როგორც ყველა ვხედავთ, ვაკვირდებით და ვაცნობიერებთ თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება. არა თუ მსოფლიო, არამედ ჩვენი მიკრო სამყაროც. ყველაფერი რასთანაც შეხება გვაქვს ოჯახში, საზოგადოებაში, პროფესიაში – ყველაფერი ტრანსფორმირებს და იცვლება, ვითარდება,იხვეწება. თანაც ისე, რომ უნდა სწავლის გარეშე ცვლილებების დაუფლება ხანდახან რთულდება. ადამიანები სულ უფრო მეტად თავისუფლდებიან რუტინული და დამღლელი შრომისგან, – მათ ახალი შესაძლებლობების რობოტები ანაცვლებენ. თავის მხრივ, მეცნიერება და ტექნოლოგიები სრული მყისიერი ცვლილებებისთვის მზადაა. ერთადერთი,რაც ამ პროცესს აფერხებს ჩვენი მხრიდანადაპტაციის ბუნებრივი პროცესია. ესეიგი ევოლუციისა და განვითარებისთვის – გარდაუვალიატრანსფორმაცია! აღნიშნულს სიმძაფრეს სძენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მკვეთრი და მყისიერი ზრდა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ პროცესებს კარგად დავაკვირდეთ. ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და გავრცელება, ახალი მეცნიერული გარღვევები ყველა მიმართულებით, გლობალური ბაზრების გადანაცვლებები და გლობალური კონკურენცია, დემოგრაფიული საკითხები და შესაბამისად, ამ პროცესთან დაკავშირებული შოკები ქმნიან გარემოს, სადაც ამა თუ იმ საზოგადოებას მუდმივად უწევს ადაპტაცია. ასეთი პროცესების დროს, ცვლილებების გარდამავალ პროცესში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესია, რომელიც ამ ცვლილებებს არა მხოლოდ აღწერს, არამედ განმარტავს, აანალიზებს და მართავს — ეკონომისტის პროფესია. გამომდინარე იქიდან, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელ ფაზაშიც ახლა თანამედროვე მსოფლიო იმყოფება, უპრეცედენტოდ მასშტაბურია და არსებითად განსხვავებული ყველა სხვა რევოლუციებისგან, –შესაბამისად, ამ პროცესებში უპრეცედენტო მნიშვნელობას იძენს ეკონომისტის პროფესიაც და ამას ავხსნით რატომაც. ჩვენი პუბლიკაციის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, დაგანახოთ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული მოქალაქისთვის ამ პროფესიის მქონე ადამიანი აღნიშნულ ტრანსფორმაციულ პროცესებში და შესაბამისად ყურადღება გავამახვილოთ ინდივიდების ეკონომიკურ აზროვნებასა და ეკონომისტის როლზე აღნიშნული პროცესების მართვაში.
ეკონომისტის პროფესია საზოგადოებისთვის მეტწილად რთული, გაურკვეველი და თითქოს უმნიშვნელოც გახლავთ ამ თვალსაზრისით, –განსაკუთრებით ქართულ რეალობაში. სულ თითზე ჩამოსათვლელ ეკონომისტებს თუ გავიხსენებთ არამც თუ გლობალური, არამედ თუნდაც ლოკალური, ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ცნობიერება და აღიარება მიეღოს. თუმცა, ეს თავის მხრივ სულაც არ ნიშნავს ეკონომისტის პროფესიის უმნიშვნელობასა და მეორეხარისხოვნობას.
ეკონომიკა – ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული შეზღუდული რესურსების მართვის პროცესი ისე, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ კონკრეტული საზოგადოების, სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ინდივიდის კეთილდღეობა. რესურსი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური. მატერიალური შეიძლება იყოს ყველაფერი რასაც ხელით ვეხებით, ვქმნით ან ბუნებრივი სახით არსებობს და ვიყენებთ ან ვამუშავებთ, შეიძლება მათი დათვლა და გაზომვა. მეორეს მხრივ არა-მატერიალისტური შეიძლება იყოს უხილავი, მაგალითისთვის ინტელექტუალურირესურსი. თანამედროვე ეპოქაში ყველაზე უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხდება სწორედ არა–მატერიალისტური რესურსები ცოდნა, დრო და ინსტიტუციები — ანუ ის, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ გარდამავალი პერიოდი ნაკლებ მტკივნეულად გადაიტანოს და მაღალი ეფექტურობით ადაპტირდეს, განვითარდეს. თავის მხრივ, ეკონომისტი არის ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს აკვირდება, შეისწავლის, აანალიზებს და იძლევა საუკეთესო გამოსავლებს ოპტიმალური და რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად.
