close
ემიგრანტი

ლალუ ძაგანია – პირველი ქართველი ვიზაჟისტი, რომელიც აშშ-ში Sephora-ს გუნდს შეუერთდა

ლალუ ძაგანია კიდევ ერთი წარმატებული ქართველია აშშ-ში, რომელიც იმ ქართველ პროფესიონალთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც უცხო მიწაზე საკუთარი შრომით, თავდადებითა და რწმენით დიდ წარმატებას მიაღწიეს. ვიზაჟისტის კარიერა მისთვის შემთხვევით დაიწყო, თუმცა ძალიან მალე იქცა მოწოდებად, რომელმაც არამარტო საქართველოში, არამედ ამერიკაშიც გაუკვალა გზა წარმატებისკენ. ემიგრაციის სირთულეების მიუხედავად, ლალუმ მიზანს არ უღალატა და დღეს ის პირველი ქართველი ვიზაჟისტია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ კოსმეტიკურ ბრენდ Sephora-ს საერთაშორისო გუნდში მუშაობს. 

ლალუ, უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევი, როგორ დაიწყეთ ვიზაჟისტის კარიერა? როდის მიხვდით, რომ ეს იყო თქვენი მოწოდება?

-ცოტა უცნაური ისტორიაა, ყოველთვის ვიცოდი, რომ მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი, მყავდა მოსწავლეები და ძალიან მსიამოვნებდა, რასაც ვაკეთებდი, ბავშვებთან ურთიერთობაც კარგად გამომდიოდა, თუმცა შვილის შეძენის შემდგომ მცირედი პაუზა ავიღე, მას ვუთმობდი მთელ დროსა  და ენერგიას, თავისუფალი დრო როგორც კი გამომიჩნდებოდა,  ვიზაჟისტების ვიდეოებს ვეცნობოდი და ვცდილობდი, მესწავლა მათგან, დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე რომ ჩემ მიერ გაკეთებული მაკიაჟი გარემოცვაში ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებდა და სწორედ ამიტომ, პროფესიონალური ცოდნის შესაძენად, გადავწყვიტე პატარა კურსის  გავლაც. კურსის განმავლობაში კი უკვე მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომლის კეთებაც არასდროს მომბეზრდებოდა და ამ მიმართულებით 2023 წლამდე საქართველოში ძალიან წარმატებითაც ვმოღვაწეობდი.

ცოტა ხნის წინ, პირველი ქართველი ვიზაჟისტი გახდი, რომელიც Sephora-ს საერთაშორისო გუნდს შემოუერთდა, მოგვიყევი, შენს პროფესიულ გზაზე, რომელმაც ამ წარმატებამდე მიგიყვანა.

-2023 წლის ზაფხულში, ოჯახთან ერთად დავტოვე საქართველო და აშშ-ში გადმოვედი საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციის სირთულეებიდან გამომდინარე, ბევრს ეპარებოდა ეჭვი, თავიდანვე ვიცოდი, რომ აქაც ჩემი პროფესიით მინდოდა მუშაობის გაგრძელება. როცა ამერიკაში ჩამოვედი, კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი აქაური სისტემის სირთულე, მაგრამ იმედი არასდროს დამიკარგავს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობდი ინფორმაციების მოძიებას, მაკიაჟის გარდა წამწამების დაგრძელებასაც ვაკეთებ და ამან ხელი შემიწყო ადგილობრივ მოსახლეობასთან მქონოდა კომუნიკაცია და კიდევ უფრო ბევრი რამ გამეგო მათი ცხოვრების სტილის შესახებ.

ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მუშაობა  დავიწყე წამწამების ერთ-ერთ ცნობილ  სტუდიაში, სადაც ხელი შემიწყვეს აშშ-ის ლიცენზიის მოპოვებაში.

