close
კატეგორიის გარეშე

კახა კალაძე – აუტიზმის პროგრამის მომლოდინეთა რიგში მყოფ ბავშვებს თბილისის მერია დააფინანსებს

აუტიზმის პროგრამის მომლოდინეთა რიგში მყოფ 230 ბავშვს თბილისის მერია დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვზე იყო გათვალისწინებული, წელს ეს დაფინანსება 1230 ბავშვზე გამოიყოფა.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. მოლოდინის რეჟიმში იყო, დაახლოებით, 230 ბავშვი, ვინც ელოდებოდა თავის რიგს, ეს, რა თქმა უნდა, მათთვის, მათი ოჯახებისთვის სერიოზული პრობლემა იყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბავშვებიც დავაფინანსოთ. 1000 ბავშვზე იყო გასულ წელს დაფინანსება და 1230-მდე გაიზრდება.

ჩვენ შარშან ასევე, გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე, ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს.

პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, 1 ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. ეს არის ის თანხა, რაც სჭირდება რეაბილიტაციას. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი ჩაუტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნერვოლოგის, ქცევითი თარპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0