ეკონომისტი არის ადამიანი, ვინც ხედავს სისტემებს, ადგენს მიზეზ-შედეგობრიობას იქ, სადაც სხვები მხოლოდ მოვლენებს ამჩნევენ. ის სწავლობს, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს, როგორ ნაწილდება შეზღუდული მრავალფეროვანი რესურსები, რა განაპირობებს კონკრეტულმოქმედებას საზოგადოებაში, თუ ინდივიდში და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკეთ ორგანიზება. ეკონომისტის პროფესია ხშირად აღიქმება ზედაპირულად — თითქოს საქმე მხოლოდ ციფრებთან, გრაფიკებთან, ფინანსებსა და ბიუჯეტებთან გვაქვს, რაც არ გახლავთ მართებული დამოკიდებულება.
კაცობრიობის ისტორიის გზას თუ დავაკვირდებით ის ევოლუციურია და მუდმივად არსებობდა ცვლილებისა და განვითარების დინამიკა.შესაბამისად პროფესია, რომელშიც ეკონომისტს ვგულისხმობთ ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვანი გახლდათ. დიახ, ასეც არის. თუმცა, დღევანდელ ჩვენს რეალობაში, რა პროცესების მონაწილეც ვართ – გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია, გლობალიზაციის მასშტაბები, კლიმატური ცვლილებები, დემოგრაფიული გამოწვევები, ტექნოლოგიური შოკები – ცვლილებების მასშტაბები უპრეცედენტოა და თანაც გარდაუვალი. ასეთ დროს აუცილებელი ხდება გონი, რომელიც მიმართულების მიმცემი იქნება, შეუძლია პროცესების დაკავშირება და ანალიზი, პროგნოზების მეტ-ნაკლები ადეკვატურობა, სისტემური აზროვნება, რომელიც ქაოსს მართვისთვის სისტემას მისცემს და პროცესების დამორჩილებას მოახერხებს, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ უარყოფითი შედეგები.
როდესაც ვსაუბრობთ ეკონომისტის პროფესიაზე და მის მნიშვნელობაზე საზოგადობის კეთილდღეობაში,მნიშვნელოვანია მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ ის გახლავთ საზოგადოებრივი რთული სისტემის ნაწილი და ერთი პიროვნება, ან თუნდაც მსგავსი უნარ-ჩვევების მქონე პიროვნებათა ჯგუფი ამ პროცესებში ვერ მოახერხებს სასურველი შედეგის უზრუნველყოფას. აუცილებელი ხდება საზოგადოების კრიტიკულმა მინიმუმმა დაიწყოს ეკონომიკური აზროვნება, – მიუხედავად პროფესიისა თუ საზოგადოებრივი სტატუსისა. აი აქ კი, ამ პროცესებში ეკონომისტის წვლილი უმნიშვნელოვანესია და ამ პროფესიის ადამიანებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე.
მაინც რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამ გარდაქმნების დროს ეკონომისტის პროფესია:
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყურადღებას ერთ კონკრეტულ პროფესიაზე ვამახვილებთ, ქმედითობისთვის აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ საკითხს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და მაღალი ემოციური ინტელექტი.
ეკონომიკური პოლიტიკა, თავის მხრივ, არის ინსტრუმენტების სისტემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო მართავს ეკონომიკურ პროცესებს, რომ მიღწეული იყოს სტაბილურობა, კეთილდღეობის ზრდა და მოქალაქეთა მაღალი სიცოცხლის ხარისხი, ინოვაციურობა და სოციალური სამართლიანობა. შეიძლება ითქვას, რომ ის გახლავთ ხიდიმეცნიერებასა და მის იმპლემენტაციას, ანუ მეცნიერების რეალურ ცხოვრებაში დანერგვას შორის. ეკონომისტი ამ ხიდის მშენებელია. ის აფასებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ინიციატივებს, მოქმედებებს, აანალიზებს რისკებს და განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება მან იმოქმედოს სხვადასხვა ჯგუფებზე და როგორშეიძლება მისი გაუმჯობესება. სწორად მართული ეკონომიკური პოლიტიკა ქმნის გარემოს, სადაც ბიზნესი ვითარდება, ინოვაციურობის კოეფიციენტი მაღალია, მოქალაქეებს ექმნებათ უკეთესი შესაძლებლობები, საზოგადოება მდგრადია და სიცოცხლის ხარისხიც მაღალი.
ეკონომიკური აზროვნება არჩევანია, რომელიც უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, შესაბამისად კონკრეტულმა ინდივიდებმა. ასეთ დროს ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას როგორც საკუთარი თავის, ოჯახის და ჩვენი გარემოცვის, – ასევე იმ საზოგადოებისა და სოციუმის წინაშეც, რომელშიც ვცხოვრობთ და ვარსებობთ. როდესაც დარგის სპეციალისტები და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები დაიწყებენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გაცნობიერებაზე მუშაობას, ეკონომიკური აზროვნების კრიტიკული მინიმუმი სარფად განისაზღვრება და დადებითი პროცესებშიც სწრაფად შევიტანთ ჩვენს წვლილს.
გიორგი მიქანაძე
ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“







