close
კვლევები

ლაბორატორიული კვლევა – Pfizer-ის ვაქცინით სამჯერ აცრილი ადამიანები „ომიკრონ“ ვარიანტისგან დაცულები არიან

კომპანიები, BioNTech-ი და Pfizer-ი აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონ“ ვარიანტს ანეიტრალებს.
კერძოდ, კომპანიებმა ლაბორატორიაში ტესტი ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ იმ ადამიანების სისხლმა, რომლებსაც „ბუსტერ“ დოზა 1 თვის წინ ჩაუტარდათ, „ომიკრონ“ ვარიანტი ისეთივე ეფექტურად გაანეიტრალა, როგორც სისხლმა, რომელმაც ვაქცინის ორი დოზის შემდეგ კორონავირუსის თავდაპირველად აღმოჩენილი ვარიანტი.

BioNTech-სა და Pfizer-ის განმარტებით, ვაქცინის მესამე დოზამ გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა 25-ჯერ გაზარდა.

ამასთან, კომპანიებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ მუშაობას „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედ ვაქცინაზე და თუკი საჭირო გახდება მის მიწოდებას 2022 წლის მარტში შეძლებენ.

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინები ახალი „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ეფექტური იქნება.
„ჩვენ გვაქვს უაღრესად ეფექტური ვაქცინები, რომლებიც ეფექტური აღმოჩნდა ყველა ვარიანტის წინააღმდეგ, მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით და არ არსებობს იმის მოლოდინის საფუძველი, რომ ეს ასე არ იქნება “ომიკრონის“ შემთხვევაში,“- განაცხადა მაიკ რაიანმა.

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების პირველი შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი ვარიანტი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 57 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

წყარო : BBC, Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0