close
კატეგორიის გარეშე

5 წლის ალექსანდრე ჯაჭვაძე-ბავშვი, რომელსაც 7 ენაზე კითხვა და საუბარი შეუძლია

სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული. სიტყვებს აწყობდა. ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. ფოტოების გადასაღებად სათამაშოების ყუთიდან საყვარელი მანქანა ამოიღო და ისე პოზირებდა, შემდეგ ისევ მაგიდასთან დაჯდა. სახატავ პალიტრაზე ფერების ჩამოთვლა ვთხოვე, რაც ალბათ არც კი უნდა “მეკადრებინა”, რადგან ეს მისთვის ყველაზე ადვილი დავალებაა, “ის ხომ 7 ენაზე კითხულობს და საუბრობს! არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო იმ ფაქტს, როცა 5 წლის ბავშვი 7 ენას ფლობს. ალბათ ფენომენალური ნიჭი, ეს მართლაც საოცრებაა.

ეკო სანებლიძე (ალექსანდრეს დედა):
– ალექსანდრე 29 ივლისს 4 წლის გახდა. როგორც ყველა დღევანდელი ბავშვი, თავდაპირველად ისიც ტელეფონში “იუთუბზე” ვიდეოების ყურებით იყო გატაცებული. ლაპარაკი გვიან დაიწყო და პირველი რაც თქვა, ინგლისური ანბანი იყო. ამის შემდეგ “დავიწყეთ” რუსულად ლაპარაკი და ამას მოჰყვა ქართული. ჯერ ანბანს ამბობდა, მერე სიტყვების აწყობა დაიწყო კლავიატურაზე, მერე ერთი სიტყვა მეორეს მიაბა, მესამე, მეოთხე და წინადადება დაალაგა. ნელ-ნელა გადავიდა წიგნის კითხვაზე.
ამ სამ ენას მოჰყვა სხვებიც და ნელ-ნელა აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ უკვე კიდევ ერთი ენა იცის. ახლა მეშვიდეს სწავლობს. ყველაფერს თავად ეძებს ინტერნეტის მეშვეობით.
– დღეს უკვე რამდენი ენა იცის?
– ქართული, ინგლისური, რუსული, ესპანური, უკრაინული, ხოლო ბერძნულსა და არაბულს ახლა სწავლობს საფუძვლიანად.
– ალბათ ყველა დაინტერესდება, სიტყვები იცის, თუ უცხო ენებზე წინადადებების “დალაგება” შეუძლია?
– ქართულად, რუსულად, უკრაინულად და ესპანურად ჩვეულებრივად, გამართულად საუბრობს. ჩემი მეგობრის მეუღლემ კარგად იცის ესპანური, ზაფხულში ოჯახები ერთად ვისვენებდით და ალექსანდრე მასთან ესპანურად გამართულად საუბრობდა. ვერ ვიტყვი, რამდენად კარგად ფლობს ბერძნულს, რადგან ირგვლივ არავინ გვყავს, ვინც ეს ენა იცის. თუმცა, გარკვეულ დონეზე ბერძნული მამაჩემს ესმის და აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ ის ფრაზები, რასაც ალექსანდრე ბერძნულად ამბობს, სწორია. რაც შეეხება არაბულს, მოგეხსენებათ, დღეს თბილისში ბევრი შესაძლებლობაა, რომ გავიგოთ, რამდენად კარგად ფლობს ალექსანდრე ამ ენას. არაბი მეზობლებიც გვყავს, მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ და კომუნიკაცია სულ გვიწევს. მათ გადასარევად ეკონტაქტება და შეიძლება ითქვას, მისი სახით ჩვეულებრივი თარჯიმანი მყავს (იღიმის).
GzaPress– როგორც წესი, ამბობენ, რომ ბავშვი პირველ რიგში მშობლიურ ენას უნდა დაეუფლოს და არ არის სასურველი სკოლამდელი ასაკის ბავშვს სხვა ენებიც ვასწავლოთ…
