close
ემიგრანტი

ქართველი ქალები შთაგონებისთვის: ემიგრაციაში მიღწეული კიდევ ერთი წარმატების ისტორია

Doctrina.ge გიამბობთ ორ წარმატებულ ქართველ ემიგრანტზე – შორენა ხუნწარიასა და ანასტასია ჯენეტტზე, რომლებიც დღეს იმ ქალბატონების შთაგონების წყაროდ იქცნენ, რომლებიც სამშობლოდან შორს აგრძელებენ საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლას. რომში მცხოვრებმა ემიგრანტებმა, რომლებმაც მეგობრობა საკუთარ უპირატესობად, ოცნება კი რეალობად აქციეს, საკუთარი კომპანიის – S.A. Wedding & Events საშუალებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით იტალიაში მნიშვნელოვანი ღონისძიება არაერთ უცხოელ სტუმარს გაულამაზეს.

რას ნიშნავს რომი თქვენთვის როგორც პირადად, ასევე პროფესიულად? 

-უკვე წლებია რომში ვცხოვრობთ და აქაურ გარემოსთან საოცრად სასიამოვნო პირადი თუ პროფესიული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. ეს ქალაქი, გარდა იმისა რომ ულამაზესია, ვფიქრობ, განსაკუთრებულად აფასებს ხელოვნებას და ეს ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. მიუხედავად, ამისა, საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა და საკუთარი თავის უცხო ქვეყანაში დამკვიდრება, სადაც არავინ გიცნობს, არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა.

თუმცა, ევროპაში არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ წარმოშობით, მთავარია იცოდე შენი საქმე და მისი კეთების უფლება გქონდეს. პროფესიონალიზმი ყველგან ფასდება.

რა არის შესამჩნევი კულტურული განმასხვავებელი ნიშნები ქართველ და იტალიელ დამკვეთებს შორის, როდესაც საქმე ქორწილებისა და ღონისძიებების დაორგანიზებას ეხება? 

-ევროპელი მომხმარებელი, როგორც წესი, მინიმუმ ერთი წლით ადრე იწყებს მზადებას და თანამშრომლობას, აქვს წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტი და იცის ქალაქი, სადაც სურს ღონისძიების დაგეგმვა, რაც ჩვენთვის, როგორც ორგანიზატორებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ დეტალები. ჩვენს თანამემამულეებს, ხშირ შემთხვევაში, წინასწარ არ აქვთ გადაწყვეტილი ქორწილი ევროპაში გადაიხდიან თუ სამშობლოში, ბიუჯეტიც კი თითქმის არასოდეს ვიცით წინასწარ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენოთ და ხარისხიანი პროდუქტი მივაწოდოთ დამკვეთს. გვქონია შემთხვევები, როდესაც ქართველი სტუმრები ვერ შეეგუვნენ იტალიურ სუფრის ტრადიციულ მომსახურეობას, წარსულში, ეს შეუთავსებლობა გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნიდა.

ხომ ვერ გაიხსენებდით წყვილს, რომელმაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრათ თავი?

-ალბათ, პირველი ქართველი წყვილი – საოცრად პოზიტიური. თავად აირჩიეს დაწესებულება და სივრცის გაფორმებისთვის დაგვიკავშირდნენ, რასაც შემდგომ დაემატა ქორწილის სრული დაგეგმარებაც. ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ყველაზე სასიამოვნო ამ ყველაფერში მათი გულწრფელი კმაყოფილება გახლდათ, ეტყობოდათ რომ ჩვენი მომსახურებით ბედნიერები იყვნენ. ვთვლი, რომ კლიენტის ამ დამოკიდებულებისა თუ ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია ორივე მხარისთვის სასურველი შედეგის მიღება.

გაქვთ თუ არა რაიმე ტრადიცია რომელსაც ყოველთვის იყენებთ თქვენს ღონისძიებებში? 

-ჩვენი პირველი ღონისძიებიდან მოყოლებული, ტრადიციად დავამკვიდრეთ ჩვენი წყვილებისთვის მცირე, სიმბოლური ხასიათის სიურპრიზების გაკეთება, რაც მათ იტალიასა და ჩვენს გუნდს მომავალშიც სასიამოვნოდ გაახსენებს.

გეგმავთ თუ არა ოდესმე საქართველოში დაბრუნება და ამ საქმის იქ გაგრძელებას? 

-ამ ეტაპზე გუნდის გაფართოებასა და თანამემამულეებთან კრეატიულ თანამშრომლობაზე ვფიქრობთ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საქართველოში მუშაობაა, რადგან ძალიან გვსურს უცხოელ კლიენტებს საქართველო გავაცნოთ და ჩვენი ულამაზესი კულტურაც შევაყვაროთ. იტალია მსოფლიოს მისი სტუმართმოყვარეობის გამო უყვარს, ამ მხრივ კი, საქართველოს ძალიან ცოტა ქვეყანა თუ შეედრება.

რას ურჩევდით ახალგაზრდა ქართველ ქალებს, რომლებიც ოცნებობენ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე, განსაკუთრებით საზღვარგარეთ? 

-პირველ რიგში, ისეთი საქმე წამოიწყეთ რაც ძალიან გიყვართ, ნუ შეუშინდებით სირთულეებს, იყავით კარგი პროფესიონალები და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს!

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0