მეცნიერებმა აღმოაჩინეს იშვიათი გენეტიკური და ბიოლოგიური თავისებურებები, რომლებიც შეიძლება ხსნიდეს ესპანელი მარია ბრანიასის ფენომენალურ დღეგრძელობას – მან 117 წელი იცოცხლა და ამავდროულად გასაოცრად კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნა, – წერს Indian Defence Review.
ახალი გენეტიკური კვლევა, რომელიც ჟურნალში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა, ბარსელონაში მდებარე კარერასის ლეიკემიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ქალის სისხლის, ნერწყვის, განავლისა და შარდის სრული ანალიზი გააკეთეს და დაადგინეს, რომ მისი ორგანიზმის მრავალი უჯრედული მარკერი რეალურ ასაკთან შედარებით ათწლეულებით „უმცროსად“ გამოიყურებოდა. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა ჯანმრთელი დაბერებისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზების აღმოჩენაში შეიძლება დაგვეხმაროს.
აღნიშნულია, რომ ბრანიასს ჰქონდა ანთებითი პროცესების უფრო დაბალი დონე, უკეთესი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა და იმუნური სისტემა, ვიდრე მასზე რამდენიმე ათეული წლით უმცროს ადამიანებს. მისი ნაწლავის მიკრო ფლორაც მაღალი მდგრადობით გამოირჩეოდა. მიღებული შედეგები მიუთითებს იშვიათ გენომურ პროფილზე, რომელიც ქალს ასაკობრივი დეგრადაციისგან იცავდა.
„ადამიანის უკიდურესად ხანგრძლივი სიცოცხლე, რომლის მაგალითსაც სუპერდღეგრძელები წარმოადგენენ, დაბერების გააზრებაში ერთგვარი პარადოქსია: მიუხედავად სიბერისა, ისინი შედარებით კარგ ჯანმრთელობას ინარჩუნებენ“, – წერენ მკვლევრები.