– დიახ, მეც ასე ვფიქრობ. ამას წინათ თანამშრომელმა მკითხა, ბავშვს ამდენ ენას რატომ ასწავლიო? კომპლიმენტად მივიღე, რადგან როგორც ჩანს “მეტყობა” რომ ამდენი ენა ვიცი. სინამდვილეში ფიზიკურად ეს შეუძლებელია, რადგან ეს ენები მეც არ ვიცი, არც ვინმემ ჩემ გარშემო და თან იმ დონეზე, რომ ბავშვს ვასწავლოთ.
– თუ გყოლიათ ფსიქოლოგთან, რომელიც შეაფასებდა, რა ჰქვია ამ მდგომარეობას და მიდრეკილებას ენებისადმი?
– დიახ. 2 წლის ასაკში ექიმმა გვითხრა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ფარული აუტიზმი.
– ამ დროს ალექსანდრე უკვე საუბრობდა?
– დიახ. აუტიზმის ბევრი ნიშანი ჰქონდა, მაგრამ დადგენა ჭირდა, რადგან პატარა იყო. ბავშვთა ნევროპათოლოგმა გვითხრა, რომ უმჯობესი იყო, გამოკვლევები გადაგვედო. 3 წლის რომ გახდა, ექიმთან კიდევ მივედით, ყველანაირი ტესტი ჩავიტარეთ, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ აუტიზმის ნიშანი არ გვაქვს. როგორც სპეციალისტმა გვითხრა, უბრალოდ ნიჭიერი ბავშვია და აქვს ასეთი ინტერესი.
– საინტერესოა, ენების სწავლისას რა თემებით ინტერესდება განსაკუთრებულად?
– ცხოველები და ფრინველები ძალიან უყვარს, ასევე ინფორმაცია პლანეტებზე. რაც კი “იუთუბზე” მოიძებნება, ყველანაირ ინფორმაციას ფლობს. როგორც ვაკვირდები, მათემატიკა დიდად არ მოსწონს. რაღაცას რომ მეკითხება და ვუხსნი, მაქსიმუმ ორჯერ მჭირდება ხოლმე გამეორება. ეტყობა მეც ვერ განვმარტავ მისთვის გასაგებ ენაზე, რადგან არ მაქვს ამის გამოცდილება. მიმატება, გამოკლება, გამრავლება ვისწავლეთ, მაგრამ ვერაფრით მიხვდა, გაყოფა რა იყო. დაახლოებით ათი მცდელობის მერე, ბოლოს მიხვდა პრინციპს – გამრავლება, ოღონდ პირიქითო (იღიმის).
– თქვენ და თქვენი მეუღლე რა პროფესიის ბრძანდებით?
– ხელოვნებათმცოდნე ვარ, ხოლო ჩემი მეუღლე პოლიციელია.
– ორი შვილი გყავთ. ელენეს თუ აქვს ალექსანდრეს მსგავსი მიდრეკილებები?
– ელენე 1 წლის და 10 თვისაა. ვფიქრობ, სრულიად ჩვეულებრივი ბავშვია. ქართულად და ინგლისურად კითხვა მანაც იცის. ალბათ ალექსანდრეს ზეგავლენის ქვეშაა და ისწავლა. ეს ჩემთვის უკვე იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.
– როგორ ნაწილდება ალექსანდრეს დღე? ბაღში არ დადის, ხომ?
– ბაღში არ დადის. არ მოსწონს. ყოველი წლის დასაწყისში ვწვალობთ მე და მასწავლებლები. წელს საზაფხულო ბაღიც ვცადე, მაგრამ აზრი არა აქვს. თუ დავტოვებ, ტირის. მეც თუ ვარ იქვე, ჩერდება, ბავშვებთან თამაშობს, მაგრამ მერე ერთი საათის, საათნახევრის მერე მეუბნება, წავიდეთ, დავიღალეო. დღე იწყება თამაშით. მისი ინტერესის ერთ-ერთი სფერო მატარებლებია და აუცილებლად მატარებლებით უნდა ითამაშოს. უჭმელია და ჭამის პერიოდში კომპიუტერს ვრთავთ, იქნებ ასე მაინც ჭამოს, მაგრამ იშვიათად ამართლებს. ამის შემდეგ იწყებს თამაშს, კითხულობს და ა.შ. საღამოს ელენეს ზღაპრებს უკითხავს. რაც ალექსანდრემ ქართულად გამართულად კითხვა ისწავლა, დავისვენე (იღიმის). დაუჯდება ელენეს, უკითხავს და არიან ორივე მშვიდად. ბევრს კითხულობენ, მაგრამ ახლა ახალი ნაყიდი გვაქვს “პრინცი ბაყაყი” და მასზე არიან ჩაციკლულები.
