყო დაფინანსებული, რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ობიექტი გახსნის დღიდან (2011 წელი) იყო. დღეს კი, გამომდინარე იქიდან, რომ ის COVID-19-ის ტესტირების უმნიშვნელოვანესი ცენტრია რეგიონში, მასთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენები იცვლება. ის პოლიტიკოსები თუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ლაბორატორიის ირგვლივ არსებულ შეთქმულების თეორიებს ემხრობოდნენ, დღეს თვალნათლივ ხედავენ ამ ობიექტის ფუნქციონირების მნიშვნელობას.

Business Insider წერს, რომ თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში COVID-19-ის ტესტების პასუხის მიღება 24 საათშია შესაძლებელი და ეს უფრო სწრაფი მაჩვენებელია, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოსა თუ აშშ-ში ფიქსირდება.

Business Insider წერს, რომ აშშ-ს მთავრობამ ლუგარის ლაბორატორიის გახსნა ინფექციური დაავადებების ტესტირებისა და კავკასიის რეგიონში, საშიში პათოგენების კვლევის მიზნით დააფინანსა. თუმცა, წლების განმავლობაში, რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, ვრცელდებოდა უარგუმენტო ცნობები იმის შესახებ, რომ ამერიკა ლაბორატორიის შენობაში საშიშ ექსპერიმენტებს ატარებდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზიანო იყო. მეტიც, COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც ის ირანშიც დაფიქსირდა, რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმაზეც, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორია ავრცელებდა კორონავირუსს, აშშ-ს ბიოიარაღის წარმოების საიდუმლო პროგრამის ფარგლებში. აქამდე კი რუსული მედია (Ren TV) იუწყებოდა, რომ დაწესებულებამ, C ჰეპატიტთან დაკავშირებული საიდუმლო ტესტირების ფარგლებში, 30 ადამიანი მოკლა. Business Insider-ის თქმით, ამ მოსაზრებებსა და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ უარგუმენტო ბრალდებებს ბევრი მიმდევარი ჰყავდა. მათ შორის, ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიც, თუმცა, დღეს, როცა თბილისის ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია, როგორც ჩანს, ასეთი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების დამოკიდებულებაც იცვლება.

სტატიაში სანდრო ბრეგაძის ციტატაა მოტანილი – ამონარიდი Coda-სთან ინტერვიუდან, სადაც ქართული მარშის წარმომადგენელი ამბობს, რომ ადრე სხვაგვარად ფიქრობდა, თუმცა ახლა მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ვირუსთან ბრძოლის კუთხით. ის, ინტერვიუში, მადლობასაც კი უხდის ლაბორატორიას, გაწეული კარგი სამუშაოსთვის.

წყარო : marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0