close
კულტურასაქართველო

15 წლის ქართველი პიანისტი, რომლის შემოქმედებაც უკვე მსოფლიომ გაიცნო

ილია ლომთათიძე 15 წლის მუსიკოსია, რომელმაც საკუთარი შემოქმედება უკვე არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელსაც გააცნო. ახალგაზრდა პიანისტი მრავალი ჯილდოს მფლობელია და ახლახან შვეიცარიელი მსმენელის წინაშეც წარადგინა საკუთარი თავი. საკუთარი გამოცდილების შესახებ ილია თავად გვესაუბრება.

ილია, როდის დაინტერესდი მუსიკით პირველად და როგორ გახსენდება პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

-უკვე 7 წლის ასაკში დავიწყე  სწავლა მუსიკალურ სკოლაში და მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ვმოღვაწეობ.  8 წლის ასაკიდან  გავხდი ფონდ ,,SOS Talents Foundation-ის“   სტიპენდიატიც და ჩვენი ფონდის  გალაკონცერტები საფრანგეთისა თუ შვეიცარიის ტელევიზიებით რამდენჯერმე გადაიცა.  სწავლას ამჟამადაც ვაგრძელებ და ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში, ნატალია ნაცვლიშვილის კლასში ვიღებ მუსიკალურ განათლებას.

როგორც ვიცი, ძალიან ბევრ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული, გვიამბე მათ შესახებ.

-საერთოდ, ნებისმიერი კონკურსი ჩემთვის  განსაკუთრებულია, რადგან მას დიდი მომზადება სჭირდება და შედეგი მხოლოდ რამდენიმე წუთიანი გამოსვლის შემდეგაა შესამჩნევი, თუმცა – აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მონაწილეობა არაერთ კონკურსსა თუ ფესტივალში მაქვს მიღებული, მათგან გამოვარჩევდი: ,,Annecy Classic Festival-ს“, „FESTIVAL D’AUVERS-SUR-OISE-ს“,  ,,Ljubjana Festival-ს’’. ყოველწლიურად  ვმონაწილეობ  ბათუმის საერთაშორისო ფესტივალშიც, რომელიც დააარსა იუნესკოს მშვიდობის ელჩმა, ცნობილმა პიანისტმა – ელისო ბოლქვაძემ.

ბოლო დროს, შვეიცარიაშიც გამართე კონცერტი.

დიახ, 2017 წლის ზაფხულში მონაწილეობა მივიღე საზაფხულო აკადემიაში – «MISA» რომლის დამფუძნებელი პიანისტი – შორენა ცინცაბაძეა. ,,მისას” ორგანიზებით ახლახან სოლოკონცერტი გავმართე შვეიცარიაში, ბაზელში, რის შემდეგაც, კვლავ მივიღე მოწვევა კონცერტზე, რომელიც 2019 წელს, ორკესტრის თანხლებით გაიმართება.

-შვეიცარიის გარდა რომელ ქვეყნებში წარგიდგენია შენი შემოქმედება?

სისტემატურად ვუკრავ  პარიზში „SOS Talents Foundation-ის“ მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე: მარსელ  დასოს სასახლეში; ჰოლანდიაში, ,,კონცერტგებაუს“ საკონცერტო დარბაზში და ჟენევაში – გაეროს შტაბბინაში. 2015 წელს მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო  კონკურსში  ,,Astana Piano Passion-ი”, სადაც  მოვიპოვე პირველი პრიზი, ავიღე გრან-პრი  და ყაზახეთის პრეზიდენტ  ნურსულთან ნაზარბაევის სპეციალური პრიზი. ამის შემდეგ, დენის მაცუევისგან მივიღე მოწვევები მის პროექტებში „Звёзды на Байка́ле“, და „Crescendo-ს“ საიუბილეო კონცერტებში სოჭში, ირკუტსკში, ფსკოვში, მოსკოვში. 

რომელია შენთვის საყვარელი ნაწარმოები და რატომ?

ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს რეპერტუარში ყველა ნაწარმოები მომწონდეს, რადგან, სხვა შემთხვევაში, მათი შესრულება და გრძნობების თუ სათქმელის ხალხისთვის მიწოდება ძალიან გამიჭირდებოდა. რთული ნაწარმოებიც კი მარტივად შეიძლება გეჩვენოს, თუ ის ნამდვილად გიყვარს.

მუსიკის გარდა რითი ხარ დაკავებული და საინტერესოა, როგორ ხედავ თავს უახლოეს მომავალში.

-თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ლიტერატურის კითხვა, ხატვა, პერსონაჟების შექმნა და შემდეგ მათი ფურცელზე გადატანა. აგრეთვე, დიდ სიამოვნებას მანიჭებს მეგობრებთან ერთად ყოფნა, ამ ყველაფრის კეთებისას თითქმის ყოველთვის ვუსმენ მუსიკას, რაც ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდის. მომავალს რაც შეეხება, მიხარია, როდესაც ჩემს თავს დიდ სცენებზე წარმოვიდგენ, იმედი მაქვს ჩამოვყალიბდები ძლიერ პიანისტად, თუმცა მუსიკოსობას პროფესიას ვერ ვუწოდებ, ეს ჩემი ცხოვრების სტილია.

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid