close
ბიოლოგიამედიცინა

14 წლის გოგონა, საკუთარი სურვილით, კრიოგენურად გაყინეს

,,ვკვდები, მაგრამ 200 წელში დავბრუნდები,  ” – ეს სიტყვები 14 წლის გოგონას ეკუთვნის, რომელიც კიბოსგან გარდაიცვალა და, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, კრიოგენურად გაყინეს.

გოგონამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ იმედით მიიღო, რომ ერთ დღეს მისი გაღვიძება და განკურნება გახდება შესაძლებელი.  დედა გოგონას სურვილს დაეთანხმა, მამა კი – სასტიკი წინააღმდეგი იყო. მშობლებს შორის უთანხმოების გამო გოგონამ სასამართლოს მიმართა.

,,არ მინდა სიკვდილი, თუმცა ვიცი, რომ ვკვდები. სიცოცხლე მინდა და მინდა ეს შანსი დავიტოვო, ” – აღნიშნულია გოგონას მიერ სასამართლოსადმი მიწერილ წერილში.  იგი სასამართლოს სთხოვდა, დედისთვის მისი სურვილის ასრულების უფლება მიეცათ.

ჯ.ს.-ს, რომელიც დედასთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა, იშვიათი ფორმის კიბოს დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს, რამდენიმე თვის წინ კი აცნობეს, რომ მას დაავადების ბოლო სტადია ჰქონდა.

ამის შემდეგ გოგონამ ინტერნეტით ორგანიზმის კრიონიკული შენახვის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო. იმის გამო, რომ გოგონა არასრულწლოვანი იყო, იურიდიულად აღიარებული სურვილის შესასრულებლად დედ-მამის თანხმობა სჭირდებოდა. გოგონა მამას დაუკავშირდა, რომელიც 2008 წლის შემდეგ არ ენახა, და რომელიც ასევე კიბოთია დაავადებული, მან განუცხადა, რომ ამ იდეის წინააღმდეგი იყო. ამის შემდეგ გოგონამ ადვოკატის საშუალებით საპროცესო ქმედებები დაიწყო.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გოგონა სასამართლო პროცესებს ვერ ესწრებოდა, თუმცა მან სასამართლოს წერილი მიწერა : ,,მიმაჩნია, რომ კრიო-კონსერვაცია გაღვიძებისა და განკურნების შანსს მაძლევს, თუნდაც ასეულობით წლების შემდეგ. დიდხანს სიცოცხლე მინდა. ვფიქრობ, მომავალში კიბოს განკურნებას შეძლებენ და გამაღვიძებენ.”

6 ოქტომბერს მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო : გოგონას დედას შვილის სხეულის ბედის განკარგვის ერთპიროვნული უფლება უნდა მინიჭებოდა.

ოჯახს კრიოკონსერვაციისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა. 37,000 გირვანქა სტერლინგი ბებიამ და ბაბუამ გადაიხადეს.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 დღეში გოგონა გარდაიცვალა.

14 წლის ჯ.ს-ს სხეული კრიოგენურად გაყინეს და ამერიკაში, სპეციალურ დაწესებულებაში შეინახეს, სადაც კიდევ ცხრა კრიოგენურად გაყინული ბრიტანელი იმყოფება.

პროცესი მოიცავს სისხლის ჩანაცვლებას ანტიფრიზული სითხისგან, სხეულის ნელ-ნელა -70 C-მდე გაგრილებას. შემდეგ კი მშრალ ყინულში შეფუთვასა და სპეციალურ დაწესებულებაში შენახვას.

დღეისათვის დაახლოებით 350 ადამიანია გაყინული. პროცესი 1960 წელს გამოიგონეს. მაგრამ გამომგონებელი კომპანიის გაკოტრების შემდეგ 20 სხეული გაალღვეს და დამარხეს. Cryonics Institute და მისი კონკურენტი Alcor-ი კი 1970 წლიდან ეწვევიან აღნიშნულ საქმიანობას.

წყარო: http://www.telegraph.co.uk/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0