close
პოლიტიკა

საპროტესტო აქციებს კოლუმბიაში 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკვე  ერთ კვირაზე მეტია, რაც კოლუმბია საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოსახლეობა კოლუმბიაში აპროტესტებს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას და პრეზიდენტ ივან დუკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
პროტესტი 28 აპრილს დაიწყო, იგი საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც, მთავრობის თქმით, ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში უნდა დახმარებოდა. რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა პროტესტი არ შეჩერებულა.
დემონსტრანტების აზრით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო აღარიბებს მოსახლეობას. ისინი მოითხოვენ რეალურ ქმედებებსა და რეფორმებს, რაც მათ შეუმსუბუქებს მდგომარეობას.
5 მაისს კოლუმბიის ქუჩები ბრძოლის ველად გადაიქცა, დემონსტრანტებმა გაარღვიეს ბარიერები და პოლიციის შენობებს თავს დაესხნენ. პოლიციამ მათი დაშლა სხვადასხვა გზით სცადა. ამ შეტაკებას ემსხვერპლა 24 ადამიანი, მათი უმეტესობა მომიტინგე იყო, თუმცა მათ შორის სამართალდამცავებიც იყვნენ. ასობით ადამიანი დაშავდა და 80-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულმა კიდევ უფრო გაამძაფრა პროტესტის გრძნობა.
მომიტინგეების თქმით, ერთადერთი რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ პროტესტია. მთავრობა კი ძალადობაში ადანაშაულებს დისიდენტურ ჯგუფებს, პრეზიდენტმა დუკიმ კი განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის მოსმენის სივრცე შექმნას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0