ციურიხისა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, სისხლძარღვების დახშობის შედეგად დაზიანებული ტვინის აღდგენა, შესაძლოა, ღეროვანი უჯრედების ინიექციებით მოხდეს.
ეს შედეგები დაკარგული ფუნქციების აღდგენაში შეიძლება დაეხმაროს ისეთ პაციენტებს, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს.
მკვლევრებმა ინსულტის შედეგად დაზიანებული ტვინის მქონე თაგვებს ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეუყვანეს. შედეგად, შეყვანილ უჯრედების უმეტესობა ადგილზე დარჩა და განვითარდა სრულად ფუნქციონირებადი ნეირონების თვისებები.
“ღეროვანი უჯრედები ხუთი კვირის განმავლობაში გადარჩა და მათი უმეტესობა ნეირონებად გარდაიქმნა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ნეირონებმა ტვინის სხვა უჯრედებთან კომუნიკაცია დაამყარა”, — ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კრისტიან ტაკენბერგი.
მეტიც, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სისხლძარღვების თვითაღდგენაც მოხდა. შედეგად დაფიქსირდა ტვინში ანთების შემცირება და სისხლი-ტვინის ბარიერის გაძლიერება. თაგვებს აღენიშნათ მოძრაობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაც. ეს ნამდვილად საკვანძო აღმოჩენაა, რადგან ინსულტი სერიოზულად აზიანებს სხეულის მოტორიკას.
კვლევა ამავე მკვლევრების ნაწილის ძველ ნაშრომს ეფუძნება, რომელშიც ინსულტის შემდეგ ღეროვანი უჯრედების შეყვანის ოპტიმალურ დროს სწავლობდნენ. მიგნებები მკურნალობის მეთოდების შემუშავებისთვის მნიშვნელოვანი იქნება — როგორც ჩანს, ინსულტის შემდეგ ტვინის გარკვეული სტაბილიზებაა საჭირო. უკვე ამის შემდეგ შეიძლება ტრანსპლანტაცია ეფექტიანი იყოს.
წინა კვლევებისგან განსხვავებით, ამჯერად მეცნიერებს გადანერგილი უჯრედების მხოლოდ გადარჩენა არ აინტერესებდათ — მათ სურდათ გაეგოთ, წარმოიქმნებოდა თუ არა შედეგად ნერვული კავშირები.
“ჩვენი კვლევა უფრო კომპლექსურია და ის სცილდება გადანერგვის შემდეგ მყისიერ ეფექტებზე დაკვირვებას”, — ამბობს ტაკენბერგი.
დღესდღეობით ინსულტის მიერ ტვინისთვის მიყენებული ზიანი ფაქტობრივად გამოუსწორებელია და საერთო ჯამში, მოსახლეობის მეოთხედს ეხება. ინსულტის მიერ გამოწვეული შიდა სისხლდენა და ჟანგბადის უკმარისობა სამუდამოდ ანგრევს ტვინის უჯრედებს.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ღეროვანი უჯრედების თერაპიას გამოიყენებენ ისეთი დაზიანებების აღსადგენად, რომლებიც ამჟამად გამოუსწორებელია. ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს უკვე ვხედავთ — მათ შორის დიაბეტისა და მხედველობის დაკარგვის სამკურნალო საშუალებებში.
იმის უკეთ დასადგენად, თუ რამდენად მუშაობს ეს მეთოდი საჭირო იქნება დამატებითი კვლევები. წინ კვლავ ბევრი გამოწვევაა. ტვინში ნებისმიერი ჩარევა შეიძლება უარყოფითად წარიმართოს, ამიტომ პროცესებს დიდი კონტროლი სჭირდება.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”