close
ენერგეტიკა

ჩინეთმა “ხელოვნური მზის” რეაქტორი ასამოქმედებლად გაამზადა

ჩინეთმა “ხელოვნური მზის” ბირთვული შერწყმის რეაქტორი ასამოქმედებლად გაამზადა.

HL-2M Tokamak რეაქტორი ჩინეთის ყველაზე დიდი და პროგრესული ბირთვული შერწყმის ექსპერიმენტული კვლევის მოწყობილობაა და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს მისი საშუალებით ენერგიის გამომუშავება ბირთვული კატასტროფების რისკისა და სათბურის გაზების გამოყოფის გარეშე, ატომების ურთიერთშერწყმის და არა მათი გახლეჩის გზით მოხდება.

რეაქტორი ცხელი პლაზმის შერწყმისთვის მძლავრ მაგნიტურ ველს იყენებს და შეუძლია,  150 მილიონ გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურას მიაღწიოს, რაც მზის ბირთვთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო ცხელია. წარმოქმნილი უზარმაზარი სითბოსა და ენერგიის გამო რეაქტორს ხშირად უწოდებენ “ხელოვნურ მზეს”.

”ბირთვული შერწყმის ენერგიის განვითარება არა მხოლოდ ჩინეთის სტრატეგიული ენერგეტიკული საჭიროებების მოგვარების გზაა, არამედ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ენერგეტიკისა და ეროვნული ეკონომიკის სამომავლო მდგრადი განვითარებისათვის”, – წერს ჩინური მედია.

ჩინელი მეცნიერები ბირთვული შერწყმის რეაქტორის მცირე ვერსიების შექმნაზე 2006 წლიდან მუშაობენ.

ისინი მოწყობილობის გამოყენებას საერთაშორისო თერმობირთვულ ექსპერიმენტულ რეაქტორზე (ITER) მომუშავე მეცნიერებთან თანამშრომლობით აპირებენ – ეს არის მსოფლიოში უდიდესი ბირთვული სინთეზის კვლევის პროექტი, რომელსაც საფრანგეთში ჩაეყარა საფუძველი და რომლის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

შერწყმა ანუ სინთეზი ენერგიის „წმინდა გრაალად“ ითვლება და სწორედ ის კვებავს ჩვენს მზეს. იგი აერთიანებს ატომურ ბირთვებს და ქმნის მასიური რაოდენობის ენერგიას, რაც ატომურ იარაღსა და ბირთვულ ელექტროსადგურებში გამოყენებული გახლეჩის პროცესის საწინააღმდეგოა.

გახლეჩისგან განსხვავებით, შერწყმა არ ქმნის რადიოაქტიულ ნარჩენებს და ის ბირთვული კატასტროფების რისკს ამცირებს.

მაგრამ შერწყმის მიღწევა ძალიან რთული და ძვირია, ITER– ის მთლიანი ღირებულება 22.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

წყარო : phys.org

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0