close
მედიცინა

რა ვიცით ჩინეთში გავრცელებულ ახალ, საშიშ ვირუზე?

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შეთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

რაც ყველაზე საგანგაშოა, დაავადების შემთხვევები არა მხოლოდ ქალაქ უხანში, არამედ მის გარეთაც დადასტურდა.  ვირუსით პეკინში ორი, ქალაქ შენჯენში კი – ერთი ადამიანი დაავადდა.

ოფიციალური ინფორმაციით, უცნობი ვირუსით ქალაქ უხანში დღემდე 200-მდე ადამიანი დაავადდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი – სამია.

განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ დიდი ბრიტანელი ექსპერტები. მათი შეფასებით, დაავადებულთა რიცხვი გაცილებით დიდია და ვირუსით დღემდე 1, 700-მდე ადამიანია დაავადებული.

რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ?

ვირუსს, რომელსაც 2019-nCoV-ი უწოდეს, კორონავირუსის ისეთ შტამად მიჩნევენ, რომელიც აქამდე ადამიანებში აღმოჩენილი არ იყო.

კორონაირუსები ვირუსების ერთ-ერთი ფართო ოჯახია, მაგრამ დღემდე ადაიანებში მხოლოდ ექვსი (და მეშვიდე ახალი) მათგანით დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ახალი ვირუსის წყარო, ცხოველები არიან, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

ინფექციის სიმპტომები მოიცავს ციებ-ცხელებას, ხველას, სუნთქვის უკმარისობასა და გართულებებს.

ადამიანებს მოუწოდებენ, ცხოველებთან პირდაპირ კონტაქტს ერიდნონ, კარგად მოხარშონ ხორცი და კვერცხი და მოერიდნონ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებსაც გრიპისა და გაციების სიმპტომები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა უცნობი ვირუსით დაავადებულთა გამოსავლენად სამ აეროპორტში ჩინეთიდან შესული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შესული მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში კითხვარს ავსებინებენ და გრიპზე ამოწმებენ. ისინი, ვისაც საეჭვო სიმპტომები ახასიათებთ, გამოსაკვლევად სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

წყარო : BBC ; Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0