რაც შეეხება სეფორას, რამდენჯერაც აქ შევიდოდი, ვფიქრობდი თუ როგორ მინდოდა აქ მუშაობა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ეს ძალიან რთული იყო, ვაკანსიებიც თითქმის არ ქვეყნდებოდა ჩემთვის სასურველ პოზიციაზე. ერთ დღესაც,  ჩემი მეუღლის დაჟინებული თხოვნით დავბეჭდე ჩემი პროფესიონალური რეზიუმე და პირდაპირ მივიტანე სეფორაში. ჩემი მეუღლე რომ არა, ეს ნაბიჯი შეიძლება არც არასდროს გადამედგა, მოვითხოვე მენეჯერთან გასაუბრება და უბრალოდ ვთხოვე, რომ დაეტოვებინათ რეზიუმე. იმედი არ მქონდა, მაგრამ დაახლოებით 1 თვეში გასაუბრებაზე დამიბარეს, შემდეგ ტექნიკური ინტერვიუ გადავლახე, რათა პრაქტიკულად ენახათ ჩემი მუშაობის ხარისხი,  ამის შემდეგ პატარა ტრენინგის გავლა გიწევს, რათა მუშაობის ტაქტიკა გაიგო, გაეცნო პროდუქტებს და ა.შ. ამ ეტაპზე ვარ სეფორას ვიზაჟისტი, რომლის მოვალეობაში მომხმარებლებისთვის მაკიაჟის გაკეთება და მათთვის პროდუქტების გაცნობა შედის.

შენი დღევანდელი გადმოსახედიდან, რა არის მთავარი განსხვავება ამ პროფესიულ სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის?

-შემიძლია  თამამად ვთქვა, რომ მაკიაჟის კულტურა, ვგულისხმობ მოთხოვნას ბაზარზე, საქართველოში უფრო დიდია ვიდრე აშშ-ში. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სწორედ აშშ-ში იქმნება ფაქტობრივად ყველა ახალი ტრენდი, საუკეთესო პროდუქტები და მოდის ტენდენციები, ადგილობრივებს არ უყვართ მაკიაჟი, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ შოუბიზნესს,  სადაც ეს  სტანდარტად ითვლება. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ვისთანაც ჩვენ გვიწევს მუშაობა მხოლოდ ქორწილის დროს ან გამოსაშვებ საღამოებზე იკეთებს მაკიაჟს. ამიტომ, სიმართლე რომ გითხრათ, მოთხოვნა პროფესიონალურ მაკიაჟზე საქართველოში გაცილებით უფრო მეტია. მაგრამ აქ შენს შრომას ძალიან დიდ პატივს სცემენ და აფასებენ,  გამორიცხულია ე.წ. ჩაის გარეშე დაგტოვონ და ამით კიდევ უფრო მეტი მადლიერება არ გამოხატონ შენი საქმიანობის მიმართ.

მიუხედავად დიდი წარმატებისა, სამშობლოსგან შორს ყოფნა დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, მოგვიყევი, რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაცია? რა იყო ამ მთავარი მოტივატორი?

-2022 წლის მაისში, ჩემმა მეუღლემ მწვანე ბარათი მოიგო და სწორედ ეს გახდა ჩვენი გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი. ნამდვილად, სამშობლოდან შორს ყოფნა ურთულესია, შეგრძნება გაქვს, რომ შენს  მოგწყვიტეს ყველაფერს რაც შენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი იყო.. ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები ყველა შორს გყავს და  არაფერი აღარ არის შენთვის ჩვეულებრივი, ყველაფერი უჩვეულოა.

როგორ გამოიყურება თქვენი ყოველდღიური ცხოვრება აშშ-ში მეუღლესა და შვილთან ერთად?

-ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ალბათ, როგორც ყველა ემიგრანტისთვის, გამოწვევებით არის სავსე, რომელსაც წარმატებით ვუმკლავდებით, სამსახური, სკოლა და ცოტა განტვირთვა, ძალიან გვიყვარს ახალი ლამაზი ადგილების დათვალიერება და სიამოვნებით მივდივართ ხოლმე ზოგჯერ 3-4 სთ-ის სავალ გზაზე, რათა კონკრეტული ადგილები დავათვალიეროთ. ჩემი მეუღლე საუკეთესო ადამიანი და პიროვნებაა, რომელიც ჩემი მთავარი მოტივატორი და მხარდამჭერია. ჩემი გოგონა კი, უკვე მეორე კლასს ასრულებს საკმაოდ წარმატებით და მიუხედავად სამშობლოს მონატრებისა, ძალიან კარგად შეეგუა აქაურ გარემოსა თუ სიტუაციას.

რა იყო ემიგრაციაში ყველაზე რთული და ყველაზე სასიამოვნო ნაწილი თქვენთვის როგორც დედისთვის, მეუღლისთვის და პროფესიონალისთვის?

-უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი რომ ადგილობრივი სისტემა ძალიან კომპლექსური და რთულია,  მაგრამ მსგავსი სირთულეები საჭიროა, რათა გაძლიერდე, როგორც ადამიანი, ასევე პროფესიონალი.  სასიამოვნო ალბათ  შედეგი, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად იღებ. თავდაპირველად, განვიცდიდი ჩემი შვილის ადაპტაციის მომენტს,  ძალიან მინდოდა კარგ სკოლაში ესწავლა და ესეც შევძელით,  თავიდანვე მარტივად შეეწყო და აუღო ალღო ყველაფერს. ყველაზე მეტად ემიგრაციის სირთულემ ჩემს მეუღლეზე გადაიარა, და ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა ეს მარტივი საყურებელი, მაგრამ ადამიანი, რომელიც არასდროს ნებდება აუცილებლად დადებს შედეგს და ამის მაგალითი ჩემთვის სწორედ ის არის. პროფესიული თვალსაზრისით კი, ჩემთვის ყველაზე რთული იმის გააზრება იყო რომ ლალუს, რომელსაც საქართველოში ასე თუ ისე იცნობდნენ და ყოველთვის ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავდა, აქ თავიდან უნდა დაეწყო იმის შენება, რასაც საქართველოში 6 წელი მოანდომა.

შეცვალა თუ არა თქვენი ხედვა ემიგრაციამ — როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად? და, როგორ?

-ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვეული კომფორტის ზონიდან გამოსვლამ ძალიან შემცვალა. უფრო მეტად დავიწყე იმ შედეგის დაფასება, რასაც ბრძოლით იღებ, აქამდე ამდენი ბრძოლა არასდროს არაფერზე დამჭირვებია და სრულიად უცხო მიწაზე, შენთვის სრულიად უცხო კულტურაში საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცება დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. დღეს მადლიერი ვარ რომ ამ ქვეყანამ მომცა შანსი იმისა, რომ კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები ჩემთვის საყვარელ სფეროში.

რას ურჩევდით ახალგაზრდა ქართველ ვიზაჟისტებს, რომლებიც ოცნებობენ საერთაშორისო წარმატებაზე?

-არასდროს დაკარგონ რწმენა და იმედი, შრომა ყოველთვის ფასდება, დღეს თუ რაღაც ისე არ გამოდის, როგორ გვინდა, ხელახლა, ახალი ძალებით უნდა შევუდგეთ მიზნისკენ სწრაფვას. ირწმუნეთ, რომ ეს შეგიძლიათ და ამას იმსახურებთ. დააფასეთ საკუთარი შრომა და იყავით თავდაჯერებულები.

გაქვთ თუ არა გეგმები საქართველოსთან პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნებაზე ან დაბრუნებაზე?

-რა თქმა უნდა, საქართველო ჩემს გულში და სულშია, ყოველთვის ხაზს ვუსვამ საიდან ვარ, ვცდილობ ადგილობრივებს გავაცნო ჩვენი კულტურა და ტრადიციები, მომხმარებლები ხშირად ხუმრობით აღნიშნავენ რომ საქართველოს ელჩი ვარ. ჩემი და ჩემი მეუღლის ყველა სამომავლო  მიზანი ისევ და ისევ საქართველოს უკავშირდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0