close
ბიზნესისაქართველო

ასკილის უალკოჰოლო ლუდი – პანკისელი ახალგაზრდა ტრადიციების კვალდაკვალ

პანკისის ხეობა  კახეთში, ალაზნის ველზე მდებარეობს.  ისტორიულად, ამ ხეობის სახელს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა და პირი უკავშირდება.  თუმცა, ბოლო პერიოდში ამ ხეობის სახელს საკმაოდ ხშირად ნეგატიურ კონტექსტში გაიგებთ. ეს, ერთი მხრივ, ქართული მედიის, მეორე მხრივ კი – იმ მოვლენების დამსახურებაა, რომელიც პანკისის ხეობაში ხდება.

ეს არის ხეობა, რომელიც ახლოსაა.

ხეობა, რომელიც ეთნიკურად მრავალფეროვანი და ისტორიულად ღირებულია.

აქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს. ბევრი მათგანი ტრადიციებს ინარჩუნებს და წინაპრების საქმიანობის კვალდაკვალ აგრძელებს მოღვაწეობას.

მათ შორისაა 33 წლის შენგელი ტოხოსაშვილი. ის პროფესიით იურისტია, სამართლის მაგისტრი. ცხოვრობს პანკისში, სოფელ ომალოში.

პროკურორობაზე ოცნებობდა, თუმცა სისტემაში მოხვედრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ხეობაში დაბრუნდა, სადაც სამსახურის პოვნა ძალიან გაუჭირდა.

ამჟამად შენგელი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდში“  (KRDF)   მუშაობს ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.

გარდა ამისა შენგელი მცირე მეწარმეობითაცაა დაკავებული. გასული წლის ზაფხულში USAID-მა მეწარმეობის სკოლასთან ერთად ხეობაში პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე”დაიწყო.  სწორედ ამ დროს გაუჩნდა მას ლუდის ჩამოსხმის იდეა და ამ საქმეზე გულმოდგინედ დაიწყო მუშაობა.

ასკილის ლუდის ხარშვის  ტრადიცია ქისტებში  დიდი ხანია  არსებობს. შენგელის ოჯახიც ამ ტრადიციას მისდევდა წლების განმავლობაში.  ადრე  ბებია  ხარშავდა   სხვადასხვა დღეობაზე  და   უმასპინძლდებოდა  სტუმრებს ტკბილი  სასმლით.  

წელს  USAID-ის იდეების კონკურსში სწორედ მისმა  ლუდის ჩამოსხმის იდეამ გაიმარჯვა, რის შედეგადაც   შენგელი შეძლებს საკუთარი იდეის რეალიზებას და ქისტური ლუდის ჩამოსხმას ხეობაში.

რა სირთულეები ახლავს სამუშაო პროცესს და როგორი სამომავლო გეგმები აქვს ახალგაზრდა მეწარმეს პანკისის ხეობიდან, ,,დოქტრინას” კითხვებს შენგელი ტოხოსაშვილმა უპასუხა:

-რა სიძნელეები ახლავს სამუშაო პროცესს და რა ეტაპზე ხართ ამჟამად?

-მოგეხსენებათ,  ლუდის  საწარმო ერთი ადამიანისთვის  არ არის ადვილად გასაკეთებელი საქმე, ამიტომ მიწევს ძალიან ბევრი მუშაობა და საკმაოდ დიდი რესურსების ხარჯვა.  საქმეს სჭირდება საკმაოდ  დიდი   ფინანსები  და  ყველანაირად ვცდილობ,  მოვიძიო  საშუალება და გავაკეთო ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი საწარმო.

-თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული იქნება თქვენი ბიზნესსაქმიანობა?

-ლუდზე  მოთხოვნა ჩვენთან საკმაოდ  დიდია.  ჩვენ  ასევე  სოფელ დუისში გვქონდა დეგუსტაცია და ვინც  კი  დალია, ყველას მოეწონა.   სასმელი არის ნატურალური და ძალიან არომატული. აქვს  ასევე სამკურნალო თვისებებიც. კონკურენციის  პრობლემა  არ  მექნება,  რადგან აღნიშნული სასმელი ძალიან უყვარს  ადგილობრივ მოსახლეობას და  თავისუფლდ მოვახდენ მის რეალიზაციას. თავდაპირველად, რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება და შემდეგ ვეცდები გავიტანო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,  მათ შორის – თბილისშიც.

– რა პერსპექტივები აქვს თქვენ საქმეს და როგორ ხედავთ თქვენი ლუდის  მომავალს?

-ჩემი გათვლებით, ერთ წელიწადში  ეს იქნება საკმაოდ სერიოზული და კონკურენტუნაირიანი საწარმო  და აქ დასაქმებული და ჩართული იქნება  სოფლის მოსახლეობაც.  ასევე მომიწევს ნედლეულის შეძენა და აქ იფუნქციონირებს ასკილის ჩასაბარებელი ადგილი. ადამიანებს შეეძლებათ მინდორში დაკრეფილი ასკილის ჩაბარებით მცირე თანხა  შეიტანონ საკუთარ ოჯახში. აღნიშნული მცენარე საკმაოდ გავრცელებულია ხეობის მინდვრებში და მისი შეგროვება  არ არის რთული საქმე.

მინდა,  ზაფხულში  უკვე გაყიდვაში  იყოს  ლუდი და  ამისათვის  ძალიან ბევრს ვმუშაობ. მიმაჩნია,  ასკილის უალკოჰოლო ლუდი არის  საკმაოდ პერსპექტიული  და  ის ძალიან ადვილად დაიმკვიდრებს ბაზარზე  საკუთარ ადგილს.

 

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთსა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid