close
რაზები

ათი ცხოვრებისეული ფრაზა ოთარ ჭილაძისგან

crop

1. ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ კი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი.

2. მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება მისი სურნელი კი არა.სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე..

3. სახლი კი მხოლოდ იმ ადგილს ნიშნავს,სადაც სხეული ეშვება ხოლმე, ვით სულის ღუზა.

4. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რას ფიქრობს გულში. მთავარია, ვინ რას სჩადის, შეგნებულად თუ მისდაუნებურად. ორივე შემთხვევაში ღმერთის ნებით სჩადის, რადგან ღმერთი არა მარტო მსაჯულია, არამედ წარმმართველი ჩვენი გრძნობებისა. დავუჯერებთ – დაგვსჯის, არ დავუჯერებთ და, უარესად ! საოცარი და საწყენი სწორედ ის არის, დამჯერი გაცილებით მკაცრად რომ ისჯება. ასეთია ღვთაებრივი სამართალი, რასაც ჩვენ (ბრმები, სულელები, უმწეონი) უსამართლობას ვეძახით და არც კი ვუკვირდებით, რამდენად უსამართლონი ვართ თავად ღმერთის მიმართ.

5. მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

6. სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობს გასაგები გახდეს ვინმესთვის.

7. ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.

8. ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორად საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით გულმოკლული და შეძრწუნებული ახლობლებისა. ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ, უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლად იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთ გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი დაეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სსხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი”

9. რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ მით უკეთესი, მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს. თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს, მოსამზადებელი დროა, აი როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები – ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები.

9. მთავარი უბედურება კი ისაა, თავად რომ არის ადამიანი ყველაფერში დამნაშავე, თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი და ყური – ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც… მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება სულ, გაჩენის დღიდან, და აქამდე არ იცის ვერ დაუდგენია, რომელი ურჩევნია, რომელ ნაპირს მიეტმასნოს უფრო მეტად, რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით, რომელს მიეფეროს და რომელს გაულაწუნოს მღვრიე ტალღა სილასავით.

10. თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს.. ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით..

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2