close
კვლევები

რამდენად აუცილებელი და საჭიროა დახურულ სივრცეში შესვლისას ბახილები?

ახალი კორონავირუსის პანდემიამ, პირბადესა და ხელთათმანთან ერთად, ბახილები უფრო აქტუალური გახადა. თუმცა ამ უკანასკნელისადმი მიდგომა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბახილები ქუჩაში არსებული ჭუჭყისა და ინფექციისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა მეორე კატეგორია ამ გამოგონებას ადამიანებისა და გარემოსთვის სახიფათოდ მიიჩნევს. არის თუ არა ნამდვილად საჭირო ბახილები?

არის თუ არა ბახილებისგან რამე სარგებელი?

ინფექციური თვალსაზრისით, პაციენტის ან სამედიცინო ორგანიზაციის ვიზიტორის ფეხსაცმელზე ამოცმული ბახილების სარგებელი საკმაოდ საეჭვოა. ეს ბევრ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალსაც ეხება. მთელ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექცია რომ არ გავრცელდეს, რეკომენდებულია ხელების ხშირი დაბანა. სწორედ მათ გადააქვთ ბაქტერიები და ვირუსები ზედაპირიდან ზედაპირსა და ლორწოვან გარსზე, რომელთა საშუალებითაც პათოგენები სხეულში ადვილად აღწევენ.

როდესაც ბახილები რეკომენდებულია ინფექციისგან დაცვის მიზნით (ეს ყოველთვის არ ხდება), როგორც წესი, ის ინდივიდუალურად დამცავი უფრო სერიოზული  აღჭურვილობის შემადგენელი ნაწილია.  ამავე დროს, საჭიროა ბახილების სწორად ჩაცმა და გახდა, რომ არ დაინფიცირდეთ.

მაგრამ ბახილებში ხომ ცუდი არაფერია?

აი, ეს დამტკიცებული ნამდვილად არ არის. მაგალითად, ეკოლოგიური თვალსაზრისით: ხელახლა გადასამუშავებლად მათი ჩაბარება რთულია, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ ბახილებს რეზინი მოაშოროთ. გარემოს დამცველთა შეფასებით, უმრავლეს შემთხვევაში კლინიკები ასე არც იქცევიან.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ ჩატარებულა კვლევები, თუ რამდენად მოსახერხებელია ბახილები გადაადგილების პრობლემების მქონე პირებისა და ორსულობის ბოლო თვეებში მყოფი ქალებისთვის. თუმცა აშკარაა, რომ მათთვის ეს კომფორტული ნამდვილად არ იქნება და ტრავმირების გარკვეული საფრთხეც არსებობს.

სანიტარული წესებით არ არის დადგენილი სამედიცინო დაწესებულების მისაღებსა თუ სხვა განყოფილებაში, ჰაერში მიკროორგანიზმების შემადგენლობის ზღვრული ოდენობა. ასე რომ, ჰიგიენური ნორმების დაცვის მოტივით ბახილების ტარების მოთხოვნასაც ბევრი სპეციალისტი სკეპტიკურად უყურებს.

თქვენ გინდათ, რომ ქუჩის მთელი ჭუჭყი კლინიკაში მოხვდეს?

ქუჩაში არსებული სიბინძურე რეალური პრობლემაა. თუმცა არსებობს სხვადასხვა რეკომენდაცია, რაც ტროტუარზე მტვრის რაოდენობის შემცირების საშუალებას იძლევა.
სპეციალისტების განმარტებით, ქუჩის მთელი მტვერი სამედიცინო დაწესებულებაში რომ არ მოხვდეს, ამისთვის კლინიკას სხვა ჰიგიენური ზომების მიღებაც შეუძლია. სწორედ ამიტომ ბახილებზე ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ თქვა უარი.

და რა არის ბახილების ალტერნატივა?

არსებობს სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ფეხსაცმელს ლანჩზე არსებული ჭუჭყისგან მექანიკურად ასუფთავებს. ამავე დანიშნულებით გამოიყენება შემწოვი ხალიჩები, რომ აღარაფერი ვთქვათ დამლაგებლებზე, რომლებიც კლინიკის იატაკს სველი წესით ხშირად წმენდენ. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სინამდვილეში ბახილები ხშირად იხევა, ფეხსაცმელს ბოლომდე ვერ ფარავს და შესაბამისად, ვერც ქუჩიდან შემოტანილი მტვრისგან იცავს სამედიცინო დაწესებულებას. ასე რომ, განსაკუთრებით ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ექიმები პირბადის ტარების აუცილებლობასა და ხელების ხშირ და სწორ დაბანაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0