close
ეკონომიკა

შვედეთი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ნაღდ ფულს აღარ გამოიყენებს

შვედეთში ინტერნეტ ბანკინგი იმდენად გავრცელებული სერვისია, რომ ახალგაზრდა მოქალაქეების ნაწილს ხელში ნაღდი კუპიურა არც კი ჭერია. როგორც Forbes-ი წერს, შვედეთი ადრეც ფიქრობდა ნაღდი ფულის ხმარებიდან სრულიად ამოღებაზე, მაგრამ ახლა პანდემიამ ქვეყანას ამ გადაწყვეტილებისკენ უფრო მეტად უბიძგა. თუმცა, ბანკირების თქმით, ქვეყნის ეს გადაწყვეტილება მრავალ რისკს მოიცავს.

Bloomberg-ის ცნობით, შვედეთში უკვე წლებია, რაც ნაღდი ფულის ბრუნვა შემცირებულია. ჯერ კიდევ 2018 წელს, ნაღდი ფულის ბრუნვა ქვეყნის მშპ-ის 1.3%-ს წარმოადგენდა. შესადარებლად, 2018 წლის მონაცემებით აშშ-ისთვის ნაღდი ფულის ბრუნვა მშპ-ს 8.2%-ს შეადგენდა, ევროპისთვის კი 10.9%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაღდი ფულის ხმარებიდან ამოღებას ბევრი დადებით მხარე აქვს, ბანკირები შიშობენ, რომ მისი უარყოფითი მხარეების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღება არ ღირს. შვედეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, სტეფან ინგვესი ამ გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებს და ბევრ კითხვას სვამს. მაგალითად, რა მოხდება, თუ ციფრულ ქსელში შეფერხებები წარმოიქმნა? რა მოხდება კიბერ-შეტევის შემთხვევაში? ინტერნეტ ბანკებზე განხორციელებული კიბერ-შეტევები ბანკის ფიზიკურად გაძარცვაზე უფრო საშიშია.

კითხვაზე – თუ რა მოხდება, თუ ციფრული ქსელი დროებით შეჩერდა, პასუხის გაცემა რთულია. ქვეყანაში ნაღდი ფულის რაოდენობა საკმარისი არ არის, რომ შეფერხების შემთხვევაში ქვეყანა ძველ რეჟიმს დაუბრუნდეს. პანდემიამ ამ პრობლემის გადაჭრა კიდევ უფრო რთულ ამოცანად აქცია. შვედი მოსახლეობა ნაღდ ფულს პანდემიამდეც არ იყენებდა, ახლა კი ფულთან შეხებას მოქალაქეები ჯანმრთელობისთვის საფრთხედ აღიქვამენ.

შვედური ბანკის, Klarna-ს მიხედვით, პანდემიამდე ტრანზაქციების 63% უკონტაქტოდ სრულდებოდა, დღესდღეობით, კი ეს რიცხვი 73%-ს გაუტოლდა.

გარდა ამისა, ბავშვებისთვის მშობლების მიერ მიცემული ჯიბის ფულიც ნელ-ნელა ონლაინ ინაცვლებს. ივნისის მონაცემებით, შვედეთში ბავშვების მხოლოდ 16%-ს აქვს ჯიბის ფული ნაღდი კუპიურის სახით. შვედეთის უდიდესი ბანკი, Svenska Handelsbanken-ი ბავშვებს ონლაინ-ყულაბასაც კი სთავაზობს, რომლის მართვასაც ისინი საკუთარი ტელეფონებიდან შეძლებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0