close
მედიცინა

სავარაუდოდ, ტვინის იმპლანტს ადამიანების კომიდან გამოყვანა შეეძლება

გასულ წელს, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, 1991 წელს, ავარიის შედეგად კომაში ჩავარდნილმა ქალმა გაიღვიძა. ეს მოხდა 27 წლიანი კომის შემდეგ და მის ექიმებს მომხდარის დაჯერება უჭირდათ. ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ჩვეულებრივ, რაც უფრო დიდი ხანია პაციენტი კომაში, მით უფრო მცირდება იმედი მისი „გაღვიძების“ შესახებ.

კომაში მყოფი პაციენტების დახმარების ახალი გზების აღმოსაჩენად, მეცნიერებმა აქამდე რამდენიმე კვლევა ჩაატარეს. მათ შორისაა რამდენიმე დღის წინ, ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნებული ნაშრომი, სადაც ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევარები საუბრობენ ტვინის კონკრეტულ უბანზე – თალამუსზე მდებარე რამდენიმემილიმეტრიან ზონაზე, რომელსაც ცენტრალურ ლატერალურ თალამუსს უწოდებენ და რომელიც სიფხიზლეზე/ცნობიერ მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. აღნიშნული ზონის ელექტროდებით სტიმულირებით, კვლევის ფარგლებში, გონებადაკარგული მაიმუნების გამოფხიზლება შეძლეს. მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი კი, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს კომაში მყოფი პაციენტების გამოფხიზლების კუთხითაც.

ტექნიკა, რომელიც მეცნიერებმა მაიმუნებზე გამოიყენეს ტვინის ღრმა სტიმულაციის სახელითაა ცნობილი. მკვლევარებმა, ტვინზე ელექტროდების ზემოქმედებისთვის შესაბამისი – ცნობიერ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი უბანი – ცენტრალური ლატერალური თალამუსი შეარჩიეს. „სტიმულების დაწყებიდან ორ წამში, ცხოველებმა თვალების გახელა, სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოძრაობა დაიწყეს“, – ამბობს იური საალმენი, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასისტენტ-პროფესორი, რომელიც კვლევის თანაავტორია. თუმცა, როგორც კი მეცნიერებმა სტიმულები შეწყვიტეს, მაიმუნებმა ისევ დაკარგეს გონება…

სხვა კვლევებიც რომ განვიხილოთ, 2007 წელს, კორნელის სამედიცინო კოლეჯის ნევროლოგების კვლევის მიხედვით, ტვინის ღრმა სტიმულაციამ თალამუსის არეში პაციენტი „მინიმალური სიფხიზლის“ სტადიიდან გამოიყვანა და მას მინიმალური მოძრაობისა და საუბრის უნარი აღუდგინა. ამის შემდეგ, თალამუსის არაინვაზიური სტიმულაცია სხვადასხვა პაციენტზე გამოსცადეს, თუმცა, ამას მათი კომიდან გამოსვლა არ გამოუწვევია. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ კონკრეტულად ცენტრალური ლატერალური თალამუსის რამდენიმემილიმეტრიანი წერტილის სტიმულირება უფრო შედეგის მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე 2007 წელს გამოყენებული მთლიანი თალამუსის სტიმულაცია. თუმცა, ეს ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ გამოყენებული მეთოდის ერთადერთი უპირატესობა არ არის.

ტვინის ღრმა სტიმულაციის მიმართულებით, აქამდე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ტვინს გარედან 100 ჰერციან იმპულსს აწვდიდნენ (100 ელექტრული პულსი წამში). საალმენის ჯგუფმა ამისთვის მხოლოდ 50 ჰერცი გამოიყენა, რადგან წინარე კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალური ლატერალური თალამუსის ნეირონები მხოლოდ 50 ჰერციან ელექტრულ პულსებს აგენერირებდნენ.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ვეცადეთ გაგვემეორებინა ტვინის ამ მონაკვეთში არსებული ნეირონების მოქმედება, რომელსაც ისინი „ფხიზელ“ მდგომარეობაში ავლენენ“, – ამბობს საალმენი.

თუმცა, მანამ, სანამ კვლევა მაიმუნებიდან კომაში მყოფ ადამიანებზე გადმოინაცვლებს, მეცნიერებს მოუწევთ კომიდან გამოღვიძებულ მაიმუნებზე დაკვირვება. მათ შორის, იგეგმება იმის შესწავლა, რამდენად შეძლებენ „გამოფხიზლებული“ მაიმუნები ითამაშონ ვიდეოთამაშები, ან რამდენად შეძლებენ ისინი გამოფხიზლდნენ ხელახალი დაძინების შემდეგ.

ამ ეტაპზე, კლინიკური კვლევების ფარგლებში, კომაში მყოფ ადამიანებზე იყენებენ არაინვაზიური ტიპის სტიმულირების ტექნიკებს. მათ შორის, ულტრაბგერით მეთოდსა და ტრანსკრანიალურ სტიმულაციას. თუმცა, ეს მეთოდებიც კვლევის ეტაპზეა.

კომაში მყოფი პაციენტების გამოფხიზლებისა და მათი სიფხიზლის შენარჩუნებისთვის, შესაძლოა საჭირო იყოს ინვაზიური მეთოდი – კონკრეტული ტვინის იმპლანტი, რომელიც იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორც კარდიოსტიმულატორი – რეგულარულად მიაწვდის ცენტრალურ ლატერალურ თალამუსს მუშაობისთვის, ანუ სიფხიზლისთვის აუცილებელ ელექტროიმპულსებს (50 ელექტრული პულსი წამში).

წყარო : marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response