– ალექსანდრე თქვენზეა მიჩვეული?
– კონკრეტულად ერთ ადამიანზე დამოკიდებული არ არის. ყველა ვმუშაობთ, სახლიდან გასული ვართ და ხან ვისთან უწევს ყოფნა და ხან ვისთან.
– როგორც ჩანს კონტაქტურია, არ იცის მორცხვობა…
– დიახ. თავიდან არ იყო კონტაქტური, დაახლოებით 2 წლამდე ასე გრძელდებოდა და ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო, ექიმთან მიყვანა რომ გადავწყვიტეთ. ახლანდელი თაობა განსხვავებულია, ინდივიდუალური. ყველა თავის სამყაროში ცხოვრობს.
– უყვარს ცირკი, ზოოპარკი, გასართობი ცენტრები?
– ძალიან უყვარს ზოოპარკი. იქ მის ერთ-ერთ ნათლია შოთა ზანდუკელთან ერთად დავდივართ და სანამ არ დაიკეტება და ცხოველები არ დაიძინებენ, მანამდე ზოოპარკში ვართ ხოლმე. შოთას შინ გველები, ნიანგი, ძაღლები ჰყავს და ალექსანდრეს იქ მისვლა განსაკუთრებით სიამოვნებს. რაც შეეხება გასართობ ცენტრებს, ალექსანდრეს არ უყვარს ხმაური, თუმცა, უყვარს ბატუტები, ბურთები. ალექსანდრეს ოთხი ნათლია ჰყავს და თითოეული “იბრალებს”, რომ მან დაანათლა ბავშვს ეს ნიჭი. ძალიან ამაყობენ (იღიმის).
– უკვე გიფიქრიათ, სად შეიყვანთ – კერძო თუ საჯარო სკოლაში?
– ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდნენ. ალექსანდრე მეორე კლასში რომ გადავა, იმ წელს შევა ელენე სკოლაში. ორი ბავშვის კერძო სკოლაში ტარება შეიძლება გამიჭირდეს, ვნახოთ, იმ დროს ფინანსურად როგორ ვიქნებით.
– ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ვფიქრობ, რამდენად მოახდენს თავის ცოდნის წყალობით თანატოლებთან ადაპტირებას, რადგან უმეტეს შემთხვევაში, პირველ კლასელებმა წერა-კითხვა არ იციან და ის უკვე 7 ენას ფლობს.
– არ ვიცი (იღიმის). ალექსანდრეს აქვს თანატოლებთან კონტაქტი და ფანტასტიკურად გამოსდის მათთან ურთიერთობა, მაგრამ სკოლაში რა იქნება, ვერ გეტყვით.
– პატარა დაიკოზე ეჭვიანობს?
– თავიდან “მეორედ მოსვლა” გვქონდა. არ აღიარებდა. ტირილით რომ გამსკდარიყო, ალექსანდრეს რეაქცია არ ჰქონდა, თითქოს არც ესმოდა. გაზაფხულზე ბავშვები ეზოში მყავდა ჩაყვანილი. ვიღაც ბიჭი მოვიდა და ელენეზე იკითხა, რა ჰქვიაო? ალექსანდრემ ის მხრით გასწია და უთხრა, – ეს ელენეა, ჩემი და, გაიწიეო. მას შემდეგ არ აძლევს უფლებას სხვა ბავშვებს, ელენეს გამოელაპარაკონ. ასე ეფერება: “ჩემო ანგელოზო, რა ლამაზი ხარ”… ეს სიტყვები პირველად რომ უთხრა, ბევრი ვიტირე (იღიმის).

წყარო: kvirispalitra.ge

გაზიარება:
fb-share-icon0